|
2017-05-05 13:15:14, 2076 ნახვა
სამართალი კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: გადაბრალება საპატრიარქოზე, რომ ეკლესიის ინტერესებში შედის სხდომის დახურვა, კატეგორიულად მიუღებელია
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დახურვის ძირითად არგუმენტად საპატრიარქოს იმიჯის მოშველიება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესია ყოველგვარი განსაცდელის დროს უფრო ძლიერდება, ვიდრე სუსტდება. რაც შეეხება უშუალოდ წინასასამართლო სხდომის სრულად დახურვის გადაწყვეტილებას, ედიშერ ქარჩავა მას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ სხდომის საჯაროობის მომხრე იყო. „ჩემი აზრით, სხდომა უნდა იყოს საჯარო. შუამდგომლობაში იმ არგუმენტის მოშველიება, რომ სხდომა უნდა დახურულიყო კონსტიტუციური შეთანხმებიდან გამომდინარე, ეკლესიის განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, რომ არ შეილახოს საქართველოს საპატრიარქოს იმიჯი, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესია ყოველგვარი განსაცდელის ჟამს უფრო ძლიერდება, ვიდრე სუსტდება. ამიტომ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და მხარეთა მიერ მოშველიება, საპატრიარქოს იმიჯი არ შეილახოს და ეს იყოს ძირითადი არგუმენტი სხდომის დახურვის, მიუღებელია“,- აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ და დასძინა, რომ საპატრიარქოდან არ ყოფილა თხოვნა, რომ რაიმე საკითხი დაფარული ყოფილიყო. „ამ საქმეში ისედაც ყველაფერი ნათელია. წინასასამართლო სხდომა არ არის არსებითი განხილვა, სადაც შესაძლებელია პიროვნებები დაიკითხონ და მტკიცებულებები შეფასდეს, ან რაიმე აქამდე უცნობი ინფორმაცია გამოქვეყნდეს“, - განმარტა ედიშერ ქარჩავამ. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, პირის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება შესაძლებელია. „ჩემი აზრია, რომ კონკრეტულ სხდომაზე, სადაც შესაძლებელია კონკრეტული პირები დაიკითხონ, არსებით განხილვაში თუ გადავა პროცესი, შეიძლება ეს ნაწილი დაიხუროს. ჩემთვის მხარეთა აპელირება და გადაბრალება საპატრიარქოზე, რომ თურმე ეკლესიის ინტერესებში შედის სხდომის დახურვა, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ცოტა ხნის წინ სრულად დაიხურა. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)