19:23 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 18:29:36, 426 ნახვა

პოლიტიკა
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში

სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ, - ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში, საქართველოს შესახებ არის ნათქვამი.

ევროკომისიის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობაზე მძიმე გავლენა იქონია ამ საკანონმდებლო ზომების ერთობლიობამ, რომლებიც ძალაში შევიდა. 

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის პირობები კვლავ არასაკმარისია, ვინაიდან პოლიტიკის შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოების ჩართვის მექანიზმები ჯერ კიდევ არ არსებობს. სახელმწიფო ორგანოები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე კვლავ ახორციელებენ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზეწოლას, ხოლო ეროვნულ და ადგილობრივ დონეებს შორის ზედამხედველობისა და კოორდინაციის მექანიზმები კვლავ სუსტად არის განვითარებული. დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიას ვადა გაუვიდა, ახალი სტრატეგია კი ჯერ არ მიღებულა“

„უცხოური გავლენის“ შესახებ შემზღუდავი კანონმდებლობა (მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილი შესაბამისი ცვლილებები) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებულ კონტროლს უქვემდებარებს და განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა. „სამართლებრივი ჩარჩო არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს“. „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის 2025 წლის ოქტომბრის და 2026 წლის ოქტომბრის მოსაზრებებში აღნიშნულია, რომ ეს კანონები აწესებს ფართო და ერთმანეთის გადამფარავ ვალდებულებებს, რომლებიც პასუხისმგებლობის მკაცრ ზომებთან ერთად არაპროპორციულ ტვირთად აწვება დემოკრატიული პროცესების ზედამხედველ სუბიექტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს და მათ კონტროლის ქვეშ აქცევს. ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ მათი კუმულაციური ეფექტი „იძულებითია, სტიგმატიზირებადი და საბოლოოდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობაზე მძიმე გავლენა იქონია ამ საკანონმდებლო ზომების ერთობლიობამ, რომლებიც ძალაში შევიდა. გარდა ამისა, მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, პრევენციული ღონისძიების სახით, გაიყინა რამდენიმე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. 2026 წლის მარტში „გრანტების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა გაამკაცრა საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო და მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების წვდომა უცხოურ დაფინანსებაზე. აღნიშნული რეგულაციები აფართოებს „გრანტის“ განმარტებას და მასში მოიცავს უცხოური მხარდაჭერის თითქმის ყველა ფორმას; აწესებს მთავრობისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულებას; ასევე, ვრცელდება უცხოეთში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებზეც, რომელთა საქმიანობაც საქართველოზეა ფოკუსირებული. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას — თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე ვადით.

2026 წლის მარტში ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შემდეგ, საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის მანდატი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადასცა. აღნიშნული მონიტორინგი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებას. პოლიტიკის შესახებ დიალოგისა და პოლიტიკისა თუ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის ძირითადი მექანიზმები აღდგენილი არ არის“, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics