01:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 12:09:51, 2258 ნახვა

სამართალი კომენტარი
გიორგი ფანცულაია: საზოგადოებისთვის სასამართლოს ობიექტურობა მის საჯაროობაზე გადის

"გიორგი მამალაძე  არაა ჩვეულებრივი ფიგურა, სასულიერო პირია. სასულიერო პირის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კი შეიძლება მიუღებელი იყოს და ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ, ზნეობრივ წესებს", - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე პროცესის დახურვის შესახებ  შუამდგომლობის დასაბუთებისას განაცხადა.

სხდომის დახურულ რეჟიმში გაგრძელების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ იმ მოტივით დააყენა, რომ მათი თქმით, საქმე შეიცავს  საკითხებს, რომელთა გასაჯაროებაც  მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.

ბრალდების მხარის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ ადვოკატები, რომლებიც პირიქით, სხდომის საჯაროობას ემხრობიან.

"თუ ისეთი ნაწილი იქნება სასამართლო განხილვის დროს, რომ შეიძლება დაიხუროს, ან პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას იმ დროს დახურვის თაობაზე, ან ჩვენ. პროკურატურის შუამდგომლობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. საზოგადოებისთვის სასამართლოს ობიექტურობა მის საჯაროობაზე გადის",-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

მოსამართლე ბადრი შონიას სხდომის დახურვა-არდახურვასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე  პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics