|
2017-04-25 15:29:06, 3218 ნახვა
მსოფლიო
ფრანგი ბარაკ ობამა - ვინ არის ცენტრისტი ემანუელ მაკრონი?
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი, ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონია. ცენტრისტ მაკრონს ხშირად ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადარებენ. მაკრონი ჭეშმარიტი პროევროპელი და ლიბერალური ელიტის ტიპიური წარმომადგენელია. ის ახალგაზრდა, ენერგიული პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარი აზრის ჩამოყალიბება არასდროს უჭირს. პრეზიდენტობის კანდიდატი გლობალიზაციის და ეკონომიკის ლიბერალიზაციის მომხრეა. მას ასევე ევროკავშირის გაძლიერების სურვილი აქვს. მისი გამარჯვება არჩევნების პირველ ტურში საფრანგეთის ბიზნესმენებმა პოზიტიურად შეაფასეს, რადგან ეკონომიკა-ბიზნესის სფეროშიც მაკრონი სტაბილურობისა და პროგრესის საწინდარია. ცენტრისტს მხარს ევროკავშირიც და მისი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა - გერმანიაც უჭერს. ლიბერალი კანდიდატის მომხრეა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, რომლის მოსაზრებასაც, "ქვეყანაში ღია კარის" არსებობასთან და მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით მაკრონი იზიარებს. მაკრონი მიგრანტებს საფრანგეთშიც მიესალმება, რადგან თვლის, რომ ქვეყანას საკმარისი რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ შესაძლო პრობლემებს გაუმკლავდეს და მიაჩნია, რომ მუშა ხელის შემოდინებით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ისევე როგორც ლიბერალური ელიტის ყველა წარმომადგენელი, ემანუელ მაკრონი ეჭვის თვალით უყურებს და აკვირდება რუსეთს. ამის გამო, ოფიციალურ კრემლს მასთან ურთიერთობის დალაგება, გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ გაუჭირდება. ამასთან, მაკრონს ანტირუსულ პოლიტიკოსობაში ბრალს ვერავინ დასდებს. ის ფრთხილი და წინდახედულია. სწორედ ამის გამო, ბევრი ფრანგი მიიჩნევს, რომ მაკრონს გამბედაობა აკლია და ახალგაზრდა ფრანსუა ოლანდსაც კი ადარებენ. მიუხედავად აღნიშნული შეფასებებისა, მაკრონი პროევროპული შეხედულებების გამო, კრემლთან სავარაუდოდ, არანაირ კომპრომისზე არ წავა. "თქვენგან განსხვავებით, მე არ მინდა პუტინთან მეგობრობა. თქვენგან განსხვავებით, მე ძლიერი და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკის მომხრე ვარ. თქვენგან განსხვავებით, მე მინდა ვნახო ძლიერი საფრანგეთი ევროპაში", - ასე მიმართა წინასაარჩევნო დებატებში მაკრონიმ პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, მარინ ლე პენს. რაც შეეხება სირიის პრობლემას, ემანუელ მაკრონს მსგავსი პოზიცია აქვს, რაც ბარაკ ობამას ჰქონდა. ის რუსეთს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კრემლმა "თავისი წილი პასუხისმგებლობები უნდა შეასრულოს და პასუხი აგოს ასადის მხარდაჭერისთვის". გარდა ამისა, ემანუელ მაკრონი ხშირად აცხადებდა, რომ მის მიმართ რუსული სახელისუფლებო მედია საშუალებები მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აწარმოებდნენ. აღნიშნულ ბრალდებებს ოფიციალური მოსკოვი რა თქმა უნდა უარყოფს. თუმცა, მაკრონის შტაბში აღნიშნავენ, რომ "შავი PR"-ის კამპანია ლიბერალი კანდიდატის წინააღმდეგ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ცენტრისტი არჩევნებში მონაწილედ დარეგისტრირდა. მაშინ, საარჩევნო შტაბის უფროსმა მინურ მაჟუბიმ კონკრეტული მედია საშუალებებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ RT და Sputnik News მაკრონის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ. მისივე თქმით, შტაბის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმები ხშირად ხორციელდება და პარტიის სერვერები ჰაკერების სამიზნეა. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ერთი დღით ადრე, ემანუელ მაკრონს ბარაკ ობამამ დაურეკა და წარმატებები უსურვა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა აღფრთოვანება ვერ დამალა და აღნიშნული საუბრის ვიდეო ჩანაწერი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე ატვირთა. "ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალაშია. დამიჯერეთ, ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ", - მიმართა მაკრონიმ ობამას. აშშ-ის ყოფილი და საფრანგეთის შესაძლო პრეზიდენტების საუბარი მაკრონის კაბინეტში, საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშის ფონზე შედგა. ეს ალბათ, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მაკრონის კანდიდატურა კრემლისთვის სასურველი არ იყოს. აღნიშნული სატელეფონო საუბარი ფრანგებმა არ უნდა აღიქვან, როგორც აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის მხარდაჭერა. ალბათ არ უნდა იყოს აღქმული მხარდაჭერად, არც "ნაციონალური ფრონტის" წევრის მარინ ლე პენის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან. არის ისეთი შეგრძნება, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები, ამერიკის მსგავსად, ისეთ ცვლილებებს მოიტანს, რომლის სრულად წინასწარმეტყველებაც არავის შეეძლო. საფრანგეთის 25-ე პრეზიდენტის ვინაობა 7 მაისს გახდება ცნობილი. მეორე ტურის შედეგებით კი, გაირკვევა დარჩება თუ არა ევროპის წამყვანი ქვეყანა ევროკავშირში, ასევე როგორი პოლიტიკა ჩამოყალიბდება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. ამავე თემაზე: ვინ არის მარინ ლე პენი? Qui est madame Le Pen? საფრანგეთი 25-ე პრეზიდენტის მოლოდინში
ბელა არუთინოვი
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)