19:04 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 12:52:53, 350 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ  პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.

ცვლილებები მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „პროკურატურის შესახებ“ კანონის გარდა, ცვლილებები შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში.

იუსტიციის სამინისტროში მომზადებული ცვლილებათა პაკეტი ახლებურად განსაზღვრავს პროკურატურის ადგილს სახელისუფლებო სისტემაში. „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაშია და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. პროკურატურის ამ როლის გადახედვა საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ამდენად, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ვარიანტი, რომელიც არ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროკურატურის რეფორმირებას წელსვე ითვალისწინებს ეფექტიანად და სწრაფად. ამ მოდელის თანახმად, პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი  საპროკურორო საბჭოს მეშვეობით განახორციელებს, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი გადანაწილდება საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე.

საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში შევლენ: იუსტიციის მინისტრი − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე; პარლამენტის 2 წევრი, რომლებსაც პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს;  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან პარლამენტის მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული 2 წევრი, რომლებიც იმავდროულად არ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას; და პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული 4 წევრი. საბჭოს ექნება უფლება, დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, წარადგინოს მთავრობისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში  საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.

მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს  იუსტიციის მინისტრი; საბჭო ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარედგინება მთავრობას, შემდეგ კი − პარლამენტს. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია.

მთავარი პროკურორის ვადამდე გათავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის ან სერიოზული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. თუ იარსებებს საკმარისი საფუძველი დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, დაინიშნება საგანგებო პროკურორი, რომელიც ორი თვის ვადაში მოამზადებს და საბჭოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. თუკი დასკვნა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს არ დაადასტურებს,  საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. თუკი საბჭო წევრთა 2/3-ის უმრავლესობით დაადასტურებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, ის მიმართავს საქართველოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე თანხმობის მიღების წინადადებით. თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს საპროკურორო საბჭოს წინადადებაზე, ის მიმართავს პარლამენტს, რომელიც წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

თუკი მთავრობა ან პარლამენტი უარს განაცხადებს პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics