17:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 11:17:01, 1197 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის 102 გადაცემას შეჩერება ემუქრება-როგორია მაღლაფერიძის 3 წლიანი გეგმა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს მედიას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა-2017-2019 , გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

მან საზოგადოებრივ მაუწყებელში  დღეს არსებულ მძიმე პირობებზე ისაუბრა.

კერძოდ, ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ვკითხულობთ:

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017 - ამორტიზებული შენობა; ტექნიკა კოლაფსის ზღვარზე; შეუსაბამოდ ბევრი თანამშრომელი; მაუწყებელი მაუწყებლობისთვის; არაკონკურენტუნარიანი მაუწყებელი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2019 - ახალი შენობა; თანამედროვე ტექნიკა; თანამშრომლების ოპტიმალური რაოდენობა; მაუწყებელი აუდიტორიისთვის; ინოვაციური/ლიდერი მაუწყებელი.

მაღლაფერიძის თქმით, გარდაქმნისა და  განვითარების სამოქმედო  გეგმით გათვალისწინებული რადიკალური  ნაბიჯების გადადგმის გარეშე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეასრულებს  თავის ფუნქციას და მისი დაფინანსება აზრს დაკარგავს.

რეფორმა სამ ეტაპად იყოფა და 3 წელზეა გათვლილი.

ვასილ მარლაფერიძის ინფორმაციით, სამ წლიანი გეგმის შედეგი იქნება: საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა,  თანამშრომლებისთვის ღირსეული პირობების შექმნა, ცხრა რეგიონალური ოფისის შეძენა და აღჭურვა, მულტიმედიური საინფორმაციო სამსახური, ტექნიკური და ტექნოლოგიური სრული გადაიარაღება, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ვებგვერდი, არქივის გაციფვრა, მართვის ახალი მოდელის დამკვიდრება.

ახალი გენერალური დირექტორის განცხადებით, აღნიშნული რეფორმის განუხორციელებლობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი დადგება  გარდაუვალი ტექნიკური კოლაფსის წინაშე და შესაბისად მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხე გაჩნდება. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველწლიურად კარგავს აუდიტორიას.

მაღლაფერიძის აზრით, კრიზისიდან გამოსვლისთვის  აუცილებელი ნაბიჯებია:

მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემისა და წარმოების შეჩერება საინფორმაციო გამოშვებების გარდა; თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია; გამოთავისუფლებული თანხების მართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური  ბაზის გასაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მიერ გეგმის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში,  2018 წლამდე საზმაუში 102 გადაცემა შეჩერდება. როგორც ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში იყო აღნიშნული,  შედეგად 15 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება.

საზოგადოებრივი  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში  გენერალური დირექტორის მხრიდან ორი წინადადება  უკვე შევიდა.

პირველი- ესაა საზოგადოებრივ მაუწყებლის  დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, ხოლო  მეორე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

სამეურვეო საბჭო შესული წინადადებების შესწავლას იწყებს  და ამისთვის შემდეგ ნაბიჯებს აანონსებს:

უახლოეს დღეებში მოიწვევს საჯარო  ყრილობას, სადაც მოისმენს დამატებით ინფორმაციასა და განმარტებებს გენერალური დირექტორისგან და მენეჯმენტისგან.  შემდეგ  დაგეგმავს კონსულტაციების ფორმას, ხოლო შემდეგ უახლოეს დღეებში დაიწყებს  შეხვედრებს თანამშრომლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან  და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებით,  ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმის შინაარსს ვერ შეაფასებენ, რადგან მას თავადაც დღეს გაეცნენ და გეგმის შინაარსზე ამჟმად კომენტარის გაკეთება მათი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება.

თუმცა, ბორდის წევრები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი საკუთარ გეგმებს საჯაროდ განიხილავს.

სამეურვეო საბჭოს წევრების მტკიცებით, გენერალური დირექტორის მხრიდან შესული წინადადებების განხილვის პროცესი გამჭვირვალე იქნება.  სამეურვეო საბჭოს წევრები წინასწარ ვერ საუბრობენ დამტკიცდება თუ არა ვასილ მაღლაფერიძის გეგმა იმ სახით, როგორც ეს მან  დღეს წარმოადგინა.

„შესაძლოა, სულ სხვა კონცეფცია მივიღოთ. უნდა წარიმართოს სამუშაო პროცესი და ეს  სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი  მაუწყებლის დირექტორის აღნიშნული  ხედვა იქნება გაზიარებული. ან იქნება ეს გეგმა დამტკიცებული, ან არა. იქნება უამრავი სხვა წინადადება, მსჯელობა, საჯარო შეხვედრები და ამის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება“,-აღნიშნავენ სამეურვეო საბჭოს წევრები. 

თუმცა, ბორდის ერთ-ერთი წევრი ქეთი მსხილაძე  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ  გეგმას  აფასებს, როგორც რეფორმის ყველაზე რადიკალურ ვარიანტს.

" კარგია, ცუდია-ეს შემდგომი მსჯელობის საგანია",-აღნიშნა ქეთი მსხილაძემ და დასძინა, რომ ზოგადად რადიკალური ცვლილებების მომხრე არაა.

პარალელურად საპროტესტო აქცია გრძელდება  საზოგადოებრივ მაუწყებელთან.  ამჯერად, დაზარალებული მეანაბრეები გადაცემა „რეალური სივრცის“ მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, აღნიშნულმა გადაცემამ თავის დროზე მათ პრობლემებს დიდი დრო დაუთმო და ისინი  ობიექტურად გააშუქა. ამიტომ, ფიქრობენ, რომ გადაცემა „რეალური სივრცე“ უნდა გაგრძელდეს.

ისიც გაურკვეველია, ბორდის მიერ მაღლაფერიძის რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში, 2018 წლის შემდეგ, რა სახით და რა რაოდენობით დაბრუნდება გადაცემები და მათ იგივე წამყვანები ეყოლებათ თუ არა. ბუნდოვანია ასევე, რამდენ თანამშრომელს შეეხება ოპტიმიზაცია და რა ფორმით მოხდება ეს.

გადაცემის „რეალური სივრცე“  წამყვანი ნინო ზაუტაშვილი დარწმუნებულია, რომ თუკი მისი გადაცემა ახლა შეჩერდება, ის ეთერში ვეღარასოდეს დაბრუნდება.

ზაუტაშვილის ინფორმაციით, ტელევიზიაში არსებული საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ალტერნატიულ ხედვას წარადგენს.

მისივე  განცხადებით, „რეალური სივრცე“ დღეიდან ხსნის სადისკუსიო სივრცეს  5-დან 6 საათამდე და პარასკევს საღამოს 10 საათამდე.

„ყველას, ვისაც აქვს გეგმა და მოსაზრება მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით, მზად ვართ მოვუსმინოთ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეჩერება კანონითაც არასწორია და ეს ვერ მოხდება. როგორც გავიგეთ, თურმე, მხოლოდ აპარატურის გამო იყო პრობლემა. მხოლოდ აპარატურა არ აკეთებს ტელევიზიას, მას აკეთებენ ადამიანები“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა 

ბუნებრივია, ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა სამეურვეო საბჭო ვასილ მაღლაფერიძის რეფორმის გეგმას ამ სახით, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების დახურვის შესახებ საუბარი სპეკულაცია არ ყოფილა. გადაცემების შეჩერებას, დიდი ალბათობით, სწორედ დახურვა მოჰყვება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics