19:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 13:16:22, 725 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი და „პროფკავშირები“ მინიმალური ხელფასის დეფინიციის განსაზღვრას ითხოვენ

სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საარსებო მინიმუმისა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ომბუდსმენმა დღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ეკონომიკის ექსპერტებს, თბილისის საკრებულოს, დიპლომატიური მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო  ვალდებულებების ჭრილში, მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევა წარუდგინა.

როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, მოქმედი შრომის კოდექსი მინიმალური ხელფასის ოდენობას არ ითვალისწინებს.

სახლახო დამცველის აპარატის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარს შეადგენს, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზრაურების მინიმალურ ოდენობად დადგენილია 135 ლარი.

ორივე შემთხვევაში მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე დაბალია.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი  62 681-ს, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალი კი 130 282 ადამიანს, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში დასაქმებული პირები საკუთარი ხელფასით საარსებოდ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც კი  ვერ ახერხებენ.

სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შემუშავებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები: საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის 1970 წლის 131-ე კონვენციის რატიფიცირება, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და გაჩნდეს მინიმალური ხელფასის დეფინიცია, მინიმალური ხელფასის ოდენობა  განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით, რათა არ მოხდეს არასრულ განაკვეთიანი სამუშაო  ადგილების შემცირება.

ამასთან, რეკომენდაციის  მიხედვით, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის მექანიზმი.

მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის ვალდებულება დაეკისროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, პრემიერ-მინისტრი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ვალდებული იქნება დაადგინოს მინიმალური ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად.

მინიმალური ხელფასის ანაზღაურებაზე კონტროლი უნდა განახორციელოს შრომის ინსპექციამ, რომელსაც  უნდა გააჩნდეს ბერკეტი, გამოავლინოს დარღვევა და დამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციები გამოიყენოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics