18:55 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 12:33:17, 662 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის კვლევა: დაბალი ნდობა პარლამენტისა და პოლიტიკოსების მიმართ

მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა. მოქალაქეები, ამავდროულად, მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის წევრები მოსახლეობის აზრს არ ითვალისწინებენ ან მათი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის ზომებს არ იღებენ. უმრავლესობა (64 პროცენტი) მიიჩნევს, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში მხოლოდ საკუთარ ინტერესებს წარმოადგენს, მაშინ როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი დეპუტატი ამომრჩევლის ინტერესებს იცავს. გამოკითხვის თანახმად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამომრჩევლებიდან თითქმის არავის (2 პროცენტი) არ დაკავშირებია პარლამენტის წევრი ან მისი წარმომადგენელი, ხოლო მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედეზე ნაკლებმა (31პროცენტი) იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი; ეს კიდევ უფრო გამოკვეთს ამომრჩევლებსა და მათ მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს შორის კომუნიკაციის სიმცირეს. გარდა ამისა, მოქალაქეების უმეტესობამ (70 პროცენტი) არ იცის როგორ დაუკავშირდეს მის წარმომადგენელს, მაშინ როცა მხოლოდ 9 პროცენტი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში ადვილად შეუძლია შესვლა. ამავდროულად, მოსახლეობის 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამტკიცებს კანონებს; მაშინ, როდესაც, 48 პროცენტი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება.

“მოქალაქეები ამბობენ, რომ პარლამენტი სათანადოდ ვერ ართმევს თავს მისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას – წარმოადგენდეს მოქალაქეების საჭიროებებსა და ინტერესებს. საკანონმდებლო ორგანოს წევრები და შენობაც კი, აღიქმება როგორც საზოგადოებისთვის მიუწვდომელი“, - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

“მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა განაგრძოს ინსტიტუციონალური რეფორმები და შეიმუშაოს ისეთი სისტემა, რომელიც გააძლიერებს ამომრჩეველთან კომუნიკაციას, ანგარიშვალდებულებასა და ხელმისაწვდომობას; ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ საკანონმდებლო პროცესი მეტად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭირობებზე და უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას.”

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, არც ერთ სამინისტროს არ მიუღია მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება. მოქალაქეები ყველაზე დადებითად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აფასებენ, რასაც მოსდევს იუსტიციის სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: 27 პროცენტი მის საქმიანობას აფასებს "კარგად", 42 პროცენტი "საშუალოდ", და მხოლოდ, 6 პროცენტი აფასებს მას "ცუდად".

კითხვაზე “ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.

რესპონდენტების 16 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, 9 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 5 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას, 5 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13 პროცენტი - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 4 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას და 3 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.

“ჩვენს ბოლო კვლევებში გამოიკვეთა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას.” განაცხადა თორნტონმა.

“მოსახლეობა უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებით და აცხადებს, რომ ისინი მათ ინტერესებს არ წარმოადგენენ; შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მოსახლეობა თავიანთ პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით გადაუწყვეტელია. უფრო მეტიც, მოქალაქეებს პოლიტიკაში მეტი ქალის ხილვა სურთ. ამ კვლევის მიხედვით, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო ადგილების სულ მცირე 30 პროცენტი ქალებს უნდა ეკავოთ, მათი ნახევარზე მეტი კი პარლამენტში სავალდებულო გენდერულ კვოტას უჭერს მხარს. პარტიებსა და პოლიტიკოსებს არჩევნებამდე ბევრი მუშაობა მოუწევთ, რათა შეძლონ რებრენდინგი, დაიბრუნონ ნდობა და ესაუბრონ ამომრჩევლებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.”

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. კვლევის კითხვარი პარტიებთან, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.

პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და ზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics