12:36 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 11:43:14, 326 ნახვა

ეკონომიკა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ

საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების შემთხვევაში კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, კაზინო შესაბამისი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ასეთ ტურნირებში მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ცვლილება შედის ექვს სხვადასხვა კანონში, მათ შორის საგადასახადო კოდექსში, ასევე ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონსა და ლატარიების და აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ კანონში.

პარლამენტში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დღეს დაიწყო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორია პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, ასევე ქართული ოცნების სხვა დეპუტატები - თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.

ცვლილებების მიზნად კანონპროექტის ავტორები საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნასა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდას ასახელებენ. მათი განმარტებით, საერთაშორისო პოკერისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებამ შესაძლოა ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების დამატებითი ნაკადი მოიზიდოს და ეკონომიკურ აქტივობას შეუწყოს ხელი.

კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებას მხოლოდ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი შეძლებს. ტურნირში მონაწილეთა სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცალკე ნებართვა იქნება საჭირო, რომლის წლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარს შეადგენს.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კაზინო კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩასატარებლად გამოიყენებს და ღონისძიების საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მოქმედი განაკვეთით, კლუბის თითოეულ მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კვარტალში 4 000-დან 14 000 ლარამდეა. თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს არ აღემატება ან მაგიდა მხოლოდ ასეთი ღონისძიებისთვის არ გამოიყენება, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შენარჩუნდება.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე საერთაშორისო აზარტულ ტურნირში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. სხვა ფიზიკური პირების მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კი 20%-ით დაიბეგრება.

საკანონმდებლო პაკეტი სანქციებსაც ითვალისწინებს. საერთაშორისო ტურნირის მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 50 000 ლარი იქნება, ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე ტურნირის ორგანიზება ან ჩატარება 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვა შესაძლოა გაუქმდეს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე დამოკიდებული იქნება გაცემული ნებართვებისა და ჩატარებული ტურნირების რაოდენობაზე, საპრიზო ფონდების მოცულობასა და საგადასახადო შეღავათების მასშტაბზე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics