|
2016-03-24 16:33:33, 469 ნახვა
პოლიტიკა
IDFI: კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ე.წ. ოდეერების საქმიანობის მონიტორინგს მნიშვნელოვნად გაართულებს
ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ე.წ. ოდეერების საქმიანობის მონიტორინგს მნიშვნელოვნად გაართულებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ვარაუდისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებში - მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში - კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ ე.წ. „ოდეერები." მათივე განცხადებით, აღნიშნული აუცილებელს ხდის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს პარლამენტისათვის გაგზავნილი მოთხოვნის შესრულებას, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. IDFI -ის აზრით, კომისიამ მიმდინარე მოვლენების შესწავლის პარალელურად, აგრეთვე, უნდა იმსჯელოს 2015 წლის ზაფხულში გატარებული რეფორმის ეფექტიანობაზე და „ოდეერის" ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე. "საქართველოში არსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ხელმისაწვდომობის სისტემა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს და გაეცნოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის მოცემულ ჩანაწერს 2015 წლის 27 ოქტომბერს დაემატა დათქმა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციები „რომლის თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული“ (ცლილება ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა). აღსანიშნავია, რომ არც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა არ მოიცავს კონკრეტულ მითითებას იმაზე, თუ რომელ თანამდებობას შესაძლებელია ქონდეს მინიჭებული გრიფი საიდუმლო. ნაცვლად ამისა, მოქმედ კანონმდებლობაში არის მითითება, რომ საიდუმლოს წარმოადგენს ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში კონფიდენციალურად თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სათანადო საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან. სადავოა, თუ როგორ არის შესაძლებელი ქონებრივი მგომარეობის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები ამჟღავნებდეს კონკრეტულ პირთა უსაფრთხოების სტრუქტურებთან კონფიდენციალური თანამშრომლობის ფაქტებს. ამასთან, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის აღნიშნული ჩანაწერი არის ძალზედ ბუნდოვანი და ანიჭებს მთავრობას ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას შეზღუდოს წვდომა ქვემოთ ჩამოთვლილ იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციებთან, რომლებსაც არსებული მდგომარეობით ეკისრებათ ვალდებულება წარადგინონ დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროში: 1. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; 2. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; 3. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; 4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; 5. საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები. ამავე დროს, საქართველოს უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტს, შესაბამისად, მათ არ ჰყავდათ ე.წ. „ოდეერი“ და არც უნივერსიტეტს უნდა ჰყოლოდა. თამარ სანიკიძის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ გარკვეულმა ჯგუფებმა ღიად დაასახელეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებული ე.წ. „ოდეერები“, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პირები მაღალ თანამდებობას იკავებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრს, ღია წერილით მიმართა აგრეთვე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა, რომელმაც წერილში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, მოითხოვა შესწავლილი ყოფილიყო ე.წ. „ოდეერების“ საკითხი როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ისე საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში. ზემოთ მოყვანილი ფაქტების წარმოდგენის შემდგომ, IDFI შეეცადა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოერკვია, რამდენად ჰქონდათ კავშირი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამდებობის პირებს ე.წ. „ოდეერის“ საქმიანობასთან. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის ზურაბ გეგუჩაძის 2016 წლის 7 მარტს განთავსებული ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება 2015 წელს წარმოადგენდა „სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში“ სამმართველოს უფროსს. ამავე 2015 წელს, ზურაბ გეგუჩაძე ასევე იყო სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ IDFI-ის მიერ ჯერ კიდევ 2015 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ ზურაბ გეგუჩაძე წარმოადგენდა ე.წ. „ოდეერს“, რომელიც კვლევის პერიოდისათვის დასაქმებული იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პიროვნება მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე იღებდა გარკვეულ შრომის ანაზღაურებას, თუმცა მის მიერ ქონებრივ დეკლარაციებში აღნიშნული ფაქტი არ არის დაფიქსირებული და მის სამუშაო ადგილად მითითებულია მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. აღნიშნულ პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 2014 წელს შეადგინა 66 895 ლარი, ხოლო 2015 წელს - 35 786 ლარი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ განვლილი წლების განმავლობაშიც მაღალი თანამდებობის მქონე ე.წ. „ოდეერების“ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ხშირ შემთხვევაში პროაქტიულად არ იყო ხელმისაწვდომი და მათი მოძიება IDFI-იმ მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროსგან გაგზავნილი მოთხოვნის შედეგად შეძლო. კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილების შემდეგ სუს-ის შესაბამისი დეპარტამენტისა და სამსახურების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციების მოძიება სავარაუდოთ შეუძლებელი იქნება როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, ისე მათი მოთხოვნის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მოცემული ცვლილება უნდა შეფასდეს, როგორც ანგარიშვალდებულების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი. ზემოთ წარმოდგენილი ფაქტები, იძლევიან საფუძვლიან ეჭვს ვარაუდისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ ე.წ. „ოდეერები“. აღნიშნული აუცილებელს ხდის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს პარლამენტისათვის გაგზავნილი მოთხოვნის შესრულებას, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისიამ მიმდინარე მოვლენების შესწავლის პარალელურად, აგრეთვე, უნდა იმსჯელოს 2015 წლის ზაფხულში გატარებული რეფორმის ეფექტიანობაზე და „ოდეერის“ ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე",-ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)