|
2017-03-20 17:08:51, 1753 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გუგული მაღრაძე: ვფიქრობ, მმართველ გუნდში პოზიცია უფრო ვეტოს დაძლევისკენაა მიმართული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტის დისკრეციაა, გამოიყენოს ვეტოს უფლება, ხოლო პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს მოტივირებული შენიშვნები: „ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია, მას შეუძლია დაადოს ვეტო და დაადო ვეტო. პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს მოტივირებული შენიშვნები. შეუძლია მიიღოს, ან არ მიიღოს და ეს არის ჩვეულებრივი საპარლამენტო პროცესი. ამაში რაიმე უჩვეულოს ვერ ვხედავ“,-განაცხადა გუგული მაღრაძემ. მისივე აზრით, კანონპროექტი დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს შეესაბამება. გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ გუნდში პოზიცია უფრო ვეტოს დაძლევისკენაა მიმართული: „მაგრამ მაინც შევიკრიბებით და განვიხილავთ-არის მისაღები, არ არის მისაღები. მემგონი, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, დაკმაყოფილებული ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა და მე მაგალითად, ამ მოსმენების კანონს ძალიან თავისუფლად ვაძლევ ხმას, რადგან ძალიან ბევრ ცივილიზირებულ ქვეყანაში ამ ტიპის კანონპროექტებია და სწორიცაა უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რომ ექვემდებარებოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ცალკე არსებული ორგანო შეიძლება უფრო საშიში იყოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის, ვიდრე ორგანო, რომელსაც ძალიან ძლიერი მაკონტროლებელი ჰყავს, გინდა პარლამენტის მხრიდან, გინდა ზედამხედველი მოსამართლე და ა.შ. ასე რომ, მიმაჩნია, რომ კანონპროექტი არის ისეთი, რომელიც შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც დღეს აქვს დასავლეთის ცივილიზირებულ ქვეყნებს. მაგრამ პრეზიდენტს თავისი უფლება აქვს, რაც არ მოსწონს, დაადოს ვეტო“,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ და დასძინა, რომ თავად ვეტოს დაპირისპირების იარაღად არ განიხილავს: „მე არ განვიხილავ, როგორც დაპირისპირებას, მე განვიხილავ, რომ პრეზიდენტს აქვს თავისი უფლება და თუ უნდა, ამ უფლებას გამოიყენებს. პრეზიდენტს შეიძლება სხვა ხედვა აქვს და მიაჩნია, რომ სხვანაირად უნდა იყოს, საპარლამენტო უმრავლესობას სხვა ხედვა აქვს და მიაჩნია, რომ სხვანაირად უნდა იყოს. ასე რომ, იყო შემთხვევები, როდესაც გავიზიარეთ პრეზიდენტის ვეტო, იყო შემთხვევები, უფრო ხშირად, რომ არ გავიზიარეთ, ეს არის ბუნებრივი პროცესი და ქვეყნისთვის რაიმე საგანგაშო არ ხდება“,-განაცხადა გუგული მაღრაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა. პრეზიდენტის შეფასებით, კონსულტაციების შედეგად, 2 ძირითადი ხარვეზი გამოიკვეთა: „პირველი ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომლებსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს. საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ ამ საკითხს ვეტოების გარკვეული ისტორია გააჩნია. 2014 წლის 29 ნოემბერს მე იგივე კანონს, დავადე ვეტო და მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ, დიდი ზარზეიმით და როგორც წარმატება, ამცნო საზოგადოებას, რომ მათ დაძლიეს ვეტო. მალევე საკონსტიტუციო კომისიამ გააჩერა ამ კანონის მოქმედება და დღეს ჩვენ, სწორედ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიცემული ვადის ფარგლებში ვმუშაობთ, როდესაც 2017 წლის 31 მარტამდე პარლამენტს ახალი კანონის შემუშავება დაევალა. საერთოდ საზოგადოებას, მინდა გავახსენო ვეტოების ისტორია. მე ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან მიმართებაშიც გამოვიყენე. სულ რამდენიმე დღეში, მომივა მოსაწერად ახალი კანონი, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა. მაშინაც, კოალიციურმა უმრავლესობამ საზოგადოებას დიდ წარმატებად ამცნო, იმ ვეტოს დაძლევა. მაგრამ ახლა, წელიწადნახევრის მერე, ჩვენ ვხედავთ ახალ ნამუშევარს, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმ პოზიციებს, რაც მე მქონდა ვეტოში დაფიქსირებული. საზოგადოებას შეუძლია ადევნოს თვალი ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც შემდგომ ქვეყანა იღებს, ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მიმართა და დასძინა, რომ დროა, ერთობლივად ქვეყანას უკეთესი კანონმდებლობა შესთავაზონ: "მინდა მივმართო საპარლამენტო უმრავლესობას, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებული არის მთლიანად ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, სანამ კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისივე პოლიტიკურ პარტიებთან და ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტოს წერის პროცესში მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები. შესაბამისად, ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ვეტოს დაძლევა შეუძლია, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო, რომ დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რათა უკეთესი კანონები შევქმნათ. იმ ფონზე, როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია. დრო დადგა ჩვენს შენიშვნებს ჩავუღრმავდეთ და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა", - მიმართა პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას".
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)