2015-05-07 18:12:25, 328 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: მნიშვენლოვანი საგადასახადო რეფორმა იგეგმება
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე დაგეგმილ პროქტებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს, მათ შორის მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
„დაგეგმილი გვაქვს ავამოქმედოთ მსოფლიო ბანკის ახალი ინსტრუმენტი, ეს არის სრულიად ახალი, გლობალური ინფრასტრუქტურის შესაძლებლობანი. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ ამაზე საუბარი და დღეს არის მზაობა უკვე მსოფლიო ბანკისაგან, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი საპილოტე ქვეყანა ამ მიმართულებით და რამდენიმე საინტერესო პროექტზე არის ძალიან აქტიური საუბარი. დაგეგმილია მსხვილ საინვესტიციო პროექტებში უცხოური კაპიტალის მოზიდვა. ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილი ე.წ. კერძო სახელმწიფო თანამშრომლობის პროექტი წამოვიწყოთ. ჩვენ ასევე ვგეგმავთ დავიწყოთ ახალი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. აღნიშნული პროგრამა გაზრდის ნდობას საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მხრიდან. ჩვენ გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება სავალუტო ფონდთან და ამ თვის ბოლოს ველოდებით, რომ იქნება ორი ასეთი შეხვედრა. ერთი ჩვენი ჯგუფის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების და მეორე იქნება შეხვედრა თავად სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა ამ მიმართულებით. ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვენლოვანია, რომ ღონისძიება, რომელიც მომავალ კვირაში დაიწყება საქართველოში და განხორციელდება, ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, ეს გამოვიყენოთ სერიოზულად, მათ შორის ორმხრივი ბიზნესპროექტების განხორციელებისათვის და მე საკმაოდ დიდ იმედებს ვამყარებს მასზე“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება საგადასახადო რეფორმების გატარება.
„ვაპირებთ ინვესტორებს ფართოდ შევთავაზოთ მიგას გარანტიები, ვგეგმავთ მნიშვნელოვან საგადასახადო რეფორმას. ალბათ რამდენიმე თვეში ჩვენ წარმოავადგენთ სერიოზულ რეფორმას, რომლის მიზანიც იქნება შეამსუბუქოს კომპანიების საგადასახადო ტვირთი, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ინვესტიციების განხორციელებაზე. საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც მარტის ბოლოს გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და ეს მნიშვნელოვანი წყარო იქნება კაპიტალის შემოდინების და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურის დონეს ქვეყანაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან