07:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 17:15:44, 2102 ნახვა

სამართალი საზოგადოება
სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი, მომეტებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ეხმაურება ე.წ. ციანიდის სისხლის სამართლის საქმის განხილვას და აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურება საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა მაღალი პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის მქონე პირთა მიერ ბრალდებულის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. გარდა ამისა, დაცვის მხარისთვის დაკისრებული გაუთქმელობის ვალდებულების პირობებში, პროკურატურის მიერ ცალმხრივად ინფორმაციის გავრცელება აზიანებდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

2017 წლის 5 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის სრულად დახურვის შესახებ. შედეგად, საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის, მათ შორის მხარეთა პოზიციების შესახებ. სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სხდომის სრულად დახურვის საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი გარემოებები:

ერთ–ერთი მოწმის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ინტერესების დაცვა
ვიდეო და აუდიოჩანაწერებში მონაწილე პირთა პერსონალური მონაცემების დაცვა
პროცესის მონაწილე პირის მიმართ დაცვის სპეციალური საშუალების გამოყენება
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182–ე მუხლის მე–3 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლო სხდომის დახურვის შესაძლებლობას ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის დროს. თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, შესაძლებელია სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა.

დაცვის მხარემ სასამართლოზე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული საპროცესო მიზნებისთვის საკმარისი იქნებოდა სხდომის ნაწილობრივ დახურვა. სამწუხაროდ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ წარმოადგენდა სხდომის სრულად დახურვა უკიდურეს, თანაზომიერ და პროპორციულ საშუალებას სსსკ 182–ე მუხლით გათვალისწინებული სიკეთეების დასაცავად. შესაბამისად, არგუმენტების გარეშე დარჩა თუ რატომ არ შეიძლება დასახელებული სიკეთის დაცვა სხდომის ნაწილობრივი დახურვით.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის საჯაროობა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა არაერთი აქტით დაცულ უფლებას, რომლის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს. სწორედ სასამართლო სხდომათა საჯაროობა არის მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ, სასამართლო ყოველთვის უნდა ცდილობდეს სხდომათა საჯაროობის უპირატესი ინტერესი, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ერთ-ერთი გარანტი, მხოლოდ მეტი სიკეთის დასაცავად და პროპორციულობის ტესტის მოთხოვნათა დაცვით შეზღუდოს.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ წინასასამართლო სხდომა არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა შინაარსობრივ გამოკვლევას. ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ წარადგენენ მტკიცებულებათა სიას, რომელთა გამოკვლევა მოხდება არსებითი სხდომის ფარგლებში. შესაბამისად, სხდომის სრულად დახურვის საჭიროებაზე დამაჯერებელი პასუხი აუცილებელია.

იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა, თუმცა დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, საჯარო პროცესი მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაცილებით უფრო მკაცრ ტესტს გამოიყენებს პროცესის საჯარო ხასიათის შეზღუდვისას და შესაძლებელი გახდება აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics