17:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 14:15:09, 445 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ ძაბირაძე: სრულიად ბუნებრივია, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა უკანა პლანზე გადაინაცვლა

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით,  ტენდენციები, რომლებიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით ჩანს,  რეალურია და ქვეყანაში არსებულ განწყობას შეესაბამება.

როგორც ძაბირაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სრულიად ბუნებრივია, რომ დღეს  მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა/ინფლაცია  და სიღარიბეა, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უკანა პლანზეა გადაწეული.

მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა, საზოგადოებას  ტერიტორიული მთლიანობის საკითხი  აწუხებს, მაგრამ იციან, რომ ეს  პრობლემა ადვილად  მოსაგვარებელი არ არის.

"როგორც ჩანს, სიტუაცია მართლაც მკვეთრად შეიცვალა.  ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, 2008 წლის შემდეგ, ტერიტორიული  მთლიანობის საკითხმა გადაიწია  შემდეგ ადგილებზე. პირველ ადგილებზე აღარ არის და ეს სრულიად ბუნებრივია იმიტომ, რომ ყველა  უკვე მშვენივრად ხვდება იმას, რომ ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენის საკითხი, ერთი და ორი  დღის და წლის საქმე არ არის,  ეს იქნება  საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი და ეს არ არის დამოკიდებული არც საქართველოს ხელისუფლებაზე, არც დასავლეთზე.  იცით აქ თქვენ,  რა გარე ფაქტორებიც მუშაობს, ჩვენ უნდა  დაველოდოთ გვინდა, თუ არ გვინდა, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ამ ფაქტორების  ისეთ განლაგებას, როდესაც შესაძლებელი  იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმაზე მეტის გაკეთება, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არის ზღაპარი. მეტი არ და ვერ გაკეთდება. რა თქმა უნდა, საზოგადოებას აწუხებს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ რადგან იციან, რომ ეს  პრობლემა ასე ადვილად  მოსაგვარებელი არ არის, ამიტომ გადაინაცვლა  შემდეგ ადგილებზე.

ბუნებრივია დღეს ის პრობლემები- ეკონომიკური განვითარება, მიუხედავად იმისა, როგორი იყო  დავუშვათ "ნაციონალების" დროს და როგორია დღეს, მაშინაც  ეკონომიკური მდგომარეობა  ქვეყანაში ძალიან რთული იყო და  დღესაც  იგივე რთული მდგომარეობაა,  მიუხედავად  იმისა, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა წინ  წავიდეს, შესაბამისად, სამუშაო ადგილების დეფიციტია. დღეს ერთ-ერთი  ყველაზე მტკივნეული საკითხი დასაქმებაა. ასე რომ, ტენდენციები, რომლებიც ამ კვლევის მიხედვით ჩანს,  რეალურია და შეესაბამება იმ განწყობას, რაც არის ქვეყანაში", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

კვლევის მიხედვით,  ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა პროცენტული რაოდენობა დაკლებულია. ძაბირაძის თქმით,  ეს უკავშირდება წინა კვლევის შემდეგ, ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის  შესახებ მოსახლეობისთვის განმარტებების გაკეთებასაც და  ბოლო დროის პოლიტიკურ მოვლენებსაც, საიდანაც რუსეთის ქმედებები უფრო ცხადი გახდა. თუმცა, ვახტანგ ძაბირაძე უპირველესად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობის შემცირებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასა და  ვიზალიბერალიზაციის საკითხს უკავშირებს:

"უკავშირდება როგორც პირველს,  ასევე მეორეს. რუსეთის აგრესიული ქმედებები  ბუნებრივია, აშინებს  და აშფოთებს მოსახლეობას, ამიტომ,  ლტოლვა იქით, რომ ამ კავშირში რაღაც  სიკეთეს ნახავენ, არის ნაკლები.  მაინც მგონია, რომ წამყვანი ფაქტორი აქ არის როგორც  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ისე პირველ რიგში, ვიზალიბერალზიის საკითხი, რომელმაც ის უნდობლობა, რომ ჩვენ ევროპაში  საერთოდ გვერდიდან  გვიყურებენ და ა.შ. გარკვეულწლულად გაანეიტრალა და  იმედი  გააჩინა მოსახლეობაში, რომ მოხერხდეს ევროპაში  ლეგალურად შესვლა. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ასეთ მუშაობას, კიდევ უფრო შემცირდება ადამიანთა ის რაოდენობა, ვინც ადრე ევრაზიის კავშირისკენ იხრებოდა", - განუცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "ექსპრესნიუსს".

ინფორმაციისთვის, ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობაში ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით მზარდი უკმაყოფილება შეინიშნება. მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა (42 პროცენტი) ან არ შეცვლილა (47 პროცენტი); მხოლოდ 10 პროცენტს მიაჩნია, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება (39 პროცენტი) ან საერთოდ არ ვითარდება (36 პროცენტი). ამასთან, უმეტესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია. მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები (57 პროცენტი), ფასების ზრდა/ინფლაცია (35 პროცენტი) და სიღარიბეა (30 პროცენტი). მართალია, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერები შედარებით უფრო დადებითად აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა მთლიანობაში მოსახლეობის უმეტესობა (81 პროცენტი) ამ პრობლემების გამო პასუხისმგებლობას ამჟამინდელ ხელისუფლებას აკისრებს, რასაც მოსდევს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა (59 პროცენტი) და გლობალური ეკონომიკური გამოწვევები (53 პროცენტი).

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერების უმეტესობაც ეკონომიკური პრობლემების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოქმედი ხელისუფლების შეცდომებს ასახელებს.

გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეები უკეთესობას ხედავენ ჯანდაცვის სფეროში. მოსახლეობის 51 პროცენტმა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ამ სფეროში მდგომარეობა გაუმჯობესდა. 38 პროცენტმა კი აღნიშნა, რომ სიტუაცია ასევე გაუმჯობესდა სიტყვის თავისუფლების კუთხით.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში. ალიანსში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი 68 პროცენტს შეადგენს, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა კი, გასული წლის აგვისტოს შემდეგ 61 პროცენტიდან 77 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის უმეტესობა (54 პროცენტი) მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, მაშინ როცა 27 პროცენტის აზრით, საქართველომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარების სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ბოლო მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. მოსახლეობის უმრავლესობა (86 პროცენტი) კარგად არის ინფორმირებული დეკემბერში ევროკავშირის მიერ გამოცემულ პოზიტიურ შეფასებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას უკავშირდებოდა. მოქალაქეების უმრავლესობა (84 პროცენტი) მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და სჯერა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათთვის სასარგებლო იქნება (72 პროცენტი).

მთლიანობაში, მოსახლეობის აზრით, საქართველოს საგარეო კურსი პრო-დასავლური უნდა იყოს, თუმცა უმრავლესობას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალმხრივი დამოკიდებულება აქვს: მოსახლეობის 52 პროცენტის შეფასებით, ქვეყანას პრო-დასავლური კურსი უნდა ეჭიროს, თუმცა რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მოსახლეობის 14 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველომ უბრალოდ პროდასავლური პოლიტიკა უნდა გაატაროს.

გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics