22:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 10:11:10, 738 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე: უნდა გავაცნობიეროთ, რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს

 „სრულად აღვიქვამთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი დგას, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთო ვალდებულებების შესრულებას შეეხება“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც კონფერენციაში „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი“ მიიღო მონაწილეობა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივება საქართველოში, ძნელად თუ დაეხმარება ევროკავშირს დაძლიოს პესიმიზმი თავის მოქალაქეებში.

"გასაკვირი არაა, რომ მრავალწლიანი რეფორმებისა და ამ ურთულეს გზაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ, საქართველოში საკმაოდ მაღალია ლეგიტიმური მოლოდინები. ამას ჩვენთვის უზარმაზარი სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას", - აღნიშნა ჯანელიძემ.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, რომელიც პარტნიორების მიერ შეფასებულია, როგორც ძალზედ ეფექტური და მდგრადი.

"საქართველოში, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ძლიერ მამოძრავებელ ძალას, რომელიც ხელს უწყობს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ქმნის საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ ჩარჩოს ევროპული და საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით, საერთო ჯამში, მიღებულ იქნა 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, 70-მდე დადგენილება, ინსტრუქცია და წესდება, 8 სტრატეგია; რატიფიცირებულ იქნა 7 საერთაშორისო კონვენცია. ეს ტრანსფორმაცია უდავოდ ბრწყინვალე მაგალითია ევროკავშირის წარმატებული საგარეო პოლიტიკისა, რომელიც ერწყმის საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერების ასევე წარმატებულ შიდა პოლიტიკას", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამ მოიტანა ახალი ეკონომიკური შესაძლებობები საქართველოსთვის, თუმცა ეს პროცესი ვერ იქნება ეფექტური, თუ ქართველ მეწარმეებს არ მიეცემათ საშუალება თავისუფლად გადაადგილდნენ ევროპის სივრცეში და გაიცნონ იქ არსებული ბიზნეს შესაძლებლობები. მისივე განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული დამატებით მიგრაციულ რისკებთან, არამედ ეს ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, კულტურულ და ბიზნეს კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერებას.

„ქართველები კვლავ იხსენებენ საბჭოთა დროს, როდესაც 37 რუბლად დაფრინავდნენ მოსკოვში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი და ვიმუშაოთ, რათა ევროპა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქები გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისათვის. ნაცვლად იმისა, რომ ვსარგებლობდეთ ყველა ამ შესაძლებლობით, ჩვენ ვაწყდებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებულ პროცესს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებებს. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ იმ ინტერ-ინსტიტუციონალური დებატების მძევლები, რომელიც არ ასახავს პარტნიორულ ურთიერთობებს. მოდით იმედს ნუ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს, მოდი შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია გააგრძელონ ურთულესი რეფორმები და მოდით განვაგრძოთ ერთად სვლა თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპისკენ. მოდით ნუ მივანიჭებთ სიამოვნებას იმ ძალებს, რომელთა სურვილია ის, რომ ევროპა დამარცხდეს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა პრემიერ მინისტრის ვიზიტზე ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ასოცირების საბჭო და განხილული იქნება ასოცირების ახალი დღის წესრი 2017-2020 წწ., რომელიც მინისტრის განცხადებით, არის ამბიციური დღის წესრიგი და საქართველოს კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ევროპულ სახელმწიფოთა სტანდარტებთან დაახლოებას ითვალისწინებს.

კონფერენცია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს შესახებ მომხსენებლის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინო საქმეთა კომიტეტის წევრის მარია გაბრიელის ინიციატივით ჩატარადა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის, ევროკომისიის და საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics