|
2016-10-31 18:33:03, 728 ნახვა
საზოგადოება
EMC უსახლკარო პირთათვის საარსებო შემწეობის მიღების შემზღუდავ რეგულაციებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე, ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის საარსებო შემწეობის მიღების შემზღუდავი რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, 2016 წლის 31 ოქტომბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, EMC წარმოადგენს მოსარჩელე ვ. ჩ.-ს ინტერესებს, რომელიც მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირია და ეზღუდება საარსებო შემწეობასა და სხვა ბენეფიტებზე წვდომის უფლება. სადავო რეგულაციები ადგენს, რომ ქუჩაში მცხოვრებ უსახლკარო პირებს არ გააჩნიათ უფლება, დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიიღონ საარსებო შემწეობა და ისარგებლონ ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა სახის ბენეფიტებით, მაგ. ბაზაში რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებული ცენტრალური ხელისფულებისა თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრირებადი სოციალური პროგრამებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებით სასამართლოში წარდგენილ სარჩელებსა თუ განცხადებებზე და სხვა. აღნიშნულს განაპირობებს ის სადავო ნორმები, რომელთა თანახმადაც, დასახელებული უფლებები ენიჭებათ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონის ფაქტის მიუხედავად, ორივე კატეგორიის ოჯახს შესაძლებელია გააჩნდეთ თანაბარი საჭიროება, დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში და, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესაბამისად, ისარგებლონ საარსებო შემწეობის მიღების უფლებით და სხვა სახის, კანონით გათვალისწინებული სარგებლით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით ისინი წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, რომელთა მიმართაც განსხვავებულ რეგულაციებს ითვალისწინებს გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები. ამასთან, ამგვარი მიდგომა ვერ იქნება გამართლებული სახელმწიფოს შესაძლო ლეგიტიმური მიზნით, როგორიც არის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა და/ან ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სირთულეები. გარდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისა, EMC მიიჩნევს, რომ გარკვეული პროცედურული სირთულეების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფო არ აღიარებს მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ პირებს ღირსების, სიცოცხლისა და სოციალური უსაფრთხოების უფლებით დაცულ სამართლის სუბიექტებად, რაც იწვევს მათთვის იმ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რისთვისაც გამიზნულია საარსებო შემწეობა, კერძოდ საკვებსა თუ სხვა სახის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიმართულ საშუალებებს. მსგავსი მიდგომა ლახავს მოსარჩელის ღირსების უფლებას, რაც აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან, ვერ იქნება გამართლებული რაიმე ლეგიტიმური მიზნით. ადამიანებისთვის საარსებო მინიმუმზე წვდომის უფლების შეზღუდვა მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ პირებს ასევე აიძულებს იცხოვრონ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მუდმივი და განგრძობადი საფრთხის შემცველ გარემოში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიცოცხლის უფლებას, ისევე როგორც სოციალური უსაფრთხოების უფლებას. ეს უკანასკნელი თავის თავში მოიცავს ადამიანის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილების უფლებას, რათა შეძლოს არსებობა და კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)