09:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-13 19:44:19, 923 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 26 ოქტომბერს, 19 საათზე, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო მოძრაობებმა, სტუდენტებმა და პოლიტპატიმრების ოჯახებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის თავზე გამართავენ საპროტესტო მსვლელობას. მარში 26 ოქტომბერს, 19 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდეა დაგეგმილი.

ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალ არჩევნებს და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.

"26 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რეჟიმმა არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს წაართვა ხმა, რომლებსაც ცვლილება სურდათ, არამედ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა - ღირსებით წაყვანას დაპირდა ევროპისკენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე უღალატა.

რეალურად, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ივანიშვილის რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი საკონსტიტუციო გადატრიალების გასაფორმებლად - ამის მკაფიო დასტური იყო 28 ნოემბერს რეჟიმის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის და სახელმწიფოებრიობის დათმობაზე გაკეთებული განაცხადი. ახდა მერაბ კოსტავას წინასწარმეტყველება - ჩვენ მოვესწარით საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ისიც გაცხადდა, რომ თუ ბრძოლას შევწყვეტთ, მოპოვებულ თავისუფლებას ვკარგავთ.

კონსტიტუციით გარანტირებული უზენაესი არჩევანის, ევროატლანტიკური მომავლის და რეალური ეროვნული დამოუკიდებლობის წართმევას ქართული საზოგადოება უწყვეტი წინააღმდეგობით შეხვდა, რასაც დღესაც აგრძელებს - რეპრესიების, დაშინების, ძალადობის და თავისუფლების აღკვეთის მიუხედავად.

რეჟიმი ყოველდღიურად აღრმავებს საერთაშორისო იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ეროვნულ დამოუკიდებლობას, რომელსაც ისტორიულად ყოველთვის ვკარგავთ, თუ რუსეთის პირისპირ მარტო ვრჩებით, რადგან რუსეთის ამოცანა მეზობელი სახელმწიფოების განადგურებაა. მისი შემაკავებელი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და დასავლეთის მხარდაჭერაა - ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს როგორც ერთს, ისე მეორეს აკარგვინებს.

რეჟიმი მორალურ იზოლაციაშია, რაც, საერთაშორისო წნეხთან ერთად, აღრმავებს რეჟიმის შიგნით კლანურ დაპირისპირებებს. ძალაუფლების შენარჩუნებას ის შიშის კულტივაციით ცდილობს, მაგრამ პროტესტს შიშით ვერ აკავებს. პროტესტის ძალის დემონსტრაცია იყო 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული ფარსის მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულება - გაყალბებული რიცხვებითაც კი ნათლად ჩანს, რომ რეჟიმს ძირი მორყეული აქვს - ამომრჩევლის ორ მესამედზე მეტი არჩევნებზე არ მივიდა.

ასეთ ვითარებაში, შედეგის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ არ მიეცეთ ამოსუნთქვის შესაძლებლობა და დაინახონ, რომ ჩვენი ძალა და ნებისყოფა არსად წასულა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქართველოში ბრძოლა მიდის არა ივანიშვილსა და ოპოზიციას, არამედ რუსული ყაიდის ავტოკრატიასა და დემოკრატიას, საბჭოთა წარსულსა და თავისუფალ მომავალს, ერთი კაცის ახირებებს მორგებულ, ოლიგარქიულ მმართველობას და ქართულ საზოგადოებას შორის.

ამ ბრძოლაში გამარჯვების პოტენციალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრულ, პრინციპულ, არაძალადობრივ სახალხო წინააღმდეგობას, რომელიც აშკარაა, რომ არა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებას, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის სისტემურ გადატვირთვას, დემოკრატიზაციას და საზოგადოების ინტერესების სამსახურში ჩაყენებას ითხოვს.

სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და ღირსეული, ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, ვისაც გაბრაზებთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ვინც იცით, რომ მხოლოდ დემოკრატიული ერთობით, ნებისყოფით, სიმტკიცითა და თანმიმდევრულობით შევძლებთ ეროვნული ამოცანების მიღწევას, შევიკრიბოთ 26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე და პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ისევ ძალიან ბევრნი ვართ, ისევ არ ვთმობთ და ისევ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე!

26 ოქტომბერს, 19 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და ვითხოვთ მთავრობის გადადგომას, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალ არჩევნებს და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics