23:59 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 10:43:36, 339 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით ნატოს მხრიდან

ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე პუნქტობრივად განიხილეს ის დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, თებერვალში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე წარადგინა.

თინა ხიდაშელის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ წინადადებების რეალიზებისათვის, რომლებიც საქართველომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შესთავაზა.

მხარეებმა ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ არსებითი პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს და პროცესში მნიშვნელოვანია ალიანსის წევრი ქვეყნების აქტიური ჩართვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ პირველ სწავლებას, რომლის შეფასებაც დღეიდან იწყება.

„დავიწყეთ შეხვედრები ნატოს ხელმძღვანელობასთან. დღეს პირველი შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან გავმართეთ, სადაც ვარშავის სამიტისთვის ჩვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მუშა მდგომარეობაში ვისაუბრეთ. დღეს ერთგვარი ნატოს დღე გვაქვს გლობალური უსაფრთხოების ფარგლებში, სადაც შესაძლებლობა ჩნდება, რომ მშვიდ, მუშა მდგომარეობაში დეტალურად განვიხილოთ ის სამოქმედო გეგმა, რომლითაც საქართველო წარდგება ვარშავაში და ის მოლოდინები, რასაც ვარშავიდან ჩვენ ყველანი ერთად ველოდებით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

როგორც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანია.

„თავდაცვის მინისტრთან, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. გავიარეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობასთან და პოლიტიკურ შეხვედრებთან დაკავშირებული ყველა საკითხი. უკვე გვქონდა რამდენიმე მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა და იმედია მსგავსი შეხვედრები ვარშავის სამიტის ფარგლებშიც შედგება. ძირითადად, საუბარი შეეხო არსებითი პაკეტის პრაქტიკულ განხორციელებას, რომელიც ძალიან კარგად მიმდინარეობს - საწვრთნელი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს. ვმუშაობთ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თემაზე. უკვე გვქონდა ერთი სწავლება და კიდევ ვგეგმავთ სხვა ტრენინგებსაც, რომელიც საქართველოში პარტნიორებისთვის ჩატარდება. ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ გვექნება სამიტი და შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ, სადაც ავღანეთის მისიის განხილვა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე მოხდება. რა თქმა უნდა, იქ საქართველოც იქნება წარმოდგენილი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოისმენენ ჩვენს მადლობებს, თუ რამდენს აკეთებს საქართველო, რომელიც მისიაში მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა. ნამდვილად კარგი შეფასებები გაკეთდება. გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით კი ნატოს მხრიდან, რათა ალიანსი უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში. ჩემი საქმეა, დაგეხმაროთ, იყოთ კმაყოფილები და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

სლოვაკეთის რესპუბლიკაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან და ნატოს გენერალური მდივნი თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩ ტაკან ილდემთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics