11:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 15:43:38, 355 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: საქართველოს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება, საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში

„საქართველოს სახელმწიფოს განაცხადია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე - საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალისმიერად მოწყვიტეს“ –ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპოლმატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ფორუმზე გამოსვლისას თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველოს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება. მან ყურადღება საქართველოს მიმართ ვარშავის სამიტის მოლოდინებზე გაამახვილა და აღნიშნა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი არის ის, რომ ვარშავის სამიტიდან ნატოს ქვეყნები, ნატო, როგორც ორგანიზაცია, გამოვიდეს კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და მიზანმიმართული იმ ამოცანებისთვის, რომლისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. ჩვენი, როგორც პარტნიორი ქვეყნის, წევრობის გზაზე მდგომი ასპირანტი ქვეყნის, ამოცანაა, რომ სწორედ ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომელიც გაყოფს ნატოს, რომელიც ვინმეს შეუქმნის განცდას, რომ არსებობს ცალკე დღის წესრიგები ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა, სწორედ ამ მთავარი გზავნილებით, ამ მთავარი ამოცანით მივდივართ ვარშავაში. ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომელიც უელსის შემდეგ დარჩა. საქართველო ორი ათეული წლის განმავლობაში იყო ერთგული და ლოიალური პარტნიორი. ჩვენ ყველა საშუალებით, ყველა ფორმით და რესურსით, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია, ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, გვეჩვენებინა, რამდენად ღირებულია გყავდეს ერთგული, სანდო და საიმედო პარტნიორი კავკასიის რეგიონში. ჩვენი სამხედროების უმწიკვლო რეპუტაცია, რომელიც მათ ამ წლების განმავლობაში შექმნეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მისიით წარმოდგენილ სამხედრო ოპერაციებში, არის საუკეთესო გზავნილი და საუკეთესო საშვიც ამ ორგანიზაციების კარზე კაკუნისთვის“,-განაცხადა ხიდაშელმა.    

თა მინისტრმა უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით საქართველოს ამოცანებზეც ისაუბრა.

„ჩვენი ამოცანაა ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მისი თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ვიდრე ის არის დღეს,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არასოდეს დაუკლია საკუთარი ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არასოდეს დაუკლია საკუთარი ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის და ეს ძალისხმევა არ გამოიხატებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ გამოიხატებოდა იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ისახელეს თავი. ამ ქვეყნის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით - რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს! ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული გართულებული ვითარებიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ორი ძირითადი მიმართულების - მშვიდობისა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო ყოველთვის მზად არის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მობილიზაციით იდგეს ამ ორი მთავარი სიკეთის დაცვისთვის.

„მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში. გვინდა, რომ ვარშავის სამიტმა სწორედ ამ მთავარ გზავნილზე გასცეს ხელშესახები, რეალური პასუხი. ჩვენმა მოქალაქეებმაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაინახონ მეტი ნატო საქართველოში. საქართველო არ უნდა იყოს დანახული როგორც საფრთხე. საქართველო არის შესაძლებლობა ყველასთვის, აჩვენოს მოწინააღმდეგეს, რომ თუ ძალიან მოინდომებ, თუ რეფორმებს განახორციელებ, თუ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად იდგები მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაზე, მაშინ წარმატება აუცილებლად მოვა. იმედი მაქვს, რომ  ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო იქნება უფრო მეტად დაცული და ნატო იქნება უფრო ძლიერი,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.  

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარე ფორუმის მეორე დღე ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს მოლოდინებს, ამ მიმართულებით სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურ როლსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე საუბარს დაეთმო. პანელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics