|
2016-09-11 13:08:43, 1090 ნახვა
პოლიტიკა
ქეთევან ენუქიძე: ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მიდის, პასუხისმგებლობას არა გამარჯვების, არამედ დამარცხების შემთხვევაშიც უნდა იღებდეს
"თავისუფალი დემოკრატების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ქეთევან ენუქიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გაიაზროს, რა არის დეპუტატის უფლებამოსილება და რეალურად რისთვის ირჩევს მას. როგორც ენუქიძემ აღნიშნა, მას საკუთარი საარჩევნო პროგრამა არ აქვს, რადგან ფიქრობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაპირებები სკვერის მოწყობასა, თუ ასფალტის დაგებაზე, ტყუილია და შეურაცხმყოფელია, ვინაიდან, მისივე განმარტებით, დეპუტატს ბევრად მეტი უფლებამოსილება გააჩნია. ქეთევან ენუქიძის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მან, როგორც დეპუტატმა, პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოგვარებაზე უნდა იზრუნოს. ენუქიძის შეფასებით, ადამიანები არჩევნებზე ხმას უნდა აძლევდნენ არა სახურავების გადახურვას, არამედ- საკუთარი შვილების ბედნიერი მომავლის შენებას: "საარჩევნო პროგრამა ესაა პარტიის ძირითადი პლატფორმა, რადგან კამპანია, რომელიც ახლა ხორციელდება საქართველოში, როდესაც საკრებულოსა და პარლამენტის დაპირებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთამენთს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რას უნდა დავპირდე ამომრჩეველს? როდესაც შევალ პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში, იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს გლობალურად, ეს იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუ კონკრეტულად ჩემი ოლქის მასშტაბით, ოლქში არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ არის ისეთი, რაც ზოგადად არ არის ქალაქისთვის და ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს. მე არ ვიყრი კენჭს საკრებულოში. რატომღაც შენარჩუნებულია ტენდენცია, ფიგურირებს თემა, რომ შეიძლება არსებობდეს მაჟორიტარობის კანდიდატის პირადი პროგრამა, ანუ როგორ გავაკეთო სკვერი და როგორ მოვკირწყლო აქ ასფალტი და შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, საკრებულოს პროგრამა. ეს მინდა რომ გავმიჯნოთ. გამარჯვების შემთხვევაში, მე უნდა ვიზრუნო განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, რომ სოციალური პირობები საკანონმდებლო დონეზე გაუმჯობესდეს, რათა ვერც ერთმა ჩინოვნიკმა მანიპულირება ვერ შეძლოს კანონით. ასეთ პარლამენტში ვაპირებ მისვლას და ჩემი აზრით, მკაფიოდ უნდა იყოს ერთამენთისაგან ეს ორი თემა გამიჯნული",-ამბობს ქეთევან ენუქიძე. მისივე განცხადებით, პოსტსაბჭოური და პოსტკოლონიური სისტემისგან გათავისუფლების გეგმა აქვს: "იმიტომ, რომ დიდი პლატფორმა უნდა შეიქმნას ქვეყანაში. ასეთი სისტემა ისევ მოქმედებს. შევარდნაძეს წარმოდგენა არ ჰქონდა, ეს როგორ უნდა შეეცვალა და დაემსხვრია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ალტერნატიული სისტემა შექმნა, რომელიც ტიპური პოსტკოლონიური სისტემა იყო და მთელი მსოფლიოს ქვეყნებში პოსტკოლონიურ სისტემებში ზუსტად ასეთი იმიტირებული ძლიერი სახელმწიფო იქმნებოდა და ამათ ("ქართულმა ოცნებამ") საერთოდ ვერაფერი ვერ შექმნეს, უბრალოდ შესანიშნავად ისარგებლეს იმით, რაც არსებობდა, რა მოცემულობაც იყო, რადგან ამათ სერიოზული ინტელექტუალური და მენტალური პრობლემები აქვთ. ამიტომ, ყველაზე მთავარი ტყუილი, რითიც ესენი საარჩევნო კამპანიას იწყებენ, არის კარუსელებისა და სახურავების დაპირება. ესაა შოკისმომგვრელად შეურაცხმყოფელი. როდესაც პარლამენტარს რეალურად ათასჯერ მეტი უფლებამოსილება აქვს, როდესაც სარგებლობს საოცარი პრივილეგიებით, როდესაც ჭამს ხალხის ფულს, როდესაც ემსახურება 50 მანქანა და 15 ბიურო აქვს, ის უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ იზრუნოს სამუშაო ადგილების შექმნაზე, ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელშიც ადამიანი თავს დაცულად იგრძნობს, როდესაც კანონმდებლობა იქნება ადამიანის მხარეზე და არ დაკავდეს კარუსელების გაკეთებითა და ასფალტის დასხმით, რომ შემდეგ ზედ როლიკებით კარგად ისეირნოს. მაგალითად, ჩემი კონკურენტი, "ქართული ოცნებიდან" ბექა ნაცვლიშვილი, რომელიც წერილებსა და სტატიებს წერდა იმის შესახებ, რომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს თავისი უფლებამოსილება (მაშინ ძალიან მომწონდა ეს ყმაწვილი), აუცილებლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული მაჟორიტარი, სად მიდის, რომ მას არ ევალება რაღაცების გადახურვა და ამ დროს თვითონვე აკეთებს ამას. ესაა აყველაზე გულსატკენი. სიყალბე მეზიზღება. ძალიან მეწყინა, ამას არ ველოდი "ოცნების" კანდიდატისგან."ნაციონალები" ასეთი ტიპის ტყუილებში უფრო მეტად გამობრძმედილები არიან. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს წარმოდგენაც არ აქვს, ვისაც ირჩევს, სინამდვილეში რისთვის ირჩევს. ხმას უნდა აძლევდნენ არა სახურავების გადახურვაში, არამედ საკუთარი შვილების ბედნიერი მომავლის შენებაში",-განაცხადა ქეთევან ენუქიძემ. "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის მოსახლეობას აქტიურად ხვდება. ენუქიძის თქმით, მათ ძირითადად უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემა აწუხებთ: "ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა. საწარმოები არ არის. ასევე სიღარიბე. ისანი პერიფერიული ოლქია და ძალიან ბევრი დევნილია. დევნილებთან მძიმე სიტუაციაა, რადგან მათ აქვთ თანასაკუთრებაში აღებული ბინები. თანასაკუთრების პირობიდან გამომდინარე, კორპუსი თვითონ არ ეკუთვნის ამ ხალხს. ეკუთვნის ოთახი. სახელმწიფოს უნდა შეიყვანს კორპუსში გაზს, დენს და წყალს, უნდა არ შეიყვანს. თუ გასაყიდად ამზადებს კორპუსს, ცხადია, მისთვის წამგებიანია გაზიფიცირება, მილებია რაღაც კონდიციამდე მიყვანილი, მაგრამ ოთახებში არაა შეყვანილი, ან ოთახებშია მილები შეყვანილი, მაგრამ სამზარეულოში არაა შეყვანილი. ოთახში კიდევ არანაირი დანადგარის დაყენების უფლება არ აქვთ, რადგან სტანდარტულად 16 კვადრატული მეტრია ის ოთახი. ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველია. ბევრი მარტოხელა მოხუცია. ძირითადად ასეთი ტიპური პრობლემებია, რაც ყველგან. ბევრი მოუწყობელი ქუჩებია, არის უბნები, სადაც იფიქრებ, რომ ომის შემდეგ აღარაფერი მომხდარა. არის ადგილები, სადაც დევნილები, მარტოხელა დედები არიან, თავშეფარებული ადამიანები არიან. არ ხდება რეგულირება, რა პირობით შედიან იქ ადამიანები, ვის შეყავს. სახელმწიფო შემდეგ ვალდებული ხდება, რომ ეს ადამიანები რაღაცნაირად დააკმაყოფილოს. ყველას წინაშე სახელმწიფო ვალდებულებას ვერ აიღებს, მაგრამ რეგულაცია, ვინ უნდა შევიდეს და ვინ-არა, არაა, არ კონტროლდება. ჩვენთან არ არის უნივერსიტეტები, ძალიან ცოტა საბავშვო ბაღია. არის რამდენიმე უბანი, სადაც მარშუტკა თვალით არ ჰყავთ ნანახი და ისურვებდნენ, რომ ეს ქსელი დაეგრძელებინათ. მაგრამ ეს პრობლემები, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი მაჟორიტარი კანდიდატი მანიპულირებდეს, არ არის პარლამენტარის პრეროგატივა. თუმცა, პარლამენტარი რადგან არის უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელი, უფლებამოსილიცაა და ვალდებულიცაა, მათზე ქვემოთ მდგომი ორგანოების წარმომადგენლები შეაწუხოს და თუნდაც აიძულოს, რომ საქმე გააკეთონ. ესეც გაცნობიერებული მაქვს",-აღნიშნა ქეთევან ენუქიძემ. ქეთევან ენუქიძის განმარტებით, ისნის მოსახლეობის მხარდაჭერას გრძნობს და ფიქრობს, რომ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. თუმცა, ისნის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას ენუქიძე დამარცხების შემთხვევაშიც აპირებს: "ამ უბნელი ვარ. დავიბადე აქ, აქ დაიბადა პაპაჩემი, ბებიაჩემი, დედის მხრიდან, მამის მხრიდან. მყავს ბევრი ნაცნობი, მეგობარი, ვარ მასწავლებელი 22 წლიანი სტაჟით. მყავს ძალიან დიდი სანაცნობო წრე. ვიტრაბახებ და ვიტყვი, რომ საკმაოდ კარგი რეპუტაცია მაქვს. ხალხთან კარგი კომუნიკაცია მაქვს, კარგად ვურთიერთობ მათთან. ძალიან ბევრს ვმუშაობ. ერთ ადგილზე რომ მივდივარ, ხანდახან 2 საათიც კი მიწევს გაჩერება. არის ადგილები, სადაც რამდენჯერმე მომიწია მისვლა, რადგან დიდი პრობლემები იყო და მინდოდა, გამერკვია კანონის დონეზე, რით შეიძლებოდა მათი დახმარება და პასუხი მიმქონდა. ვიცი, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში მიჯერებენ და მეორე რიგში დამიჭერენ მხარს. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ახლა მოსახლეობაშია, ესაა საკუთარ მომავალზე უარის თქმა, რადგან მათ არავისი აღარ სჯერათ. ჩვენ არ ვაკეთებთ კოორდინატორებიან შეხვედრებს. მივდივარ ისეთ ადგილებზე, სადაც რეალური პრობლემებია, რადგან მაინტერესებს რეალური პრობლემები ანალიზის გასაკეთებლად, რომ ვიცოდე, რეალური პრობლემა რაში მდგომარეობს. ორი ადგილობრივი ვართ, გიორგი ვაშაძის პარტიის წევრი თეონა ჭალიძეა კიდევ, რომელიც ამ უბანშია გაზრდილი, სხვა დანარჩენები მოსულები არიან. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს და მე ვიქნები, ალბათ, ის, ვინც აქ გაიმარჯვებს, ყოველშემთხვევაში, ასე მინდა, ვიქნები მაინც აქ მაჟორიტარი და ამას ვეტყვი ნებისმიერს, რადგან კარგად ვიცი აქ რისთვის მოდიან. არ ვაპირებ ის დაპირებები, რომლებიც ხალხს მივეცი, დავმარცხდები, თუ გავიმარჯვებ, არ შევასრულო. ისინი იქნებიან იძულებულები, რომ იმუშაონ აქ. ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მიდის, პასუხისმგებლობას უნდა აიღებდეს არა გამარჯვების, არამედ დამარცხების შემთხვევაშიც. ეს უკიდურესი შემთხვევა, იმედია, ასე არ იქნება და ჩემი კუთვნილი ადგილიდან და პარლამენტიდან მოვაგვარებ ამ ადამიანების პრობლემებს",-განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)