06:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 20:32:47, 577 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: პარტია გადაწყვეტილებებს ადგილზე იღებს, თუმცა პიროვნული ურთიერთობები სააკაშვილთანაც გვაქვს (ინტერვიუ)

„წარმოუდგენელია ერთი მხრივ შენი პარტიის წევრები იყვნენ მინისტრები და მეორე მხრივ ატარებდე კამპანიას, რომ ხმა არ მისცე მთავრობას და აირჩიე „რესპუბლიკური პარტია“. ეს არის რეალობის შენიღიბვს მცდელობა, რაც ძალზედ არადამაჯერებელია“, - ასე ეხმაურება „რესპუბლიკელების“ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეც საუბრობს. აცხადებს, რომ წინა წლებში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით საკუთარ პასუხისმგებლობასაც ხედავს. მისივე შეფასებით, მათი ხელისუფლების პირობებში 9 წლის განმავლობაში გაკეთებული ბევრი კარგი საქმე ამ ტიპის დანაშაულებმა გააფერმკრთალა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ პროცესებზე და ფარული კადრების გავრცელებაზე „ექსპრესნიუსი“ დავით ბაქრაძეს ესაუბრა.

გუშინ ახალი პოლიტიკური რეალობა ვიხილეთ. „რესპუბლიკური პარტია“ ამ ეტაპზე კოალიციას არ ტოვებს, თუმცა არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. უცნაური ვითარება შეიქმნა. პარტია არც ხელისუფლებაშია და არც ოპოზიციაში. რასთან გვაქვს საქმე, რა პოლიტიკურ რეალობაში ვართ?

რეალურად რაც ხდება ეს კოალიცია „ქართული ოცნების“ დასასრულია. უბრალოდ ორივე მხარე ცდილობს, რომ ეს რაღაცნაირად დამალოს. ერთი მხრივ „რესპუბლიკელები“ ცდილობენ, შეთანხმების საფუძველზე დაიტოვონ თანამდებობებიც და ამავე დროს კოალიციის დამშლელებად არ გამოჩნდნენ.

მეორე მხრივ „ქართული ოცნება“ ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს თითქოს მას არ დაუკარგავს საპარლამენტო უმრავლესობა. მიმაჩნია, რომ ეს არის ამომრჩევლისთვის თვალის ახვევა. ჩემთვის წარმოუდგენელია, ნახევარი პარტია ხელისუფლებაში იყოს და ნახევარი კონკურენტულ რეჟიმში პარტია „ქართულ ოცნებასთან“.

შეუძლებელია, ერთი მხრივ შენი პარტიის წევრები იყვნენ მინისტრები და მეორე მხრივ ატარებდე კამპანიას, რომ ხმა არ მისცე მთავრობას და აირჩიე „რესპუბლიკური პარტია“. ეს არის რეალობის შენიღიბვს მცდელობა, რაც ძალზედ არადამაჯერებელია.

ამიტომ ეს პროცესი აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე, დასასრული კი იქნება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება და მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

გუშინ პრემიერმა საკმაოდ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ კოალიციები არა მარტო არჩევნების წინ იქმნებიან, არამედ მის შემდეგაც. ევროპაში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც პარტიები დამოუკიდებლად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ამის შემდეგ თანხმდებიან თანამშრომლობაზე და ქმნიან კოალიციურ მთავრობებს. ხომ არ უნდა ველოდოთ იგივეს ამ შემთხვევაშიც?

თუ ევროპულ პრაქტიკაზე ვსაუბრობთ იქ კოალიციები ერთი ადამიანის გარშემო კი არ იქმნებიან, არამედ ღირებულებების გარშემო. ძალიან რთულია ვინმემ, თქვენმა მკითხველმა წარმოიდგინოს რა ღირებულებითი ერთიანობა არსებობს მაგალითად „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის. თუ საუბარია ევროპაზე ეს ვერ იქნება ამის მაგალითი. ეს არის შექმნილი სიტუაციიდან ლამაზად გამოსვლისა და ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა.

ევროპაში კოალიცია კონკრეტული მიზნების, ღირებულებებისა და ამოცანების გარეშე არ იქმნება. „ოცნებას“ ერთი მიზანი, ღირებულება და ამოცანა ჰქონდა - დაემარცხებინა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს. მას შემდეგ რაც მათ არჩევნები მოიგეს არანაირი გეგმა, პროგრამა, განვითარების ხედვა არ შემოუთავაზებიათ.

ევროპული კოალიცია, უგეგმო, უხედვო და ერთი ადამიანის ფინანსურ ინტერესებზე მორგებული კოალიცია არ არის. ქართული პოლიტიკის ეგ ნაწილი ევროპულ გაერთიანებებთან ძალიან შორს დგას. იმ არგუმენტს, რომ ევროპაში ასე ხდება მე ვერ მივიღებდი.

დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში „ეროვნული ფორუმიც“ დატოვებს კოალიციას...

მით უფრო ადასტურებს ეს იმას, რასაც ვამბობ. როგორც ჩანს კოალიცია მთლიანად დაიშლება და ყველა პარტია ცალ-ცალკე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ „რესპუბლიკელების“ კოალიციიდან გასვლაც ძალიან მალე გაფორმდება. მინისტრთა კაბინეტში ადგილებს რამდენიმე კვირა, მაქსიმუმ ორი თვე შეინარჩუნებენ. დაშლილი კოალიციის პირობებში იქ შემავალი პარტიების უმეტესობა ბარიერსაც კი ვერ გადალახავს. არჩევნების შემდეგ ღირებულებით კოალიციაზე საუბარი ჩემი აზრით შეუძლებელია.

ჩვენ ვისაუბრეთ „რესპუბლიკელებისა“ და „ფორუმის“ შესახებ. თქვენი აზრით, ამ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ?

დღეს არსებული სოციოლოგიური კვლევებით ამის შანსი მინიმალურია. კოალიციაში შემავალი ვერცერთი პარტია 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, გარდა თავად „ქართული ოცნებისა“. თუმცა თუ კონკრეტულად „რესპუბლიკელებზე“ და „ფორუმზე“ მეკითხებით მე ვისურვებდი, რომ ორივე პარტია იყოს მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი.

თუ ვინმეს ვხედავ დღევანდელ კოალიციაში პროევროპულ ან ეროვნულ იდეებზე მდგომ ძალად ესენი სწორედ „რესპუბლიკელები“ და „ფორუმი“ არიან. ვისურვებდი იყვნენ პარლამენტში, მაგრამ ვიქნები პესიმისტი, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი პრაქტიკულად არ აქვთ.

რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. რაზე შეთანხმდით პარტიაში?

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შიდა რეფორმები განვახორციელეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ის პარტია, სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ყველა გადაწყვეტილებას იღებს პოლიტსაბჭო, რომლის შემადგენლობაშიც 62 ადამიანი, ანუ ფაქტიურად პარტიის ყველა ლიდერი შედის. ეს არის შიდაპარტიული დემოკრატიის გამოვლინება, როდესაც გადაწყვეტილებას ერთი ან რამდენიმე პირი არ იღებს. ვფოქრობ, რომ ამ მხრივ პარტიამ დიდი პროგრესი განიცადა.

ორი წლის წინ პარტიაში პრაიმერის პრაქტიკის დანერგვა დაიწყეთ. ისევ ძალაშია ეს პრაქტიკა და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ამ არჩევნებზეც შენარჩუნებული იქნება პრაიმერი?

სამწუხაროდ ჯერ მე არ მაქვს უფლება, რომ კონკრეტული დეტალები გითხრათ იმ გადაწყვეტილების შესახებ რაც მივიღეთ. მათ შორის ამაზე პოლიტსაბჭოზეც ვიმსჯელეთ. ჩვენი პარტიული სიის დაკომპლექტება და მაჟორიტარების წარდგენა იქნება ძალიან გამჭვირვალე. ეს იქნება ძალიან კონკურენტული პროცესი პარტიის შიგნით. ამ პროცესში ჩართული იქნება პარტიის მთლიანი სტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით და რაც მთავარია ეს ყოველივე იქნება ძალიან გამჭვირვალე. ჩვენ ვამზადებთ გუნდს, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს საპარლამეტო არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერის გზით და სწორედ ამიტომ, საზოგადოებას ექნება ყველა კითხვაზე პასუხი, მათ შორის იმაზე თუ რატომ მოხდა ესა თუ ის პირი პარტიულ სიაში ან რატომ წარვადგინეთ კონკრეტული პირი მაჟორიტარობის კანდიდატად.

ბუნებრივია პარტიაში იქნებიან ახალი სახეებიც. უკვე გაჟღერდა რამდენიმე გვარი... დაგვისახელეთ რამდენიმე პირი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოუერთდება?

რა თქმა უნდა ახალი სახეები იქნებიან და საკმაოდ ბევრი. ტერმინი „ახალი სახეები“ არ ასახავს იმ ხედვას რაც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენი ამოცანა ის კი არის, რომ ახალი სახე საზოგადოებისთვის უცნობი სახე იყოს, არამედ ახალი სახე ჩვენი გაგებით ნიშნავს იმას, ვინც წარმატებულია თავის სფეროში, ცნობადია, კვალიფიციურია, მაგრამ იქამდე ისინი პარტიასთან დაკავშირებულები არ ყოფილან. ამ განახლების უკან მთავარი ფილოსოფიაა, რომ ეს წარმატებული, კომპეტენტური, შემდგარი ადამიანები თავის მომავალს პარტიას დაუკავშირებენ.

ინტერვიუს იმ ეტაპზე ვწერთ, როდესაც სამწუხაროდ კონკრეტულ გვარებს ვერ გეტყვით. გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას თქვენც და თქვენს მკითხველსაც, მაგრამ ჩემი მხრიდან არასწორი იქნება დროზე ადრე ვთქვა საჯაროდ ის, რასაც პარტია ჯერ არ ახმაურებს. მოგეხსენებათ ახალი სახეების წარდგენა, მაჟორიტარების წარდგენა და ა.შ. საარჩევნო კამპანიის ნაწილია და თავის დროზე შესაბამისი ფორმით გაცხადდება ყველაფერი.

გადაწყვეტილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა? ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ შესაძლოა „თავისუფალ დემოკრატებთან“ ითანამშრომლოთ. ახლა როცა „რესპუბლიკელებმაც“ დატოვეს კოალიცია ხომ არ უნდა ველოდოთ პროდასვლური ძალის ახალ კოალიციას?

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა. შესაძლოა ტექნიკური ტიპის რაიმე გაერთიანება იყოს, ცესკოს მოთხოვნებიდან გამომდინარე. მაგრამ როგორც პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვა. გამარჯვების შემდეგ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა პარტიასთან, ვინც ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს.

უფრო მეტიც - მე პირადად მზად ვარ ვიყო გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელს გავუწვდით ყველა ოპონენტს და ნებისმიერი ტიპის შურისძიებას დაესმევა წერტილი. იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული - საქართველო შურისძიების კიდევ ერთ ტალღას ვერ გადაიტანს. 

არ მაინტერესებს რომელი ბიზნესმენი ეხმარებოდა, ან აიძულებდნენ რომ დახმარებოდა ხელისუფლებას. არჩევნების შემდეგ მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ მივიღოთ ბიზნესამნისტიის დოკუმენტი, რომლითაც ამ თემას დავხურავთ.

მე არ მაინტერესებს ვინ იყო ის აქტივისტი, ვინც მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ აქციებში - გამოვდივარ ინიციატივით, რომ არჩევნების შემდგომ მივიღოთ პოლიტიკური შერიგების დოკუმენტი და დავასრულოთ ეს მუდმივი ერთმანეთის შიში.

აი ეს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში წერტილი უნდა დაესვას შურისძიებას, ბოღმის და დაპირისპირების პოლიტიკას.

როგორ ფიქრობთ, ხომ არ დადგება კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა? ვგულისხმობ იმ ვითარებას, როდესაც ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს ხმათა საკმარის რაოდენობას...

ვნახოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ამ არჩევნებში ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს ტრადიციული უმრავლესობის აღებას, როგორც საქართველოში ხდებოდა ხოლმე -  ანუ 50%-ზე მეტის. ჩვენ რომ გავიმარჯვებთ ეს ვიცი, მაგრამ კონკრეტულად როგორი პოლიტიკური ლანდშაფტი დაჯდება ამაზე ახლა კომენტარი ძალიან თეორიული იქნება.

რჩება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად მიხეილ სააკაშვილი?

მიხეილ სააკაშვილი რჩება იმ ფიგურად, რომელმაც შექმნა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის როლიც პარტიაში წლების განმავლობაში განსაკუთრებული იყო. ამ ფიგურად ის მომავალშიც დარჩება. რაც შეეხება მის როლს პარტიაში, მე გესაუბრეთ რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ კოლეგიალურად.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მიხეილ სააკაშვილიც ჩართულია?

სააკაშვილი ახლა ძალიან რთულ ბრძოლაშია შესული უკრაინაში. მისი გადაწყვეტილება იყო, რომ ქართული პოლიტიკიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში ტაიმაუტი აეღო და ჩვენი მთავარი მოკავშირის საქმეებში ჩართულიყო.

ამიტომ ამ დაძაბულ პერიოდში არ უნდა ველოდოთ, რომ ან მიხეილ სააკაშვილი ცდილობს პარტიის მართვას „სკაიპის“ საშუალებით ან ჩვენ ვცდილობთ, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე მასთან ყოველდღიურ კონტაქტში ვიყოთ.

პარტია გადაწყვეტილებებს იღებს ადგილზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან ადამიანურიც და პოლიტიკური ურთიერთობებიც გვაქვს.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც უნდა ვისაუბროთ. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და ამ კადრების გავრცელების შანტაჟის უკვე დანერგილი პრაქტიკა გრძელდება. დღეს გაიმართა პროკურატურაში ბრიფინგი. გაეცა თუ არა პასუხი გარკვეულ კითხვებს?

პროკურატურა თუ  იტყვის, რომ 200 საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ეს ვითარებას არ ცვლის. კონკრეტულ საქმეს შეიძლება 5 საგამოძიებო მოქმედება დასჭირდეს, შეიძლება 5000. ეს ციფრები არც საზოგადოებას და არც მე არაფერს მეუბნება.

რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, სამწუხაროდ ძალიან შეზღუდული მაქვს. ეს, რომ იყოს ერთი კონკრეტული დანაშაული, მე გავიგებდი პროკურატურის არგუმენტებს, რადგან რომელიღაც კონკრეტული შეიძლება პროკურატურამ ვერცერთ ქვეყანაში ვერ გახსნას. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ერთი დანაშაული არ არის. სამწუხაროდ ეს არის იმ ფართო კონტექსტის შემადგენელი, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა.

გავიხსენოთ, როდესაც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორმა განაცხადა, რომ ის დააშანტაჟეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით. იგივეს ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პასუხი არცერთზე არ ყოფილა. გავიხსენოთ ჯიჰადის ვიდეოები, რაზეც საზოგადოებას დასცინეს და ვიღაც ჩიკუტაევს დააბრალეს. კაციშვილს არ ახსოვს არც ის ჩიკუტაევი, ინტერპოლიც კი არ ეძებს მას. გავიხსენოთ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ვიდეო, რომელიც მთავარი პროკურორის სეიფიდან გაქრა, რომელიც შემდეგ ვიღაც მისტიურმა ჰაკიმ ფაშამ ატვირთა ინტერნეტში და არანაირი გამოძიება არ მომხდარა. გავიხსენოთ ჟურნალისტი ეკა მიშველაძის განცხადებები, როდესაც ის ამბობდა, რომ მას იწერდნენ და უთვალთვალებდნენ ალექსი პეტრიაშვილთან ერთად. არანაირი გამოძიება არ მომხდარა. გავიხსენოთ გიორგი ფარესაშვილის საქმე, რაზეც თითქოს დაისაჯა შს მინისტრის მოადგილე, მაგრამ მას არცერთი დღე ციხეში არ გაუტარებია. ის ჯერ უკრაინაში გააპარეს, შემდეგ დააბრუნეს უკან. ასევე მახსენდება მუსლიმთა მუფთის განცხადება, რომელიც ყვება რომ ის დაიბარეს სუს-ში და დაემუქრნენ თუ არ გადადგებოდა მას გამოუქვეყნებდნენ პირადი ცხოვრების კადრებს.

თუ ამ ჯაჭვს შევხედავთ კონცეპტუალურად, თუ ამას დავუმატებთ „ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატისა და ლიდერის განცხადებებს, რომლითაც ისინი ამ ვიდეოების გამავრცელებლებს პირდაპირ მხარს უჭერენ,სრულიად კონკრეტული ეჭვები ჩნდება.

ვის გულისხმობთ?

იმათ ვინც ამბობენ, რომ ვიზეც ეს კადრები არსებობს უნდა გადადგნენ.

მეჭიაურზე და ლორთქიფანიძეზე აკეთებთ მინიშნებას?

საზოგადოებამ ამის შესახებ ძალიან კარგად იცის. ძალიან ფართოდ გახმოვანდა ეს განცხადებები. ამ კონტექსტიდან გამომდინარე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის რაც ხდება იმ ხელწერის ნაწილია რაც ჩამოყალიბდა. ეს ხელწერა კი ამ ხელისუფლებისაა.

დავაზუსტოთ, ეჭვობთ რომ ხელისუფლება ამ კადრებს თავად იღებს და თან ავრცელებს?

ყველა ის ფაქტი, რაც მე ჩამოვთვალე, ქმნის იმ გარემოს, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება როგორც მინიმუმ არაფერს არ აკეთებს ამ სიბინძურის აღსაკვეთად. რეალურად კი ალბათ დაინტერესებულია და მონაწილეობს კიდეც.

კონსპირაციაში რომ არ გადავიდეთ აკეთებს თუ არა ხელისუფლება ამას, მე გავიხსენებ ერთ ფაქტს, რაც ნამდვილად ხელისუფლებამ გააკეთა. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც სკოლები დაავალდებულეს ბავშვებისთვის ეყურებინათ წამების ამსახველი კადრებისთვის. რა მოუვიდათ იმ ადამიანებს ვინც ბავშვებს ამ საშინელ კადრებს საჯაროდ აჩვენებდა? მათი სასჯელი იყო ის, რომ დღეს ერთ-ერთი მათგანი გურიის გუბერნატორია.

ანუ თვლით, რომ ასეთმა ფაქტებმა დანაშაულის წახალისება გამოიწვია?

რა თქმა უნდა. როდესაც ადამიანი აწყობს ასეთი კადრების საჯარო ჩვენებას და ის გუბერნატორად ინიშნება, ეს ხომ პირდაპირი წახალისებაა. ხელისუფლებამ ისეთი კონტექსტი და გარემო შექმნა, რომ ამ ფირების - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეც პასუხისმგებელი მთლიანად ხელისუფლებაა, მიუხედავად იმისა, რომელი კონკრეტული პიროვნებაც არ უნდა იდგეს კონკრეტული გავრცელების ფაქტების უკან.

ხშირად გახსენებენ ოპონენტები, რომ ამ ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი ხელისუფლების დროს არის გაკეთებული. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობის ნაწილს იმ დროზე როდესაც ხდებოდა ჩანაწერების გაკეთება?

ჩემი მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება იქნება, რომ ვისაუბრო დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და არ ავიღო პასუხისმგებლობა იმ დროზე რაც ჩვენს დროს ხდებოდა.

რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, მათ შორის თქვენთან ინტერვიუშიც, რომ ეს არის ჩვენი წარსულის ის შავი ლაქა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გამოსწორება. მნიშვნელოვანია საზოგადოებას დავანახოთ ის, რომ ჩვენ სრულიად გულწრფელად გავიაზრეთ პრობლემა და მზად ვართ გადავდგათ რადიკალური ნაბიჯები, რომ ერთხელ და სამუდამო ამ პრობლემას წერტილი დაესვას.

ასეთი იყო მაგალითად ჩვენი ინიციატივა, რომ სუს-ს მთლიანად მოცილდეს თვალთვალის და პოლიტიკური პოლიციის კომპონენტი და დარჩეს მხოლოდ კონტრდაზვერვა და ანტიტერორისტული ნაწილი. ასეთი ინიციატივები კიდევ რამდენიმე გვექნება.

მესმის ძველი პასუხისმგებლობაც და ის პასუხისმგებლობაც რაც დღეს გვეკისრება. ჩვენ გავიაზრეთ შეცდომები და მზად ვართ ის ნაბიჯები გადავდგათ, რაც საჭიროა მის გამოსასწორებლად. მე არასოდეს არ გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ბოდიშის მოხდას.

სწორედ ასეთმა შეცდომებმა გადაფარა ჩვენ დროს გაკეთებული ძალიან ბევრი კარგი საქმე. თუ რამე განვითარდა საქართველოში, სწორედ იმ ცხრა წლის განმავლობაში განვითარდა. ჩვენ შევქმენით პოლიცია, ჯარი, საგადასახადო სისტემა და საბაჟო, იუსტიციის სახლები, ავაშენეთ ინფრასტრუქტურა, გავანათეთ და განვავითარეთ ქვეყანა, მაგრამ ეს გაკეთებული საქმეები ამ ტიპის დანაშაულებმა გადაფარა. ამიტომ ასეთი ტიპის საქმეების მიმართ სრულიად დაუნდობელი ვიქნებით. განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელმაც ჩაიხუტა  ამ სისტემაში ჩართული ყველა ადამიანი -დაუკვირდით, ამ სფეროში არცერთი საქმე დღემდე გამოძიებული არ არის და არავინ იცის ვინ იღებდა და რატომ.

მე გპირდებით, რომ ოქტომბრიდან, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, აბსოლუტურად შეურიგებელი ვიქნებით ასეთი საქმეების მიმართ. ჩვენ გამოვიძიებთ ყველა საქმეს და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ ამ ტიპის შეტევას ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, სადაც დასრულდება შანტაჟი, შიში, დაპირისპირება და ამ ყველაფრის ნაცვლად ქვეყანაში გაჩნდება განვითარების, წინსვლის და მომავლის პერსპექტივის განცდა. 

იაგო ნაცვლიშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics