|
2016-04-11 12:19:46, 739 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევა: მოსახლეობა უკმაყოფილოა ქვეყნის კურსით და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკით
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობაში ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით მზარდი უკმაყოფილება შეინიშნება. მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა (42 პროცენტი) ან არ შეცვლილა (47 პროცენტი); მხოლოდ 10 პროცენტს მიაჩნია, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება (39 პროცენტი) ან საერთოდ არ ვითარდება (36 პროცენტი). ამასთან, უმეტესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია. მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები (57 პროცენტი), ფასების ზრდა/ინფლაცია (35 პროცენტი) და სიღარიბეა (30 პროცენტი). მართალია, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერები შედარებით უფრო დადებითად აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა მთლიანობაში მოსახლეობის უმეტესობა (81 პროცენტი) ამ პრობლემების გამო პასუხისმგებლობას ამჟამინდელ ხელისუფლებას აკისრებს, რასაც მოსდევს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა (59 პროცენტი) და გლობალური ეკონომიკური გამოწვევები (53 პროცენტი). პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერების უმეტესობაც ეკონომიკური პრობლემების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოქმედი ხელისუფლების შეცდომებს ასახელებს. გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეები უკეთესობას ხედავენ ჯანდაცვის სფეროში. მოსახლეობის 51 პროცენტმა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ამ სფეროში მდგომარეობა გაუმჯობესდა. 38 პროცენტმა კი აღნიშნა, რომ სიტუაცია ასევე გაუმჯობესდა სიტყვის თავისუფლების კუთხით. “საქართველოს მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა ქვეყნის განვითარების კურსით, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მდგომარეობით. ამას გარდა, ისინი ხელისუფლებისა და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან შესაბამის რეაგირებას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ პოლიტიკოსები არ ზრუნავენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. აუცილებელია, რომ საჯარო პირებმა და პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, მოქალაქეებთან კომუნიკაციის გააუმჯობესებაზე იზრუნონ და ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების საკითხებზე საკუთარი სტრატეგია წარუდგინონ“, - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში. ალიანსში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი 68 პროცენტს შეადგენს, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა კი, გასული წლის აგვისტოს შემდეგ 61 პროცენტიდან 77 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის უმეტესობა (54 პროცენტი) მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, მაშინ როცა 27 პროცენტის აზრით, საქართველომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარების სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ბოლო მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. მოსახლეობის უმრავლესობა (86 პროცენტი) კარგად არის ინფორმირებული დეკემბერში ევროკავშირის მიერ გამოცემულ პოზიტიურ შეფასებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას უკავშირდებოდა. მოქალაქეების უმრავლესობა (84 პროცენტი) მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და სჯერა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათთვის სასარგებლო იქნება (72 პროცენტი). მთლიანობაში, მოსახლეობის აზრით, საქართველოს საგარეო კურსი პრო-დასავლური უნდა იყოს, თუმცა უმრავლესობას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალმხრივი დამოკიდებულება აქვს: მოსახლეობის 52 პროცენტის შეფასებით, ქვეყანას პრო-დასავლური კურსი უნდა ეჭიროს, თუმცა რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მოსახლეობის 14 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველომ უბრალოდ პროდასავლური პოლიტიკა უნდა გაატაროს. “შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებულმა დადებითმა, ანგარიშმა პოზიტიური გავლენა იქონია ევროკავშირისადმი ნდობის ზრდაზე. ეს ადასტურებს, რომ ევროკავშირის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯები ხელს უწყობს ქვეყანაში პრო-დასავლური კურსის გაძლიერებას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის უმეტესობას ალტერნატივების შენარჩუნება სურს და მხარს უჭერს კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)