02:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 13:20:57, 1940 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: ეს გადავსებული დარბაზი წინაპირობაა იმისა, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტის შექმნამდე მივალთ

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში,  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად,  პრეზიდენტიც იღებს მონაწილეობას. ის განხილვაში დღეს პირველად ჩაერთო.

პრეზიდენტი ბათუმის უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ისინი ქვეყნის უზენაესი კანონით ასე დაინტერესებული არიან. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრების მხრიდან მოისმენს შეხედულებებს ცვლილებებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც  საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს:

„ყველაზე მეტად  მიხარია და მივესალმები გადავსებულ დარბაზს. ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა, რომ მთლიანად საზოგადოება ვართ ერთად, ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ და მივდივართ შეთანხმებებამდე იმაზე, რასაც ჰქვია ქვეყნის უზენაესი კანონი, რომელიც განაპირობებს ჩვენს მომავალ თანაცხოვრებას, ეს გადავსებული დარბაზი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ რეალურად ამ პროცესის გაღრმავებით ამ და სხვა დარბაზებში მივალთ მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტის შექმნამდე. მიხარია, როდესაც ვხედავ მრავალ დაინტერესებულ ადამიანს  იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ვიცხოვროთ მომავლში. ესაა ჩემი პირველი ჩართვა ამ პროცესში. მაინტერესებს,  რა თემებზე იქნება დისკუსია, საკითხები არის გარკვეული, რომელიც მინდა გაგიზიაროთ. დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს შეხედულებებს და შემდეგ გაგიზიარებთ, მე რას ვფიქრობ ამ მნიშვნელოვანი კანონის შესახებ“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მანამდე, კონსტიტუციური ცვლილებები საზოგადოებას  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო.

მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და მათ შორის ფუნდამენტურ პრინციპებს.

კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციაში არის უამრავი ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რედაქციული უზუსტობანი და ყოველივე ამის გათვალისწინებით შემუშავდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელმაც უნდა გაუძლოს დროს და წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება.

ამასთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა და ფაქტობრივად თავიდან დაიწერა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიც.

მანვე საზოგადოებას გააცნო კონსტიტუციის პროექტში  დამატებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

კერძოდ, კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში არის დამატება, სადაც პირდაპირ, ერთგვარი დავალების სახით  გაწერილია, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროკავშირსა და ნატოში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მეთაური, არის უმაღლესი მთავარსარდალი და იგი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. მისივე განმარტებით, ეს არის პრეზიდენტის სტატუსის სამი ძირითადი ნიშანი და ეს სამივე ძალაში რჩება.

მან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესიც განმარტა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში პრეზიდენტის არჩევა სწორედ არაპირდაპირი წესით ხდება. მისივე განცხადებით,  ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული პრობლემა ისაა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. იმ სისტემაში, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, პრეზიდენტმა უნდა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და იგი რომელიმე პარტიასთან ასოცირდება არჩევნებზე, კონსტიტუციის ახალი მოდელით კი პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს. საერთაშორისო ევროპული პრაქტიკაც, კობახიძის თქმით,  საპარლამენტო მმართველობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება, არამედ  მინიმალური ცვლილება შეეხება კომპეტენციებს - ესაა ეროვნული უშიშროების საბჭო (იგი უქმდება) და უზენაესი სასამართლოს წევრის წარდგენა. ეს ცვლილებები, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიდო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics