20:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 14:28:28, 497 ნახვა

პოლიტიკა
მიროტაძე NDI-ს კვლევაზე: თუ ვინმე გულისხმობს, რომ ჩვენ კანონშემოქმედებით საქმიანობაში არაეფექტურები ვართ, მართალი არ არის

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე  "ექსპრესნიუსთან" ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს.

კვლევის თანახმად, მოქალაქეები  პარლამენტის მიმართ დაბალ ნდობას გამოხატავენ.

ანი მიროტაძის თქმით, ძალიან მაღალი რეიტინგი საქართველოში  არც ერთ პარლამენტს არ ჰქონია, რადგან ეს პირდაპირ დაკავშირებულია  ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან. დეპუტატის შეფასებით, ვიდრე  ქვეყანაში პრობლემები იქნება,  პარლამენტი საზოგადოებაში მაღალ  ნდობას ვერ მოიპოვებს.

თუმცა, ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ   კანონშემოქმედებით საქმიანობაში პარლამენტი ეფექტურია. მისივე განმარტებით, არასწორია, თუ პარლამენტის არაეფექტურობაში  გულისხმობენ იმას, რომ   კანონები კარგად არ მუშაობს.  მიროტაძის  შეფასებით, კანონების კარგად მუშაობა მხოლოდ პარლამენტში საქმიანობაზე დამოკიდებული არაა.

"მე საერთოდ კვლევებს არ განვიხილავ ნდობა-არ ნდობის ჭრილში.  მე ნდობა მაქვს ხოლმე დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგების, მთავარი სოციოლოგიური კვლევა ტარდება მაშინ. რაც შეეხება ამ კვლევებს, რასაკვირველია, არის საინტერესო და მიმაჩნია, რომ სამუშაოც ძალიან საინტერესოა. ბევრი ისეთი  საკითხია, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს და თავისი პოლიტიკური საქმიანობის დაგეგმვისთვის ეს საკითხები გამოიყენოს.

რაც შეეხება იმას, რამდენად ეფექტურად მუშაობს პარლამენტი, მე მგონია, რომ არც ერთ პარლამენტს არ ჰქონია ძალიან მაღალი რეიტინგი, არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩვენი მოწვევის პარლამენტს, ვფიქრობ, არც მომავალი მოწვევის პარლამენტები იქნება მაღალი ნდობის რეიტინგით, ვიდრე ქვეყანაში პრობლემები იქნება. ჩვენს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, ეს არის ფაქტი. თუ ვინმე გულისხმობს, რომ ჩვენ ეფექტურები არ ვართ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, ეს მართალი არ არის, მაგრამ  თუ ვინმე გულისხმობს იმას, რომ ეს კანონები კარგად  არ მუშაობს, კარგად ამუშავებული კანონების შედეგი არ არის ქვეყანაში  უკეთესი გარემო, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს მხოლოდ პარლამენტში საქმიანობაზე დამოკიდებული არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არ არის, რა თქმა უნდა, არის.

მე ვისურვებდი, რომ  უკეთესი პარლამენტი იყოს, უკეთესი მთავრობა გვქონდეს, უკეთესი საინვესტიციო  გარემო იყოს, მეტი ეკონომიკური პროექტი იყოს განხორციელებული, რაც თითოეულ ადამიანს მისცემს იმის შესაძლებლობას,  რომ უკეთესად იცხოვროს და ავტომატურ რეჟიმში შემდეგ მათი  დამოკიდებულებები სწორედ ამის მიხედვით შეიცვლება. როდესაც ადამიანებს ბევრი პრობლემა აქვთ, რასაკვირველია, მათ გარკვეული  კითხვები და პრეტენზიები აქვთ ხელისუფლებასთან, რომლის  შემადგენელი ნაწილი არის პარლამენტი", -განაცხადა ანი მიროტაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგს, მიროტაძის თქმით, ვინაიდან "ეროვნული ფორუმი" კოალიციაში აღარაა, ამ მიმართულებით კვლევის შედეგები მისთვის ცოტა უინტერესოა. ანი მიროტაძის განმარტებით,   უფრო საინტერესო იქნება შემდგომი კვლევები, სადაც  პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის"  დამოუკიდებელი მდგომარეობა იქნება ასახული. მიროტაძის განცხადებით, კვლევის  დღევანდელი შედეგებიდან  მისთვის საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის 60% ჯერ კიდევ არის რეჟიმში, როდესაც   მიღებული არ აქვს გადაწყვეტილება, თუ  ვის მისცეს ხმა საპარლამენტო არჩევნებზე:

"მე მგონია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა დაფიქრდეს ამაზე, მათ შორის, პირველ რიგში ხელისუფლება, რომ მისი  მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეიძლება არ არის განაწყენებული, მაგრამ არ არის   ხელისუფლების მხარეს", - აღნიშნა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

ინფორმაციისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს კვლევაშია ნათქვამია, რომ  მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა,  მოქალაქეები  მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას.

კვლევის თანახმად, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის წევრები მოსახლეობის აზრს არ ითვალისწინებენ, ან მათი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის ზომებს არ იღებენ. უმრავლესობა (64 პროცენტი) მიიჩნევს, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში მხოლოდ საკუთარ ინტერესებს წარმოადგენს, მაშინ როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი დეპუტატი ამომრჩევლის ინტერესებს იცავს. გამოკითხვის თანახმად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამომრჩევლებიდან თითქმის არავის (2 პროცენტი) არ დაკავშირებია პარლამენტის წევრი ან მისი წარმომადგენელი, ხოლო მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედეზე ნაკლებმა (31პროცენტი) იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი; ეს კიდევ უფრო გამოკვეთს ამომრჩევლებსა და მათ მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს შორის კომუნიკაციის სიმცირეს. გარდა ამისა, მოქალაქეების უმეტესობამ (70 პროცენტი) არ იცის როგორ დაუკავშირდეს მის წარმომადგენელს, მაშინ როცა მხოლოდ 9 პროცენტი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში ადვილად შეუძლია შესვლა. ამავდროულად, მოსახლეობის 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამტკიცებს კანონებს; მაშინ, როდესაც, 48 პროცენტი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ პარლამენტი სათანადოდ ვერ ართმევს თავს მისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას – წარმოადგენდეს მოქალაქეების საჭიროებებსა და ინტერესებს. საკანონმდებლო ორგანოს წევრები და შენობაც კი, აღიქმება, როგორც საზოგადოებისთვის მიუწვდომელი.

გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და ზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics