|
2017-11-29 15:32:57, 1536 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველოს და მოლდოვას აერთიანებს საერთო მიზანი - ევროკავშირში სრული ინტეგრაცია
„საქართველოს და მოლდოვას აერთიანებს საერთო მიზანი - ეს არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ კოლეგასთან, პაველ ფილიპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში, საქართველოსა და მოლდოვას შორის მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ეს პარტნიორობა მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს ეფუძნება. „წელს აღინიშნა საქართველო-მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და მოხარული ვარ, რომ საიუბილეო წელი გამორჩეული იყო ორმხრივი ურთიერთობების განსაკუთრებული აქტიურობით, რაც მაღალი დონის ვიზიტების თუ საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში გამართული შეხვედრების ინტენსივობაშიც გამოიხატა. მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ აღნიშნული პოზიტიური დინამიკა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები. მსურს, ხაზი გავუსვა საქართველო-მოლდოვას შორის ნაყოფიერ დარგობრივ თანამშრომლობას. ჩვენი ქვეყნების შესაბამისი უწყებები წარმატებით თანამშრომლობენ იუსტიციის, სამართალდამცავ, საბაჟო, განათლების, ტურიზმის სფეროებში. დღევანდელ შეხვედრაზე დავადასტურეთ მზადყოფნა, განვაგრძოთ გამოცდილების გაზიარება საერთო ინტერესების მქონე სფეროებში. ამავე დროს, მიზნად ვისახავთ ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების მნიშვნელოვან გაღრმავებას და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ კუთხით, ჩვენ მივესალმეთ ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის შედეგებს, რომელსაც წელს, აპრილში, საქართველო-მოლდოვის ბიზნესფორუმთან ერთად, ვუმასპინძლეთ თბილისში. დარწმუნებული ვართ, რომ კომისიის მუშაობა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შემდეგი შეხვედრა და შესაძლოა, ეს დაემთხვეს კიდევაც სუამ-ის შემდეგ სამიტს, რომელიც კიშინიოვში, სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიმართება. „დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ მომავალზე და, ამავდროულად, პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დეკლარაცია. სამიტზე ჩვენ დავსახეთ 2020 წლისათვის მისაღწევი კონკრეტული მიზნები, რომლებიც, ევროკავშირთან დაახლოების შედეგად, ჩვენი ქვეყნებისთვის შექმნის განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს და ჩვენს მოქალაქეებს მისცემს კონკრეტულ სარგებელს. ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფორმების პროცესში გამოცდილების გაზიარების კუთხით. ჩვენ, ორმხრივი შეხვედრის დროს, გვქონდა საშუალება, გაგვეცვალა ინფორმაცია ჩვენს ქვეყნებში ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმების თაობაზე. მინდა, ნამდვილად ძალიან დიდი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინე - მოლდოვის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ფილიპის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. მინდა, მივულოცო მას ეს წარმატება, რომელიც უდავოა და სახეზეა. მოლდოვაში მიმდინარეობს ძირეული, ფუნდამენტური რეფორმები ევროინტეგრაციის მიმართულებით და მთლიანობაში, სამთავრობო და ინსტიტუციური რეფორმები, რაც ნამდვილად საჭიროებს აღნიშვნას, ვინაიდან ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთის წარმატება ძალიან გვახარებს, რადგან ერთ სტრატეგიას მივუყვებით და ეს არის ევროინტეგრაციის სტრატეგია. ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება საერთო მიზნის მიღწევაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოც და მოლდოვაც მრავალი გამოწვევის წინაშე იდგნენ და დგანან გასული 25 წლის განმავლობაში. ეს გამოწვევებიც ისევე მსგავსი გვაქვს, როგორც ჩვენი მისწრაფებები. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა მუდმივად აერთიანებდა ჩვენს ორ მოძმე ქვეყანას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მჭიდრო თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, ჩვენს კიდევ ერთ საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)