2015-04-21 19:24:24, 371 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციიდან ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს.
ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ათონელის რეზიდენციის საკითხი, პოლიტიკური თემაა და ის არც კვადრატულ მეტრებს და არც კომუნალურ საკითხებს არ უკავშირდება.
"ყველასთვის ნათელია, რომ ეს თემა არ უკავშირდება არც კვადრატულ მეტრებს და არც საბინაო კომუნალურ საკითხებს. ეს პოლიტიკური თემაა. თემა, რომლის შინაარსიც შემდეგია, რომ სამწუხაროდ ბატონ ბიძინასთვის მიუღებელია ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში არც საქართველოს არ სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და გადავა მეორე შენობაში და ეს საკითხი უკავშირდება აგრეთვე ნებისმიერ მოქალაქეს. მე, როგორც მოქალაქემ, არამგონია, რომ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო მითითებისამებრ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, რომ უბრალოდ ეს არ გავაკეთო და დავიცვა, როგორც ინსტიტუტის ღირსება, ასევე პირინციპში ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ საკითხში, რომელშიც ინტერესი ფაქტობრივად არავის არ გააჩნია, გარდა ეს არის ჩემი და ბიძინას სამწუხარო პიროვნული დაპირისპირების თემა, ბუნებრივია ამ საკითხში მე, როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე, ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი, ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას, რითაც ფაქტობრივად, ჩემი აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და, მათ შორის, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალ არჩევანს ვიცავ", – აღნიშნა მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან