|
2015-04-22 15:39:20, 315 ნახვა
პოლიტიკა
ეველინ ფარკასი: რუსეთის აგრესიული ქმედებები, მშვიდობიანი ევროპის შესახებ ჩვენს ხედვას ეწინააღმდეგება
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციების შესახებ კომენტარი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ეველინ ფარკასმა გააკეთა. ეველინ ფარკასის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებები თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახება აშშ-ს ხედვას ეწინააღმდეგება. მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. „მინდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადო. შეხვედრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან ერთად ვუძღვებოდი. ეს ნაყოფიერი მაღალი დონის შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა მიმოვიხილოთ და მომავალი წლების პრიორიტეტები დავსახოთ. დისკუსიების დროს, ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებული გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენ ხედვას ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან",-განაცხადა ეველინ ფარკასმა. მანვე ყურადღება საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა. ეველინ ფარკასის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საქართველო ავღანეთში მიმდინარე მისიაში ყველაზე დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი. "საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი, ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა და გაძლიერებული წვრთნები კიდევ უფრო აძლიერებს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას. მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე მისიაში ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვალდებულებებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საქართველო ყველაზე დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი მისიაში. ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 860-მდე ქართველი სამხედრო მონაწილეობს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა საქართველოს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბოლო ათი წლის განმავლობაში ავღანეთის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. დღევანდელ ჩვენს კონსულტაციებზე, ასევე მქონდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ აღმენიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. უელსის სამიტზე, ჩვენ ვაღიარეთ საქართველო როგორც გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი და მხარი დავუჭირეთ საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭებას, რაც თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და გაძლიერებულ წვრთნებს მოიცავს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებაში. აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, ამერიკელი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო სწავლებაში „მაღალი დონის პარტნიორობა“, რომელიც 11 მაისს დაიწყება. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოსა და ამერიკის სამხედროების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის, რათა მრავალეროვნულმა ძალებმა სწრაფი რეაგირება მოახდინონ კრიზისების დროს ნატოს არეალში. „მაღალი დონის პარტნიორობას“ საფუძვლად უდევს საქართველო-აშშ-ნატოს ყოველწლიური სწავლებების გამოცდილება",-განაცხადა ეველინ ფარკასმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)