|
2017-04-18 12:58:54, 2392 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია იდეოლოგიურად ნეიტრალური იქნება
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მიმდინარე ღონისძიებაზე, რომელიც კონსტიტუციის 94-ე მუხლს ეხება, კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, პრინციპები, რომელიც უნდა დაედოს საფუძვლად კონსტიტუციის ახალ რედაქციას, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში უკვე ასახულია. მისი განმარტებით, ესაა ორი ფუნდამენტური პრინციპი - სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები. „პრეამბულის გარდა, კონსტიტუციაში დაგეგმილია იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომელიც ამ ორი პრინციპის რეალიზაციისთვის სათანადო გარანტიებს შექმნის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ძალიან მაღალ დონეზე იქნება ატანილი. სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა - ეს მუხლი ემატება საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავს. ასევე, დაგეგმილია ეკონომიკური თავისუფლების შესახებ სპეციალური მუხლის დამატება პირველ თავში. საბოლოო ამოცანაა, სათანადო ბალანსი იყოს დაცული ამ ორ ძირითად პრინციპს შორის. ჩვენი ამოცანაა, ამ ორ პრინციპს შორის თავსებადობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება უშუალოდ 94-ე მუხლს, ამ საკითხზე ფართო მსჯელობა გვქონდა. გაგრძელდება დისკუსია კონსტიტუციის შესაბამის ჩანაწერებთან დაკავშირებით. მთავარი ამოცანა საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში იყო ყველაზე სწორი ბალანსის პოვნა ამ ორ ფუნდამენტურ პრინციპს შორის. ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ ორივე მიმართულებით. ბრალს გვდებენ სოციალური სახელმწიფო მშენებლობაში. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ხშირად გაიგივებულია მემარცხენე მიმართულებასთან, რაც არასწორია. კონსტიტუციაში ვერ იქნება ასახული ვერც მემარცხენე და ვერც მემარჯვენე მიმართულება, ის იდეოლოგიურად უნდა იყოს ნეიტრალური. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს არავითარი კავშირი არ აქვს იდეოლოგიურ მიმართულებასთან. ასევეა ეკონომიკური თავისუფლების პრინციპთან დაკავშირებითაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში", საზოგადოების კვლევის ცენტრი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კონფერენციას - ,,კონსტიტუციის 94-ე მუხლო და ეფექტური სახელმწიფო" მართავს. აღნიშნული ღონისძიება შეეხება საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მოითხოვს. საკონსტიტუციო კომისიში, აღნიშნული ჩანაწერის ამოღების მოთხოვნით, შესულია ორი ინიციატივა: პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" და საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ვაკო ნაცვლიშვილის. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან არსებული გადასახადების ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. ამავე ჩანაწერის თანახმად, ეს შეზღუდვები არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე. პარტიის, ,,სოციალ-დემოკრატების საქართველოს განვითარებისთვის", საკონსტიტუციო ინიციატივაში ნათქვამია, რომ საგადასახადო განაკვეთები, სოციალური პასუხისმგებლობის განაწილებისა და სახელმწიფოს როლის შესახებ დისკუსია წარმოადგენს დასავლური პოლიტიკური სივრცის მთავარ განსახილველ საკითხს, საქართველოში ეს დისკუსია კონსტიტუციურად აკრძალულია. პარტიაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლი არსებითად ზღუდავს პარლამენტის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ქვეყნის განვითარების სტრატეგია და აზიანებს ინსტიტუციურ დემოკრატიას. მათივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი უპრეცედენტოა და მას ანალოგი სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში არ გააჩნია. კონფერენციაზე მიწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)