03:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 13:41:38, 716 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო: მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნაზე ბრალდებები რეალურ საფუძველს მოკლებულია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო  კოალიციის „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისათვის" მიერ წამოწყებულ კამპანიას და კამპანიის პრეზენტაციის დროს შემუშავებულ პეტიციაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცედრასთან დაკავშირებით, თვითნებობისა თუ ხელისუფლების ჯგუფებთან კულუარული გარიგების თაობაზე ბრალდება, მხოლოდ ვარაუდებს, ან სასამართლოში არსებული პრობლემების არცოდნას ემყარება და რეალურ საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, საბჭო მზადყოფნას გამოხატავს, ღიად ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც დაინტერესებულია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებით და ურთიერთპატივისცემის საწყისებზე წარმოუდგენია ეს პროცესი.

„საბჭო ადასტურებს, რომ სასამართლო ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე მთელი თავისი საქმიანობის გამო და მიიჩნევს, რომ ეს ანგარიშვალდებულება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობითაც მიიღწევა. საბჭო ასევე ადასტურებს, რომ კვალიფიციური, ავტორიტეტული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დამკვიდრება კვლავაც რჩება ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად; რომ ამ სფეროში კვლავ დიდია განვითარებისა და გაუმჯობესების აუცილებლობა;  რომ სასამართლო რეფორმა  წარმოუდგენია, როგორც განვითარებისა და გაუმჯობესებისაკენ მუდმივი სვლა და, რომ მუდამ შეუწყობს ხელს სისტემის სრულყოფის მიზნით ნებისმიერი გონივრული იდეისა თუ წინადადების ცხოვრებაში დანერგვას.

ამასთან, საბჭო უარყოფითად აფასებს კოალიციის მხრიდან საბჭოს მისამართით იმ ბრალდებების წამოყენებას, თითქოს  მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის დროს საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს  „თვითნებურად", „არაობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ...ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით", „გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას" და არ „უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს".

იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომ  მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საბჭო მოქმედებს დამოუკიდებლად, თავისი კანონიერი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონიერი პროცედურების დაცვით და ხელმძღვანელობს სასამართლოს საჭიროებებით. ბრალდება თვითნებობისა თუ  ხელისუფლების ჯგუფებთან კულუარული გარიგების თაობაზე, მხოლოდ ვარაუდებს, ან სასამართლოში არსებული პრობლემების არცოდნას ემყარება და მოკლებულია რეალურ საფუძველს. 

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა წლებში და ეს არა მარტო მოქმედი ხელისუფლების ნების დამსახურებაა, არამედ მოსამართლეთა დღევანდელი კორპუსისაც, რომელიც არ შეეგუება არც რაიმე ზეწოლას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის და არც მისი ავტორიტეტის შელახვას უსაფუძვლო თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ბრალდებებით.  Freedom House-ის დღეს გავრცელებული ანგარიშიც მოწმობს, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მკვეთრად არის გაუმჯობესებული. დემოკრატიის საერთო დონის ამაღლების ფონზე სასამართლოს გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხი კვლავ მოიმატებს. ამ პროცესს კი მუდმივი ზრუნვა, ხელშეწყობა სჭირდება, და არა სისტემაში არსებული ნაკლოვანებების გამო რადიკალური, გაუაზრებელი მოთხოვნების დაყენება.

სწორედ ასეთად მივიჩნევთ კოალიციის მოთხოვნას, საბჭომ შეწყვიტოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო შესაბამის  რეგულაციებს არ მიიღებს. ფაქტობრივად, ეს არის მოთხოვნა, საბჭომ შეწყვიტოს თავისი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობების აღსრულება.

საბჭო იზიარებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გაუმჯობესების აუცილებლობას, მათ შორის, გადაწყვეტილების დასაბუთებისა, თუ მისი გასაჩივრების შესაძლებლობის დაშვების საკითხებში, მაგრამ აღნიშნავს, რომ ადეკვატური, ქმედითი რეგულაციების შემუშავება და ამოქმედება კარგად გააზრებას, დამუშავებას, კონკურსის პრინციპებთან მის ადაპტირებას,  მოსალოდნელი სამართლებრივი თუ სხვა ხასიათის პრობლემების განჭვრეტასა და მათი დაძლევის საკითხში ნათელი ხედვის შემუშავებას  მოითხოვს. ეს კი შესაბამისი, ადეკვატური დროის, სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან  საქმიანი, ჰარმონიული თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი და არა დაუყოვნებლივ, და მით უფრო საბჭოსთან კონფრონტაციული დაპირისპირების რეჟიმში.

ნიშანდობლივია, რომ იუსტიციის საბჭო სასამართლო კორპუსთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში.  იუსტიციის სამინისტროს ამ საკანონმდებლო ინიციატივებს დღეისათვის განიხილავს საკანონმდებლო ორგანო. პარლამენტის მიერ ახალი საკანონმდებლო  რეგულაციების  მოკლე ხანში მიღება  უზრუნველყოფს, კონკურსის წესით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცედურების გამჭვირვალობასა და განჭვრეტადობას. ასევე, გამწესებაზე უარის შემთხვევაში  გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმის დამკვიდრებას.  კანონპროექტი სიახლეებს გვთავაზობს დისციპლინური სამართალწარმოების საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის კუთხით.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არეგულირებს სასამართლოში შესულ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესს. მისი ამოქმედების თარიღად 2017 წლის იანვარია მითითებული, ჩასატარებელი ორგანიზაციული სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით.

საბჭო გამოხატავს მზადყოფნას, ღიად ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც ნამდვილად დაინტერესებულია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებით და ურთიერთპატივისცემის საწყისებზე წარმოუდგენია ეს პროცესი“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics