2015-03-31 14:05:43, 484 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კამპანია „ერთად შევეგებოთ ევროპას“ დაიწყო
ევროკავშირის მობილურმა საინფორმაციო ცენტრმა 31 მარტს 2015 წლის საინფორმაციო კამპანია - „ერთად შევეგებოთ ევროპას“ დაიწყო.
ევროკავშირის მობილურ საინფორმაციო ცენტრთან ერთად სკოლას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი, კაიდო სირელი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწუნებული-გუბერნატორის მოადგილე გოჩა ზეიკიძე ეწვია.
საინფორმაციო ცენტრის ღონისძიება წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვები სწავლობენ.
ამასთან, ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს უახლესი ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ მიაწოდეს და გადასცეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოცემული წიგნი- „მოდი, გავიცნოთ ევროპა“.
წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში“ ნახეს, სტუმრებმა მოსწავლეებთან ერთად ააწყვეს ევროპის პოლიტიკური „რუკა-პაზლი“ და გააფერადეს ალბომი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული დროშებით.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის მაგნიტური რუკის საშუალებით პროექტ „ერთად შევეგებოთ ევროპას“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ევროკავშირის გაფართოების ეტაპები აჩვენეს.
ამასთან, დევნილმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში, „რამდენად კარგად ვიცნობთ ევროპას“, ვიქტორინაში გამარჯვებულებს სახსოვრად პრიზები გადაეცათ.
ცნობისთვის, ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მოსწავლეებს, სტუდენტებს, სოფლად მცხოვრებლებს, ექსპერტებს და ბიზნესმენებს სთავაზობს ყოვლისმომცველ ინფორმაციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ,მიმდინარე წელს ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის ავტობუსი საქართველოს უველა რეგიონში იმოგზაურებს და ესტუმრება 140 სკოლას.
წეროვანის დევნილთა დასახლებაში საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 1954 ოჯახი (6433) ცხოვრობს. ეს არის ყველაზე დიდი დასახლება იმ 38 დასახლებიდან, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დევნილები ჩაასახლა.
წეროვნის დასახლებაში 2001 კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლია, დასახლება ევროკავშირეის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. კერძოდ, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილის კომპონენტით (IDP PROGRAMME), რომლისთავისაც 51 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან