|
2016-07-18 22:25:40, 716 ნახვა
პოლიტიკა
„როგორც კი საქართველოს ოკუპაციის საკითხი გადაწყდება, მზად ვართ ვიყოთ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებში“
"როგორც კი საქართველოს ოკუპაციის საკითხი გადაწყდება, მზად ვართ ვიყოთ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებში" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ, ლიუბლიანაში, პრეზიდენტის სასახლეში პრესისათვის გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის. სლოვენიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთან მიმართებაში. საქართველოს პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორს მადლობა გადაუხადა ამ მხარდაჭერისთვის. ,,ვიმედოვნებ, რომ ეს [ვიზალიბერალიზაცია] მოხდება, რაც შეიძლება ადრე. ის, რომ ეს არის გადაწყვეტილი საკითხი და უბრალოდ, პროცედურებია გასავლელი, ამის თაობაზე ჩვენ ევროკავშირის არაერთი ლიდერებისგან მოვისმინეთ. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნებამდე მოხდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს, რომელიც საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობას, რუსეთთან ურთიერთობას და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს შეეხებოდა. როგორც სლოვენიის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, მას სჯერა, რომ სლოვენიას, სხვა, საერთო ღირებულებების მქონე ერებთან, ევროპის იმედი და ევროპის საბოლოო იდეა აერთიანებს. ,,დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მარტივი იქნება ფინანსურ კრიზისთან, მიგრაციასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა, თუ ევროპა იქნება უფრო დიდი, თუ მეტი ქვეყანა გაერთიანდება ევროპულ ოჯახში. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის კავშირი ყურადღებას მიაპყრობს იმ საკითხებს, მათ შორის თქვენი ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხს. ვიმეორებ, უფრო დიდი ევროპა, სწორედ ევროპის ინტერესებშია, ვიდრე შეკუმშული, უფრო მცირე ევროპა. სწორედ ეს არის იდეა გაფართოებისა, მაგრამ ევროპის კონსოლიდაცია სწორად უნდა მოხდეს. მე ეს პოზიცია მქონდა და ახლაც გამაჩნია. ჩემი და ჩემი ქვეყნის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცალსახაა. მე ვფიქრობ, რომ დროა ევროკავშირმა თქვას, თუ რა არის მკაფიო ამოცანა მისი გაფართოების, უფრო მკაფიო პოზიცია უნდა გამოითქვას ამასთან დაკავშირებით. არიან ქვეყნები, რომლებსაც სურდათ და სურთ ევროკავშირის წევრობა - თურქეთი, უკრაინა, საქართველო, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხეული შეუწყოს ამ ქვეყნების შემდგომ ინტეგრაციას. მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება, მათი სრული გაწევრების შესახებ, ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ევროკავშირის პერსპექტივებზე და იგივე შეიძლება ითქვას NATO-ზე, როდესაც სლოვენიამ ცალსახად განაცხადა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოსადმი. სლოვენია მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს, რა თქმა უნდა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამ პაკეტის - თანამშრომლობის პაკეტის განხორციელებაში. სლოვენიას სურს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა ის გაყინული პრობლემა, გაყინული კონფლიქტები, თუ შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენო, გადაიჭრას. ვფიქრობ, რომ ამის განხორციელება შესაძლოა, სწორედ დიალოგის გზით. დიალოგის გარეშე, ალბათ რთულია ვისაუბროთ ამ პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტაზე და სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ჟენევის ფორმატში არსებულ მოლაპარაკებებს, აგრეთვე საქართველოს პერსპექტივას ვიცი, რომ არსებობს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე და ჩემი ქვეყანა ყველა მიმართულებით მხარს დაუჭერს საქართველოს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, თუ როგორი უნდა იყოს მისი საგარეო პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო ვექტორები და ეს პრინციპი იყო და რჩება ამოსავალ წერტილად", - განაცხადა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვარშავის სამიტზე დაფიქსირდა, რომ საქართველო გახდებოდა უფრო დაცული და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კონკრეტული ფორმატები კონკრეტულ ქვეყნებთან განვითარდებოდა. ,,სლოვენია არის ერთერთი ასეთი მაგალითი. ჩვენ მადლობელი ვართ იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც ჩვენ ჩვენს სლოვენიელ კოლეგებთან ერთად გავაღრმავებთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს შეგუება ოკუპაციას. ,,რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მეზობლის მიმართ არის ძალიან ნათელი და მტკიცე და ის მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს, არც ოკუპირებულ რეგიონებს და საქართველოსთვის ეს არის კატასტროფული პრობლემა. ჩვენ ველით იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები მზად იქნებიან რაციონალურად, მშვიდად, ყოველგვარი მტრის ხატის შექმნის გარეშე განიხილონ მეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. ამისთვის მზად უნდა იყვნენ რუსებიც. როგორც კი საქართველოს ოკუპაციის საკითხი გადაწყდება არ გვაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, უარყოფითი პრეტენზიები რუსეთის მიმართ, არამედ მზად ვართ ვიყოთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, რუსეთსაც ეს უნდა აწყობდეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორი საქართველოში მოიწვია. სლოვენიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის მიწვევა მიიღო და უახლოეს ხანში საქართველოს ეწვევა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)