05:13 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 16:30:36, 794 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი პაპუაშვილი ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძეს პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და სხვა პოლიტიკოსების მიერ დღეს გაკათებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანია მიმდინარეობს.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს გავრცელებული განცხადებები არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

„ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და სხვა პოლიტიკოსების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანია, ხოლო ცალკეულ მოსამართლეებზე პოლიტიკური თავდასხმების, მათი დევნის რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველი და უცხოელი დამკვირვებლების მიერ შეფასებული იქნა პროგრესულ გადაწყვეტილებებად და ჩვენ სახელმწიფოში დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ინდიკატორად. განცხადებებში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, განპირობებულია კანონისა და სასამართლო პრაქტიკის ცოდნის ნაკლებობით, მიზნად ისახავს მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების და საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობას.

ასევე საგანგაშოა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელების განზრახვის შესახებ. ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ აღკვეთოს ასეთი დანაშაულებრივი განზრახვა, თუ ის რეალურია, არამედ მიმართოს სათანადო ძალისხმევას საკონსტიტუციო სასამართლოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის აუცილებელი გარემოს შესაქმნელად.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი და რამდენიმე ჩემი კოლეგის მხრიდან გაკეთდა საკმარისად ცხადი განცხადებები სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. თითოეულმა ჩვენგანმა გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო შეფასებები მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ.

რაც შეეხება ე.წ კაბელების საქმის რეგისტრაციის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების თუ საქმეთა განხილვის თანმიმდევრობის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს და ამ საკითხებში პოლიტიკოსების ჩარევის მცდელობა დაუშვებელია და ძალზე სახიფათო.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასევე გაკეთდა არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ერთი ნაწილი გეგმავდა ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალებას“ და ამ მიზნით განზრახული ჰქონდა არჩევნების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რაც არჩევნების ჩაშლას გამოიწვევდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილე არც ერთ მოსამართლეს არ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობა იყო არაკონსტიტუციური. შესაბამისად, თეორიულადაც კი, არ არსებობდა საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილებას გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება.

ამდენად, დღეს გავრცელებული განცხადებები არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო“,-ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics