01:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 16:22:06, 696 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი სასჯელაღსრულების #7 დაწესებულების დახურვის რეკომენდაციით გამოდის

განსაკუთრებით საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების და დანიშვნის გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშში.

როგორც ომბუდსმენის აპარატის ანგარიშშია აღნიშნული სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები, თუმცა მიმართვები რჩებოდა ადეკვატური რეაგირების გარეშე.

„ბოლო წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად კვლავ რჩებოდა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომლის თანმიმდევრული იმპლემენტაცია უკვე აისახა პროპორციულ და გონივრულ სასჯელებზე, ასევე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებაზე. ამასთან, დადებითად უნდა შეფასდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება. დადებითია მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელიც 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა. თუმცა, იმისათვის, რომ მოწმეთა დაკითხვა ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტით განხორციელდეს, კანონის სრულყოფა აუცილებელი იქნება მომავალშიც.

საანგარიშო პერიოდში მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა. საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღებასთან დაკავშირებით.  საგულისხმოა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმის მიუხედავად, სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი.

განსაკუთრებით საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების და დანიშვნის გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესი, რომელიც არ ეფუძნებოდა კანდიდატთა პროფესიული საქმიანობის სამართლიან და ობიექტურ შეფასებას. ისევე როგორც წინა წლებში სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები, თუმცა მიმართვები რჩებოდა ადეკვატური რეაგირების გარეშე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენი ანგარიშში პენიტენციურ დაწესებულებებში არესებულ ვითარებაზეც საუბრობს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული საგამოძიებო ორგანო, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას, ვინაიდან ეს ჩანაწერები არ ინახება გონივრული ვადით.

„მიუხედავად იმისა, რომ პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა.

საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად რჩებოდა პოლიციასა და პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა. სახალხო დამცველი მიესალმება 2015 წელს პატიმრობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მიეცემა პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება. დადებითად უნდა შეფასდეს ცვლილებები, რომელიც მიმართულია პენიტენციური სისტემის ცენტრალიზებულ მართვასა და შიდა ინსპექტირების სისტემის გაუმჯობესებისკენ. სახალხო დამცველი ასევე პოზიტიურად აფასებს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების სისტემის შემოღებას და ხაზს უსვამს, რომ ამ სისტემის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია მოხდეს რისკების სწორი შეფასება, ხოლო შემდგომ პერიოდულად გადასინჯვა. ამ პროცესში მსჯავრდებულმა დაუბრკოლებლად, სრულად უნდა ისარგებლოს სამართლებრივი დაცვის გარანტიებით.

არსებითი ხასიათის ხარვეზებია პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის სათანადო დოკუმენტირებისა და შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით. საგამოძიებო ორგანო, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას, ვინაიდან ეს ჩანაწერები არ ინახება გონივრული ვადით. მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, რომლის თანახმადაც ასეთი ჩანაწერები გონივრული ვადით უნდა იყოს შენახული, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების შესაბამისად, ასეთი ჩანაწერები ინახება არანაკლებ 24 საათისა. ამდენად, კვლავ გაუგებარი რჩება, რეალურად რა ვადით ინახება სათვალთვალო კამერებით განხორციელებული ჩანაწერები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს არ ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ასეთ ჩანაწერებს, რაც პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის განხორციელებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებებში კვლავაც არსებობს არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკი.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია კვალავაც უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახალხო დამცველთან/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე, რაც სახალხო დამცველის შეფასებით ეწინააღმდეგება ასეთი შეხვედრების კონფიდენციალურობის პრინციპს. გარდა ამისა, პრობლემურია დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტენდენცია და ზოგადად დისციპლინური სახდელების გამოყენების არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ეჭვქვეშ აყენებს დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობას.

პენიტენციურ დაწესებულებებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პატიმართა შორის ძალადობის პრევენცია, ციხის კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენის წინააღმდეგ ქმედითი ზომების მიღება და წესრიგის დაცვა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, განპირობებულია დაწესებულებებში პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობების სიმწირით. დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურა არ აძლევს პატიმრებს საშუალებას დაკავდნენ სპორტით ან სხვა საინტერესო აქტივობით, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ასეთ პირობებში იზრდება პატიმართა უკმაყოფილება, რაც მოთხოვნის/საჩივრის განხილვის ეფექტური შიდა მექანიზმის არარსებობის გამო, ხშირად პატიმართა მიერ თვითდაზიანებასა და პროტესტის სხვადასხვა უკიდურეს ფორმებში ვლინდება.

სახალხო დამცველის შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების კავშირი გარესამყაროსთან უკიდურესად შეზღუდულია, რაც ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. მნიშვნელოვანია განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ბრალდებულთა უფლებების უკეთესად დაცვისათვის.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირად ადგილი აქვს პატიმართა გადაყვანას აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე პენიტენციური დაწესებულებებიდან დასავლეთ საქართველოში მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში და პირიქით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საიდუმლო წერილს, რომელიც სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ შორ მანძილზე გადაყვანის შედეგად, პატიმრებს უჩნდებათ ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტის შენარჩუნების პრობლემა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ N7 დაწესებულებაში დღესაც უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს დაწესებულების ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სახალხო დამცველმა აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გასცა.  ამდენად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით, ხოლო დაწესებულების დახურვამდე, აუცილებლად მიაჩნია დროებითი ღონისძიების სახით, პატიმართა მძიმე მდგომარეობის გარკვეულწილად შესამსუბუქებლად კონკრეტული ზომების დაუყოვნებლივ მიღება.

წინა წელთან შედარებით შემცირებულია პატიმართა გარდაცვალების, მათ შორის, სუიციდის შემთხვევები. გარდაცვალების შემთხვევათა შემცირება პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესზე მიუთითებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის სრულყოფისაკენ მიმართული ძალისხმევა“, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics