მუქარის ბრალდებით დაკავებულ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფრადა. დაცვის მხარე ელიზბარაშვილის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც. ელიზბარაშვილის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია.
"რესტორნის ერთ- ერთი კუპედან გამოვიდა შვიდი პირი. ვკითხე, ვინ ხართ-მეთქი. ჩვენ იმედის თანამშრომლები ვართო. ვუპასუხე, კი მაგრამ არცერთს არ გიცნობთ-მეთქი. შენ ჩვენ ხშირად გვაგინებ და ბოდიში უნდა მოიხადოო.... რესტორანში, ზემოთ მეუღლე მელოდებოდა და ამაზე ვნერვიულობდი. რომ არ გამიშვეს და დამაგვიანდა, ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა ზევიდან. არ მინდოდა ჩემს მეუღლე ენახა, როგორ მაფურთხებდნენ, მაგინებდნენ. არ მინდოდა ეს საუბარი მოესმინა ჩემს მეუღლეს.
ჩემი მეუღლე ავიდა ზევით და რამდენიმე წუთში, რესტორნის დაცვის თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მათ ჩამოსვლამდე ამ შვიდიდან ერთ-ერთზე ვამბობდი, რომ გაიყვანეთ-მეთქი.
ხელი მომიქნია, მაგრამ არ მომხვედრია, მაგინებდა. ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. მე ვუთხარი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ბოდიშის მოხდა არ მრცხვენია-მეთქი, მაგრამ მითხარით, რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში-მეთქი. სანამ ბოდიშს არ მოიხდი, აქედან ვერ გაგიშვებთო. ჩვენი არ მოგვწონს შენი სამოქალაქო პოზიციაო.
რესტორნის დაცვის ორმა ბიჭმა მოახერხა და ეს აგრესიული ბიჭი კუპეში შეიყვანა.
არ ვარ სკანდალის მოყვარული და ჩემი შვილების ტოლ, ახალგაზრდა კაცთან საჩხუბრად მივიდოდი? ეს იყო სრული სიმართლე, შვილებს გეფიცები, თუ რამე დავამატე ან მოვაკელი...
თუ ჩემი იქ მისვლით შევაშინე შვიდი კაცი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. საჩხუბრად რომ წავსულიყავი, მარტო ხომ არ წავიდოდი?! პროკურატურა ამბობს, შვიდი კაცი გიჩივისო, ისინი ამბობენ, ჩვენ არ გიჩივითო და არ ვიცი, ახლა, ეს რას მივაწერო?! არ ვიცი, რა ხდება, რას მერჩის პროკურატურა.
ჩემს 11 შვილს კაცობის და ადამიანობის მაგალითს ვასწავლი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ.
ე.ი. გულზე ხელი რომ მოვიკიდე, ეს იყო საშიში? მე დანაშაული არ ჩამიდენია ბატონო მოსამართლევ, ხოლო თუ ის შვიდი ადამიანი შევაშინე, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი" - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე.