2016-09-07 09:16:39, 820 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა
2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა. დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და დელეგაციაში იქნებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები.
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში იქნება რიგით მეოთხე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტები 2008 – 2013 წლებში:
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოს პირველი ვიზიტით 2008წ. 15-16 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს და კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წლის 9-10 ნოემბერს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად ნატოს წევრი სახელმწიფოები მიესალმნენ საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, გამოიხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ნატო-ს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტი საქართველოში 2013 წლის 26-27 ივნისს განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. საბჭო მიესალმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ნატოს მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველო თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისათვის შეაქეს დაავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში (ISAF) მონაწილეობისათვის მადლიერება გამოხატეს.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შესახებ:
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო არის ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატო-ს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოზე განიხილება პოლიტიკური და მიმდინარე საქამიანობასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებით და გადაწყვეტილებები მიიღება კონსესუსის საფუძველზე.
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო იკრიბება კვირაში ერთხელ, ან მეტჯერ ელჩების დონეზე, წელიწადში ორჯერ საგარეო საქმეთა მინისტრებისა და წელიწადში სამჯერ თავდაცვის მინისტრების დონეზე და პერიოდულად სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მონაწილეობით.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან