2016-10-29 21:19:50, 728 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა
მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა უნდა შეეძლოს მხოლოდ ქალსა და მამაკაცს. მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ისინი ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგნი არიან.
“არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ოჯახის დეფინიცია, რომელიც ხშირად იყო დამახინჯებული. უბრალოდ ვსაუბრობ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა უნდა შეეძლოს მხოლოდ ქალსა და მამაკაცს. ეს არის ჩვენი აზრი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული. რაშია განსხვავება მაშინ ჩვენს პოზიციასა და ზოგიერთი იმ ჯგუფების პოზიციასს შორის, რომლებიც ამ საკითხის ასე ვთქვათ, აჟიტირებას ახდენენ, აქტუალიზაციას. ვფიქრობ, დიდი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგნი ვართ. არცერთი საერთაშორისო კონვენციით ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება არ არის დისკრიმინაციული. ამაზე პასუხისმგებელი ვარ, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერის გადატანა კონსტიტუციაში. თუ დისკრიმინაციულია, მაშინ რატომ გვაქვს სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპაში სჭირდებათ ის საქართველო, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიციული ფასეულობები და ღირებულებები, სწორედ ასეთი საქართველო სჭირდება ევროპას, ასეთი საქართველოა ღირებული ევროპისთვის. ჩვენ თვითონ ვართ ევროპა. ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მომხრეა ისე, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს საუკეთესო ტრადიციული ფასეულობები და არანაირი ზიანი მას არ მიადგეს.
“ჩვენ ამაში არ ვართ უნიკალურები. ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაში. მათ შორის, აშშ-შიც, არ არის ყველგან დაშვებული. ზოგ შტატში დაშვებულია, ზოგში არა. ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად აქტივიზირებული, ვფიქრობ, საერთოდ ამ საკითხის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაც სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ გვეჩვენებინა, მათ შორის იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებისთვისაც ძვირფასია როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამავე დროს ძვირფასია ტრადიციული ფასეულობები, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ ძალიან აქტიურად მხარი ამ ინიციატივას. ჩვენ ვიცავთ უმცირესობების უფლებებს. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა სწორედ ამიტომ იქნა მიღებული საქართველოში, რომ ყველა უმცირესობის უფლებებს ვიცავთ. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის მხარდაჭერა გვაქვს კომბინაციაში ანტიდისკრიმინაცულ კანონმდებლობასთან. ეს ძალიან დიდი განმასხვავებელია. ჩვენ ვართ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მომხრე ისე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ საუკეთესო ტრადიციული ფასეულობები და არანაირი ზიანი ამას არ მიადგეს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან