05:16 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 11:38:25, 333 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბავარიის ვიცე-პრემიერს, ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრს, იოაჰიმ ჰერმანს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ბავარიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის პრეზიდენტი რობერტ ჰაიმბერგერი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური ასპექტები, მათ შორის, ორგანიზებული დანაშულის და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

როგორც ბავარიის ფედერალური მიწის შს მინისტრმა განაცხადა, ბავარიაში საქართველოდან ჩასული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი, სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. თუმცა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და ქვეყნებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. იოაჰიმ ჰერმანის თქმით, „გერმანულმა მხარემ კარგად იცის, რომ საქართველოში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით არ იდევნებიან. ამდენად, ბავარიაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოსულ პირთა 99 %-ზე მეტს უარი ეთქვა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი „თავშესაფრის მაძიებლების“ საკითხის განხილვის ევროკავშირში არსებულ გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, ქვეყანაში დარჩნენ და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობით დაკავდნენ. შესაბამისად, ჩვენი ინტერესია, რომ ამ არაჯანსაღ მიდგომას საერთო ძალისხმევა დავუპირისპიროთ“.

თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა: „ ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები ბავარიის მიწაზე დანაშაულის ჩამდენ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის პირთა ოცეულშიც კი არ ხვდებიან, სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. მართალია, დანაშაული გერმანიაში ხდება, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემაცაა. საჭიროა, ურთიერთთანამშრომლობით უფრო კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ამ მაჩვენებლის მინიმუმამდე შესამცირებლად. როგორც პრაქტიკოს პოლიციელს, რომელმაც კარიერა რიგითი გამომძიებლობიდან დავიწყე, კარგად მესმის, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფორმაციას ენიჭება. ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას გამოვხატავ, თანამშრომლობა როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე კიდევ უფრო გავაღრმავოთ.“

ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილს საპოლიციო თანამშრომლობის საფუძველზე მიღწეული პოზიტიური შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს პოლიციის ატაშეს ეფექტურ მუშაობას გერმანიის 16 ფედერალურ მიწაზე. იოაჰიმ ჰერმანის თქმით, საქართველოში რეადმისიის მოთხოვნით გაგზავნილი განცხადებების თითქმის 100% შესრულდა, რაც წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

როგორც საქართველოს შს მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ვინაიდან გერმანია ფედერალური ქვეყანაა, ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობას, არსებული ვითარების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრთან შეხვედრამდე, გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით სხვა ფედერალურ მიწებსაც ეწვევა.

ბავარიის ვიცე-პრემიერმა, ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრმა იოაჰიმ ჰერმანმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics