16:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 20:22:38, 743 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ე.წ. მორალური ტერორის საფუძველთა საფუძველი სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმია (ინტერვიუ)

ქუთაისში, როდესაც საზოგადოებასთან მქონდა შეხვედრა მას ადგილობრივი ოპერატიული მუშაკები დოკუმენტირებას უკეთებდნენ, ფოტო და ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ, - ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ალასანიას თქმით, პროკურატურის განცხადება იმის თაობაზე, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე საქმე 7 ყოფილი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ აღიძრა, რომელთაგან 5 უკვე დაკავებულია დამაიმედებელია.

ირაკლი ალასანიას კონსტიტუციაში გასაკეთებელ ჩანაწერზეც ვესაუბრეთ, რომლის თანახმადაც ქვეყნის უზენაეს კანონში ჩაიწერება, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა. როგორც „დემოკრატების“ თავმჯდომარე ამბობს, მათ ინიციატივას მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია იმაზე თითქოს ევროპა საქართველოში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინების დაკანონებას ითხოვს.

ახალი პოლიტიკური რეალობა, საკონსტუტიციო ჩანაწერი, ე.წ. მორალური ტერორი, - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც „ექსპრესნიუსი“ ირაკლი ალასანიას ესაუბრა.

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. 7 ყოფილი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ დაიწყო ძიება. თქვენს კითხვებსა და მოლოდინებს პროკურატურის დღევანდელმა ბრიფინგმა უპასუხა?

არ მინდა დავაკნინო პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის მნიშვნელობა. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მსჯერა ჩემი ქვეყნის პოტენციალის. ასევე მჯერა იმის, რომ დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში შედის, რომ ეს სამარცხვინო ლაქა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ჩამოირეცხოს და გამოძიება მიიყვანოს ბოლომდე. მე დღევანდელ ფაქტს, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას შევაფასებ, როგორც დამაიმდებელს, მაგრამ ამავე დროს ჩემთვის მთავარია გამოჩნდეს რა დანაშაულთან გვქონდა საქმე. გაირკვეს რა მონაწილეობა აქვთ ამ ხალხს იმ დანაშაულში, რომელმაც სულით ხორცამდე შეძრა ქვეყანა.

მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვახსოვს, რომ სისტემური დანაშაული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაინერგა, შესაბამისად ის არის საფუძველთა საფუძველი. შემდეგ უკვე ახალმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საკუთარი მოქალაქეების დაცვა ასეთი ბინძური მორალური ტერორისტებისგან.

გარდა ამისა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ სპეცსამსახურების დახმარებით ცდილობს ამის გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნისათვის. დღევანდელი დაკავება თუ გახდება იმის საფუძველი, რომ რეალურად გამოვლინდეს სისტემური დანაშაულის თანაავტორები და მასშტაბურობა, ამას მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ გაქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ „დემოკრატებს“ სპეცსამსახურები გითვალთვალებენ. თუ შეიძლება რომ დააკონკრეტოთ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

დაკვირვებიდან, იმ ინფორმაციიდან, რასაც ვიღებთ საზოგადოებიდან. კონკრეტული მაგალითი იყო ქუთაისში, როდესაც საზოგადოებასთან მქონდა შეხვედრა მას დოკუმენტირებას უკეთებდნენ ადგილობრივი ოპერატიული მუშაკები. ისინი ახდენდნენ ფოტო და ვიდეო გადაღებას. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს და მას მივაწვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, როდესაც წინასაარჩევნოდ იუსტიციის სამინისტროს ეგიდით კომისია შეიქმნება

თავად უწყებებიდანაც ხომ არ მოგაწოდეს თანამშრომლებმა რაიმე ტიპის ინფორმაცია?

საქართველო სხვათა შორის არ არის დიდი ქვეყანა. ბუნებრივია ყველგან არსებობს შიდა ინფორმაციებიც, რომლის განვრცობაც ახლა მე არ შემიძლია. მთავარი არის რომ ეს ფაქტები ჩვენ დადგენილი გვაქვს.

თქვენ თქვით, რომ ამას საფუძველი ჩაეყარა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს. თქვენ პირადად რა იღონეთ ამის აღსაკვეთად, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყავით?

როდესაც მე ვიყავი საჯარო მოხელე, სააკაშვილის გუნდიდან ჩემი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ სააკაშვილის გუნდმა გადაუხვია დემოკრატიულ კურსს და გახდა ავტორიტარი. არ გვქონდა ინფორმაცია რა მასშტაბებს აღწევდა მათი სისტემური დანაშაული, მაგრამ მე უკვე ვგრძნობდი რომ ქვეყანას მიაქანებდა უფსკრულისკენ.

შემდეგ დავამარცხეთ სააკაშვილის რეჟიმი, ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია. პირველი რაც გავაკეთე თავდაცვის სამინისტროში იყო ის, რომ გავაუქმე ის სადამსჯელო პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც სამხედრო პოლიციაში არსებობდა.

მასალები, რომელიც არსებობდა გამოსაძიებლად პროკურატურას გადავეცი. ამის შემდეგ არცერთი ფაქტი არ ყოფილა თავდაცვის სამინისტროში, როდესაც ვინმეს ფარული მიყურადებით უსმენდნენ. როდესაც დავინახე, რომ ივანიშვილის და ღარიბაშვილის ხელისუფლება პროკურატურას პოლიტიკური დევნისთვის იყენებდა, მაშინ მე მათთან გავწყვეტე თანამშრომლობა და წავედი ოპოზიციაში.

ვის ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა და აკისრებთ თუ არა პასუხისმგებლობას პრემიერს?

პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას. თუ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული პრემიერს პასუხისმგებლობას მერე დავაკისრებ, მაგრამ საფუძველთა საფუძველი არის სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი. მან გამოხატა პოლიტიკური ნება, რომ ასეთი სისიტემური დანაშაული შემდგარიყო ჩვენს ქვეყანაში. არაფერი არ გააკეთა ამის აღსაკვეთად. აქედან გამომდინარე მომხდარში ორივე ხელისუფლებას ვადანაშაულებ.

თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებთ გასვლას. დღევანდელი რეალობიდანაც ძალაში რჩება ეს? მაშინ როდესაც ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკელები“ ტოვებენ კოალიციას, ხომ არ უნდა ველოდოთ ახალ პოლიტიკურ ერთობას „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ სახით?

საქართველოში პოლიტიკური ძალების ოპონირების კულტურა უნდა დავნერგოთ. ჩვენ უნდა ვაკრიტიკოთ ერთმანეთი იმაში, რაც არ მოგვწონს, მაგრამ ამასთან ერთად ვართ თანამოაზრეები უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლაში. ჩვენ ვსხნით სათანამშრომლო სფეროს პარლამენტში, მაგრამ არჩევნებში გასვლას ვაპირებთ დამოუკიდებლად.

დღესაც არის რაღაცეები რაშიც მმართველ გუნდს მხარ ვუჭერთ ხოლმე პარლამენტში. არ უნდა აქციო ოპონენტი მოსისხლე მტრად. მყარად ვართ დარმუნებული, რომ ამ არჩევნებში „თავისუფალ დემოკრატებს“ გამარჯვების შანსი გვაქვს.

აღნიშნეთ, რომ მმართველ გუნდს გარკვეულ საკითხებში მხარს უჭერთ. ერთ-ერთი ასეთი საკითხია საკონსტიტუციო ცვლილება, სადაც უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. აღნიშნეთ, რომ ეს არის პოპულისტური სვლა ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ინიციატივას მხარს უჭერთ. რატომ?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ევროპაში ინტეგრაციის სანაცვლოდ ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს მოსთხოვენ იმას, რომ საკანონმდებლო რანგში აიყვანოს ერთნაირი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება. ეს არ არის სწორი. კანონმდებლობა ისედაც არეგულირებს, რომ ქორწინება ეს არის ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი ერთობა, ამიტომ ამის აუცილებლობას აქამდე ვერ ვხვედავდით.

ახლა რამ განაპირობა ამის დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე?

მმართველმა გუნდმა დააყენა ეს საკითხი. ამას რომ არ მოჰყოლოდა გაუთავებელი სპეკულაციები ევროპაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივას მხარი დავუჭირეთ. სხვათა შორის ზუსტად ასე მოიქცა ხორვატია. იქაც იყო ასეთი სენტიმენტები. იქაც მძლავრობდა ანტიევროპული პროპაგანდა, აქედან გამომდინარე ხორვატიამ კონსტიტუციაში აღბეჭდა ეს და ისე გახდა ევროკავშირის ნაწილი.

თუმცა საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ირაკლი ალასანია და მისი გუნდი მმართველ გუნდს პოპულიზმში აჰყვა...

შეიძლება ვიღაცამ ასე ჩათვალოს. მაგრამ ჩვენ ყველას ასე მიგვაჩნია, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. ვიმეორებ ეს გავაკეთეთ იმიტომ რომ წერტილი დავუსვათ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ ინსტრუმენტს, რომელიც აშინებს საზოგადოების ერთ ნაწილს. ჩვენ ამ შიშების მოხსნა გვინდა, რათა რეალურად დავანახოთ საზოგადოებას ის შესაძლებლობები, რასაც ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია აჩენს.

ეკონომიკური კონფერენცია გამართეთ. რას გულისხმობს თქვენი ეკონომიკური ხედვა?

ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი კონფერენცია. იმიტომ რომ მონაწილეობას იღებდა გერმანიის საერთაშორისო ეკონომიკის პროფესორი პაკი. ის იყო საქსონიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რომელიც ლიბერალია.

ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ ჩვენი ეკონომიკური ხედვა. ჩვენი პროგრამით დავეხმარებით ხალხს, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შემოსავალი.

როგორ აპირებთ ამის განხორციელებას?

პირველ რიგში ბიუროკრატია უნდა მოიხსნას და ამავე დროს უნდა ჰქონდეს მთავრობას კომპეტენცია. დღევანდელ ხელისუფლებას სწორედ ეს კომპეტენცია აკლია. გარდა ამის უნდა არსებობდეს კარგად გათვლილი პოლიტიკური ხედვა თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს.

გერმანელი პროფესორიც დაგვეთანხმა იმაში, რომ მთავარი ლოკომოტივი სამუშაო ადგილების შექმნის არის მცირე და საშუალეო ბიზნესი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მიკრობიზნესის განმარტება რომელიც არის 30 000-ის ქვემოთ ბრუნვა, ეს გავზარდოთ 50 000 ლარამდე. ასევე საგადასახდო სტიმულირება გავუკეთოთ სტარტაპებს, ე.წ. დამწყებ ბიზნესებს. სახელმწიფო მზად იქნება, რომ დაეხმაროს ახალგაზრდა ინოვატორებს.

ჩვენ შევისწავლეთ ეს სისტემა, რომელიც მუშაობს ისრაელში. ვაპირებთ, რომ 80%-მდე თანადაფინანსება გავუკეთოთ კარგი იდეისთვის. პროგრამა ებრაელებთან ერთად გვაქვს დაწერილი. ეს განხორციელებისთანავე ერთ წელიწადში დაეტყობა ქვეყანას. მე ასე ვფიქრობ.

გარდა ამისა ჩვენ ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც ვიმუშავებთ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ გვექნება სპეციალურად გაზრდილი მნიშვნელოვნება ინვესტიციის სააგენტოსი, რომელიც მთავრობასთან, პრემიერთან ერთად ინვეტიციების მოზიდვით იქნება დაკავებული.

მესამე შესაძლებლობა არის, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა რაც გაჩნდა თავისუფალი ვაჭრობით. ეს იქნება ის მიმართულება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი სასურსათო პროდუქცია, ჩვენი წარმოება რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვაწარმოებთ საშუალებას მოგვცემს რომ 600 მილიონიან ბაზარზე გავიტანოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ საშუალო ეკონომიკური ზრდა იყოს 6%-მდე. რაც ნელ-ნელა საშუალო ფენას გააჩენს.

განათლებაშიც აპირებთ კაპიტალის დაბანდებას...

ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა ისიც, რომ განათლებაში ჩავდოთ მაქსიმალურად ბევრი ფული. განსაკუთრებით ეს პროფესიულ განათლებას ეხება. გერმანელ პროფესორთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, რომ მოხდეს გერმანული მოდელის დანერგვა.

ეს იდეა ჰქონდა პრემიერ-მინისტრსაც, თუმცა გააკრიტიკეს განათლების ექსპერტებმა. მათ თქვეს, რომ გერმანული მოდელი საუკეთესო არ არის...

გერმანიამ თავიდანვე ააგო ეს მოდელი და დღეს აქვს ის შედეგი, რომ მას აქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალგაზრდების დაუსაქმებლობის კუთხით. როდესაც ესპანეთსა და სამხრეთის სხვა ქვეყნებში დაუსაქმებელი ახალგაზრდების რაოდენობა 25%-ია, ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია გერმანიაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოშიც გაამართლებს. პროფესიული განათლება არის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ დასაქმების პრობლემა გადავწყვიტოთ.

რაც მთავარია ფული უნდა ჩაიდოს სკოლებში. თუ გვინდა, რომ კვალიფიციური განათლება მივცეთ მომავალ თაობებს. სკოლა უნდა გახდეს ჩვენი მთავარი სამიზნე და ეს გახდება „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი სამიზნე. 2400 სკოლა გვაქვს, რომელთაგანა 2000-ზე მეტის ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს. აუცილებელია მისი მოგვარება.

ზოგადად ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ვგეგმავთ, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის მოზიდვას.

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა რომ 6 წლიანი გეგმა დავსახოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ამან ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა მოაგვაროს გზის, ელექტროენერგიის მიწოდების, გაზიფიცირებისა და ინტერნეტის პრობლემებს.

იაგო ნაცვლიშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics