|
2026-06-08 16:36:47, 217 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვება წლიურად 12.4%-ით გაიზარდა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი იყო, ამჯერად ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია მრეწველობის სექტორზე მოდიოდა (5.1 პროცენტული პუნქტი, ანუ ჯამური ზრდის 41%), შემდგომ კი - ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორებზე (1.7-1.7 პროცენტული პუნქტი). უშუალოდ მრეწველობის გამოშვების ზრდამ იანვარ-მარტში წლიურად 20.7% შეადგინა. მათ შორის, ნახევარზე მეტი, 10.6 პროცენტული პუნქტი, ნავთობპროდუქტების წარმოებაზე მოდიოდა, რომელიც 2025 წლის პირველი კვარტლის 37.5 მილიონი ლარიდან 574.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება. გარდა ამისა, წლიურად 51.1%-ით გაიზარდა ძირითადი ლითონების წარმოება (ძირითადად, ფეროშენადნობები), ხოლო 62.6%-ით - ლითონის მადნების მოპოვება (ძირითადად, ოქრო და, შესაძლოა, სპილენძი). ჯამურად, ამ სამ კატეგორიაზე მრეწველობის გამოშვების ზრდის 87% მოდიოდა. აღნიშნული, ფაქტობრივად, ადასტურებს ჩვენს წინა პუბლიკაციებში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად სწორედ ექსპორტი წარმოადგენს. მშპ-ის კომპონენტების შესახებ მონაცემები თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. საქსტატის შეფასებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა (პირველ კვარტალში - საშუალოდ 9.1%), ყველაზე მაღალი აქტივობა კი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის, ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის სექტორებში დაფიქსირდა. აპრილის ზრდა მცირედით უფრო დაბალია, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი მოიაზრებს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-ია. თუმცა, ამავდროულად, მაისში უახლესი მონაცემები შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც არარეზიდენტების, ასევე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები. აღნიშნულ დინამიკასთან თანხვედრაშია მაისის მეორე ნახევრიდან თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მომატებული ფრენებიც, რომელთა რაოდენობაც 2025 წლის მაჩვენებლებს დაუახლოვდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მაისში ეკონომიკური ზრდის ტემპი აპრილთან შედარებით დაჩქარდება. ტურიზმის გარკვეულწილად აღდგენის, ექსპორტის ზრდისა და სტაბილური ფულადი გზავნილების პარალელურად, მაისში, ისევე როგორც აპრილში, სავალუტო ბაზარზე, სავარაუდოდ, კვლავ სიჭარბე დაფიქსირდა. შემოდინებებს ხელი შეუწყო მაისში სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციის გამოშვებამაც - ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ემისიის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს, რის შედეგადაც თვის ბოლოს სახაზინო ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტი მფლობელების წილი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა და 7.1% შეადგინა, ბოლო ერთ წელიწადში საშუალოდ 2.5%-თან შედარებით. სავალუტო შემოდინებების ფონზე, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები მაისში თვიურად 531 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 7.0 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. ინტერვენციების შესახებ ოფიციალური მონაცემები თვის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა სავარაუდოა, რომ მაისში, ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ერთ თვეში ყველაზე მსხვილი შესყიდვები დაფიქსირდა. თავის მხრივ, ინფლაციის დინამიკას დიდწილად კვლავ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე გაძვირებული ნავთობი განაპირობებდა, ხოლო საკვებზე ფასების ზრდა გარკვეულწილად შენელდა. მაისში წლიური ინფლაცია აპრილის 5.9%-დან 5.7%-მდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ საბაზო ეფექტებითაა განპირობებული, ვინაიდან სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში ფასები დამატებით 0.3%-ით გაიზარდა. თუმცა, მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ სეზონურად შესწორებული თვიური ინფლაცია აპრილთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია და მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა. როგორც ყოველთვიური, ასევე წლიური ინფლაციის მთავარ კომპონენტებად ბენზინი და დიზელი რჩება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმპორტული ინფლაცია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი - იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. უცვლელი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის აშშ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.65-ის ნიშნულზე იქნება. ამავდროულად, მიმდინარე პერიოდში, ლარის პროგნოზზე მოქმედი ფაქტორები უფრო გამყარებისკენაა გადახრილი. მათ შორის, ეროვნული ვალუტა წონასწორულ ნიშნულთან შედარებით ჯერ კიდევ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. აგრეთვე, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციური გადავადება კონფლიქტის რეზოლუციის სცენარში მოსალოდნელი სავალუტო გადინებების გადავადებასაც მოიაზრებს. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ესკალაციას, ლარზე წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით, დიდწილად ნეიტრალურია, თუმცა, სასაქონლო პროდუქციაზე გლობალურად გაზრდილი ფასების შედარებით გრძელვადიანი პერიოდით შენარჩუნების შემთხვევაში, ექსპორტზე დადებითი გავლენაც, შესაძლოა, მიმდინარე მოლოდინებზე ხანგრძლივი გამოდგეს.
საპირისპიროდ, აღსანიშნავია ინტერნეტის გადასახდელი, რომელიც მაისში კიდევ ერთხელ შემცირდა და 2024 წლიდან, რამდენჯერმე კლების ფონზე, ინფლაციაზე უარყოფითი მიმართულებით მოქმედებს. წლიურად 5.4%-მდე შენელდა საკვების ინფლაცია, რაც დიდწილად კარტოფილის ფასების საბაზო ეფექტს უკავშირდება (-0.4 პროცენტული პუნქტის კონტრიბუცია წლიურ ინფლაციაში), თუმცა, ჩვენი შეფასებით, საკვებზე ფასები სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილშიც შემცირდა, 0.5%-ით.
თიბისი კაპიტალი ინფლაციის პროგნოზს წლის ბოლოსთვის უცვლელად 6%-ზე ინარჩუნებს. გასულ 24 საათში ახლო აღმოსავლეთში კვლავ ესკალაციის ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის რეზოლუციის ვადებსა და პირობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ორშაბათს დილის საათებში, ვაჭრობის განახლების შემდეგ, ნავთობის ფასები დამატებით 5%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჩვენი საბაზო სცენარი კონფლიქტის მნიშვნელოვან გამწვავებას არ მოიაზრებს. მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის დინამიკაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კვლავ სასაქონლო პროდუქციაზე - მათ შორის, ნავთობზე, სასუქებზე, მეტალებზე, საკვებზე და ა.შ. - გლობალური ფასების ცვლილება მოახდენს. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007525-macro-update-georgia
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)