10:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 17:50:23, 2071 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
სერგეენკო: მთავრობის გადაწყვეტილება არ შეიცვლება, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კერძო დაზღვევის მქონე პირების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან გამიჯვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უწყებამ კერძო სადაზღვევო კომპანიევს განახლებული ბაზების თხოვნით მიმართა, თუმცა მისივე ინფორმაციით, კომპანიებმა შესაბამისი მონაცემები არ მიაწოდეს. 

„2013 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება, როცა კერძო დაზღვევის მონაწილეები გაემიჯნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეებს და უკვე შეიქმნა მოძველებული ბაზა. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს მთავრობისთვის უნდა წარედგინათ 2013 წლამდე არსებული ბაზები, თუმცა ეს არ მოხდა. 2013 წლის შემდეგ უკვე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. ადამიანების ნაწილმა დაკარგა კერძო დაზღვევა და ვეღარ გახდა საყოველთაო დაზღვევის მონაწილე. რეალურად ისინი არიან დისკრიმინებული ადამიანები და ამ ყველაფრის მიზანი განუახლებელი ბაზები იყო. თუმცა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა და გახდნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეები. შემდგომ შეიძინეს კერძო დაზღვევა და ორივე ფინანსური უზრუნველყოფა გააჩნდათ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ განახლებული ბაზები. ჩვენ მათ მივმართავდით თხოვნით, წერილობით, ყველანაირი ფორმით, თუმცა განახლებული ბაზები არ მოგვაწოდეს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

მისივე თქმით, კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა, რათა მთავრობისთვის განახლებული ბაზები წარედგინათ. მინისტრის ინფორმაციით, კომპანიები აცხადებენ, რომ ბაზების წარსადგენად მზად არიან, თუმცა სინამდვილეში ამას არ აკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი პრობლემის სათავედ სადაზღვევო კომპანიების მოგებას მიიჩნევს. 

„ჩვენი გათვლით, არსებული ნაკლებად გამჭვირვალე სისტემის ხარჯზე ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონს მოიხმარს სადაზღვევო კომპანიები. ვვარაუდობთ, რომ ეს თანხა ზოგიერთი კომპანიის ანგარიშზე მიდის. ახლა კი, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი დეკლარირებს, რომ უნდა მსჯელობა და საკითხის განხილვა, სინამდვილეში ეს არის დროის გაყვანის მცდელობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

სერგეენკოს განმარტებით, მთავრობის დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ დავალება, რომ განახლებული ბაზები 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით წარადგინონ და ბაზების წარდგენის ბოლო ვადა 23 თებერვალია. 

მინისტრის ვარაუდით, სისტემის მოწესრიგების შემდეგ ბაზების განახლება მუდმივი პროცესი უნდა გახდეს, „თუმცა იმ ადამიანებს, ვინც კერძო დაზღვევას დაკარგავენ და საყოველთაო დაზღვევაში მოხვედრა მოუნდებათ, სერიოზული ბარიერები დახვდებათ მათი შემოსავლიდან გამომდინარე“.

შეგახსენებთ, სადაზღვევო კომპანიები მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics