|
2017-05-05 12:09:48, 1734 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ძალიან ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი. გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის. „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი. ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე. უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე თვალსაჩინო შედეგია, რომელიც კიდევ სხვა მრავალი წარმატების საწინდარი უნდა გახდეს. ევროკომისრის ვიზიტიც სწორედ იმ მომავალი ნაბიჯების განსაზღვრასა და შეჯერებას ემსახურება, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირთან. შეხვედრისას ევროკომისარს გავუზიარეთ საქართველოს მოლოდინები წელს, 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მომავლის ხედვაზე ორიენტირებული და ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირთან კავშირურთიერთობების განმტკიცებას. პირველ რიგში, ჩვენი საერთო მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რაც ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ეკონომიკური ზრდისთვის პირობების შექმნასა და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას ემსახურება. დღეს, ყოველი ჩვენგანი უკვე ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და პლურალისტური მედია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება; ანგარიშვალდებული მთავრობა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ხარისხი; ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნეს-გარემო; ახალი ინიციატივები რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ეს ყოველივე დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მთავრობისაგან, ასევე საზოგადოების ყველა წევრისაგან. ამ მხრივ, ფასდაუდებელია ევროკავშირის დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში. დასასრულს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროკომისარ ჰანს ვიზიტისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ წარმატებით განვახორციელებთ დასახულ მიზნებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ იოჰანეს ჰანის საქართველოს გუშინ ესტუმრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)