11:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-20 19:47:50, 2089 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანი აქტაუსთან ახლოს მომხდარი თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამზადებს დოკუმენტებს, რათა საერთაშორისო სასამართლოებში გაასაჩივროს რუსეთი აქტაუსთან ახლოს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ გამოცემა Minval-ი იტყობინება, წერს „ევროპული პრავდა“.

ალიევის თქმით, ინციდენტის გარემოებები „დღესავით ნათელია“, თუმცა შვიდი თვეა აზერბაიჯანს რუსული მხარისგან არანაირი მნიშვნელოვანი რეაგირება არ მიუღია.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი, აღნიშნა ალიევმა, შეკითხვებს უგზავნის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, მაგრამ პასუხად მხოლოდ ერთ რამეს ისმენს: „გამოძიება მიმდინარეობს“. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამ პოზიციას კონტრპროდუქტიული უწოდა და დაადასტურა ოფიციალური ბაქოს განზრახვა, მიმართოს საერთაშორისო სამართლიანობას.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა რუსეთს აცნობა შესაბამისი სარჩელის შეტანისთვის დოსიეს მომზადების შესახებ.

ალიევმა გაიხსენა, რომ მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის გამოძიება ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა.


„ჩვენ მზად ვართ ათი წელი დაველოდოთ, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს. სამწუხაროდ, სიტუაცია, რომელიც ამჟამად გაურკვეველია, ხელს არ უწყობს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, - თქვა მან.

ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს AZAL-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ნათელი წარმოდგენა აქვს და ეს ინფორმაცია რუს ოფიციალურ პირებსაც აქვთ. „ისმის კითხვა: რატომ არ აკეთებენ ისინი იმას, რასაც ნებისმიერი მეზობელი გააკეთებდა მსგავს სიტუაციაში?“ — აღნიშნა მან.

ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ რუსეთმა აღიაროს დანაშაული, პასუხისგებაში მისცენ თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი პირები, გადაუხადონ კომპენსაცია დაღუპულთა ოჯახებს და აუნაზღაურონ AZAL-ის მიერ მიყენებული ზარალი.

2024 წლის 25 დეკემბერს, ყაზახეთში, აქტაუს მახლობლად, Azerbaijan Airlines-ის Embraer-ის თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ჩამოვარდა. ავარიას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავს მიწიდან ესროლეს.

4 თებერვალს, აზერბაიჯანის მთავრობის წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ ქვეყანას ჰქონდა საბოლოო დადასტურება, რომ თვითმფრინავი რუსულმა „პანცირ-S“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ივლისის დასაწყისში აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა აჩვენეს ჩანაწერი, რომელშიც ისმის AZAL-ის რეისზე ცეცხლის გახსნის ბრძანება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics