|
2017-05-09 13:45:24, 1838 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„რა საჭიროა ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, მიგაჩნია, რომ ომი გამოსაცხადებელია, თუ არა“
ზუგდიდში კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას მიმართა. მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის უზენაეს დოკუმენტში პრობლემატურად მიაჩნია. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მართალია, საქართველოს პრეზიდენტს უნარჩუნდება უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსი, თუმცა უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რაც მისი შეფასებით, არასწორია. მარგველაშვილის განმარტებით, ომის გამოცხადების დროს, პრემიერი მიმართავს პრეზიდენტს, რომ გამოაცხადოს ომი, თუმცა პრეზიდენტს არ აქვს უფლება იკითხოს, რატომ აცხადებს ომს: „სამეგრელოში არ შემიძლია, არ დავიწყო ამ დოკუმენტის განხილვა იმ საკითხით, რომელიც ყველაზე მეტად სტკივა საქართველოს. ესაა ოკუპაცია. დღეს არ შემიძლია, არ ვახსენო ის, რაც თუნდაც ევროპის საბჭოს მინისტრების მოადგილეების კომიტეტმა განსაზღვრა ოკუპაციის პროცესის მიმართ პოლიტიკურად და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მძიმე ურთიერთობებში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოსთან. ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალების მიერ. საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ ყველაზე მეტად ეს ვალდებულება გადავაბარეთ ჩვენს ჯარისკაცებს და მათ მივანდეთ უფლება, თავისი სიცოცხლით, თავისი პროფესიონალიზმით წინ აღუდგნენ მტერს ურთულეს ვითარებაში. ვითარებაში, როდესაც საქართველო ოკუპაციის პროცესში იმყოფება პოლიტიკურად, როდესაც, ფაქტობრივად, ევროპა ხედავს იმ პრობლემებს, რომელიც საქართველოშია, როდესაც აშშ-ში ვიღებთ იმას, რომ მხარდაჭერა გვაქვს არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში, ნათლად უნდა ვხედავდეთ სირთულეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ამ სირთულეების ფონზე, რა ახალი შეგვაქვს კონსტიტუციაში?! კონსტიტუციაში პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, რა თქმა უნდა, ნათქვამია, შენარჩუნებულია ეს ტიტული, თუმცა არც ერთი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, უნდა განახორციელოს, ფაქტობრივად აღარაა შენარჩუნებული. პირველი და მნიშვნელოვანი ესაა უშიშროების საბჭო. წარმოდგენილი მოდელით, პატივცემული კომისიის წევრები გვთავაზობენ, გავაუქმოთ უშიშროების საბჭო და თავდაცვის საბჭო შევქმნათ, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ ომის დროს. ჩვენს საუკუნეში ომი ხორციელდება არა მხოლოდ პირდაპირი საომარი მოქმედებებით, 90-იანებში აქ იყო ომი, თუმცა მისთვის ომი არ დაურქმევია არავის, შემდეგ უკრაინაში რომ იყო ომი, დაარქვეს ამას ჰიბრიდული ომი. ჰიბრიდული ომი, არაპირდაპირი საომარი მოქმედებები, როდესაც ქვეყნები ერთმანეთს ომს არ უცხადებენ, მაგრამ მიმდინარეობს საომარი მოქმედებით, განა ასე არ მოხდა თავიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია?! მიმდინარეობს ომის გამოცხადების გარეშე. ომის გამოცხადება ხდება შემდეგნაირად-პრემიერი ეუბნება პრეზიდენტს, გამოაცხადე ომი და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, იკითხოს, რატომ ვაცხადებ ომს? პირდაპირ უნდა მოაწეროს ამ დოკუმენტს ხელი კითხვის გარეშე და გადაუგზავნოს ის პარლამენტს?! რა საჭიროა ასეთი ხელმოწერა, ან რა საჭიროა ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, მიგაჩნია ომი გამოსაცხადებელია, თუ არა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იწყებს ფუნქციონირებას თავდაცვის საბჭო და პრეზიდენტი მონაწილეობს ამ პროცესში. პრეზიდენტი, რომელმაც არაფერი იცის მართვის შესახებ, არავითარი შეხება აქვს სამხედრო ძალებთან, პოლიტიკურად არ იცის, რას ნიშნავს სამხედრო ოპერაციის ჩატარება და მარტო მაშინ იქმნება თავდაცვის საბჭო, მაგრამ ომამდე განა ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც მოწოდებული იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისთვის, კონსტიტუციას აღარ სჭირდება?“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მარგველაშვილი ასევე გამოეხმაურა კონსტიტუციის პროექტში ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით დამატებებს და აღნიშნა, რომ ლოზუნგის მაგივრად, ურჩევნია შენარჩუნდეს სტრუქტურა, რომელიც იქნება მოწოდებული, ქვეყანა თავდაცვისუნარიანობით გააძლიეროს. „ამ ორგანოს მაგივრად ჩაიწერა ხმამაღალი ლოზუნგი, რომ ჩვენი მიზანია „ნატო“. მირჩევნია, არანაირი ლოზუნგი არ ეწეროს კონსტიტუციაში, მირჩევნია იყოს ქმედითი სტრუქტურა, რომელიც იქნება მოწოდებული, ქვეყანა თავდაცვისუნარიანობით გააძლიეროს. ესაა ერთ-ერთი ჩემი მთავარი პრობლემა არსებულ მოდელთან“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)