|
2017-07-27 15:14:25, 2510 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ცინცაძის შეფასებით, სანამ საქართველოში მართლმსაჯულება ავტორიტეტული არ იქნება, სააკაშვილის გასამართლებას არ ანდობენ
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას არ ელოდება. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აღარ დაბრუნდება, ამერიკიდან ექსტრადირების ფაქტები კი თითზე ჩამოსათვლელია და ისიც ე.წ. კანონიერი ქურდების და არა პოლიტიკური მოღვაწეების. „ჯერ ერთი სააკაშვილი სულელი არ არის, ისევ უკრაინაში დაბრუნდეს. ამერიკიდან ექსტრადაციის ფაქტები კი თითებზე თუ ჩამოითვლება. პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, მე რაც მახსოვს, ეს იყო ცნობილი ქურდი „იაპონჩიკა“ რომ გადასცა ვაშინგტონმა რუსეთს. მხოლოდ მაფიოზებს და ასეთებს... ამერიკა უარს ეუბნება თურქეთს, ნატო-ს წევრს, მის სტრატეგიულ მოკავშირეს, ნატო-ს სამხრეთი ფლანგის ყველაზე სერიოზულ გუშაგს, უარს ეუბნება ფეთჰულა გიულენის გადაცემაზე, რომელსაც გაცილებით მეტი ბრალი ედება თურქეთში, ვიდრე სააკაშვილს საქართველოში. დღეს სააკაშვილს ოფიციალურად საქართველოში რა ბრალი ედება? 8, თუ 9 მილიონის არამიზნობრივი ხარჯვა და რამდენიმე კოსტიუმი?! თუ ის, რომ იუშენკოს აქ პატივი სცა და რესტორანში წაიყვანა?! მე არ ვამბობ ქონების წართმევებს, მკვლელობებს, დარბევებს, იურიდიულად ჯერჯერობით სხვა არ გამოკვეთილა, არ დამტკიცებულა და რამდენადაც ვიცი, ბრალი არ აქვს წაყენებული სააკაშვილს. ამიტომ, ტრამპმა არ მგონია გადასცეს სააკაშვილი საქართველოს. მითუმეტეს, რომ სააკაშვილის მთელი უკანასკნელი მოღვაწეობა უკრაინაში აღიქმება, როგორც კორუფციასთან ბრძოლა. თვითონ უკრაინელი ხალხის გარკვეული ნაწილი და გარესამყაროც, იგივე ევროკავშირი, სააკაშვილს აღიქვამდა, როგორც უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ რომ ავწონოთ დღეს პლუსი და მინუსი, არ ველოდები, რომ მოხდეს სააკაშვილის გადმოცემა“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ სანამ საქართველოში იდეალური სასამართლო არ იქნება, სააკაშვილის გადმოცემა არ მოხდება. ცინცაძის შეფასებით, თვითონ საქართველოში უნდა იყოს მართლმსაჯულება საერთაშორისო დონეზე იმდენად ავტორიტეტული, რომ მას ანდონ ყოფილი მაღალჩინოსნის გასამართლება. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დამტკიცდა ვთქვათ სააკაშვილის დანაშაულები, ყველაფერი, საქართველოს სასამართლოს არ აქვს ისეთი ავტორიტეტი. ერთი მეორეზე მიყოლებით ქართველ მოსამართლეებს ევროპას არ აკარებენ. ყოველთვის შეუძლიათ სააკაშვილის დამცველებს განაცხადონ, რომ თქვენ თვითონ ამბობთ, რომ საქართველოში თავისუფალი სასამართლო ჯერ არ არის, თქვენ თვითონ-ევროპა, ამერიკა ურჩევთ საქართველოს უკვე 20 წელია, რომ გაატაროს ეფექტური სასამართლო რეფორმა და ქვეყანაში, სადაც 3 მოსამართლეც კი ვერ მოიძებნა ევროპა რომ დააკმაყოფილოს, სააკაშვილის დამცველები იტყვიან, იქ როგორ შეიძლება, ვანდოთ მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. არის შემთხვევები ბრაზილიაში, ფილიპინებში, იმელდა მარკოსი ციხეში ჩასვეს, მაგრამ მარკოსების ოჯახს 30 მილიარდი დოლარის ქურდობა დაუმტკიცდა მაშინ. მაგრამ 10 მილიარდ დოლარს რომ ედავებოდნენ ბატისტას, ბატისტას წინააღმდეგ ინტერპოლს არ გამოუცხადებია ძებნა. ამისთვის არ გადაუცია, თუმცა კუბის მთავრობა, ფიდელ კასტრო მაშინ ძალიან ენერგიულად მოითხოვდა ბატისტას გადაცემას, მაგრამ არ გადასცეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ბატისტას მიმართ არ იქნებოდა სამართლიანი სასამართლო. თვითონ საქართველოში უნდა იყოს მართლმსაჯულება იმდენად ავტორიტეტული საერთაშორისო დონეზე, რომ მას ანდონ იგივე ყოფილი მაღალჩინოსნის, ეს იქნება სააკაშვილი, თუ ვინმე სხვა, გასამართლება, მაგრამ ინტერპოლმა რამდენიმე ქართველზე, რომელზეც იყო დევნა გამოცხადებული, გააუქმა დევნა. ის კიარა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ჩვენი პარლამენტის იურისტები იტყვიან, რომ ჩვენ უკვე იდეალური სასამართლო გვაქვს, ევროპამ და ამერიკამ უნდა თქვას ეს, მანამდე გადაცემა არ იქნება. გადაცემა ხდება მხოლოდ იქ, სადაც არსებობს ნდობა სასამართლოს მიმართ, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როგორიც იყო „იაპონჩიკა“, ის ქურდი იყო. აქ სხვა არის და ამიტომ არ მოხდება“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა აქტუალური დიდხანს არ იქნება. „რომ ვუყურებ უცხოური პრესის გამოხმაურებას, დიდ სენსაციად არ აღქმულა“,-ამბობს სოსო ცინცაძე.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)