17:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 14:16:46, 346 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი NDI-ს კვლევაზე: ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შედეგები მისაღებია

"ევროკავშირიში ინტეგრაცია ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების მიზანია. ამიტომ,  შედეგები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მისაღებია", - ასე გამოეხმაურა  რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს.

მისივე შეფასებით,  თანდათანობით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა მოიმატებს.

"ეს ასოცირდება ჩვენთვისაც და ხელისუფლებისთვისაც პროგრესთან. ამიტომ, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ უვიზო რეჟიმი პირველ რიგში ევროპაში დასაქმების პერსპექტივას ქმნის, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ეს მაინც და მაინც ასე არ იქნება", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ კვლევის შედეგებს დეტალურად არ გაცნობია.

ინფორმაციისთვის, ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობაში ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით მზარდი უკმაყოფილება შეინიშნება. მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა (42 პროცენტი) ან არ შეცვლილა (47 პროცენტი); მხოლოდ 10 პროცენტს მიაჩნია, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება (39 პროცენტი) ან საერთოდ არ ვითარდება (36 პროცენტი). ამასთან, უმეტესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია. მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები (57 პროცენტი), ფასების ზრდა/ინფლაცია (35 პროცენტი) და სიღარიბეა (30 პროცენტი). მართალია, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერები შედარებით უფრო დადებითად აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა მთლიანობაში მოსახლეობის უმეტესობა (81 პროცენტი) ამ პრობლემების გამო პასუხისმგებლობას ამჟამინდელ ხელისუფლებას აკისრებს, რასაც მოსდევს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა (59 პროცენტი) და გლობალური ეკონომიკური გამოწვევები (53 პროცენტი).

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერების უმეტესობაც ეკონომიკური პრობლემების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოქმედი ხელისუფლების შეცდომებს ასახელებს.

გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეები უკეთესობას ხედავენ ჯანდაცვის სფეროში. მოსახლეობის 51 პროცენტმა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ამ სფეროში მდგომარეობა გაუმჯობესდა. 38 პროცენტმა კი აღნიშნა, რომ სიტუაცია ასევე გაუმჯობესდა სიტყვის თავისუფლების კუთხით.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში. ალიანსში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი 68 პროცენტს შეადგენს, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა კი, გასული წლის აგვისტოს შემდეგ 61 პროცენტიდან 77 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის უმეტესობა (54 პროცენტი) მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, მაშინ როცა 27 პროცენტის აზრით, საქართველომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარების სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ბოლო მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. მოსახლეობის უმრავლესობა (86 პროცენტი) კარგად არის ინფორმირებული დეკემბერში ევროკავშირის მიერ გამოცემულ პოზიტიურ შეფასებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას უკავშირდებოდა. მოქალაქეების უმრავლესობა (84 პროცენტი) მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და სჯერა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათთვის სასარგებლო იქნება (72 პროცენტი).

მთლიანობაში, მოსახლეობის აზრით, საქართველოს საგარეო კურსი პრო-დასავლური უნდა იყოს, თუმცა უმრავლესობას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალმხრივი დამოკიდებულება აქვს: მოსახლეობის 52 პროცენტის შეფასებით, ქვეყანას პრო-დასავლური კურსი უნდა ეჭიროს, თუმცა რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მოსახლეობის 14 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველომ უბრალოდ პროდასავლური პოლიტიკა უნდა გაატაროს.

გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics