|
2025-06-06 13:40:52, 950 ნახვა
სამართალი
SJC - შესაძლოა, 5 დღეში, თემურ ქათამაძე საქართველოდან იძულებით გააძევონ
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, შესაძლოა, ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 5 დღეში იძულებით გააძევონ საქართველოდან. 5 ივნისს სააპელაციო სასამართლომ ქათამაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლითაც ის მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მისი ქვეყნიდან გაძევევების გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს მოუწოდებს, საქართველოდან თემურ ქათამაძის იძულებითი გაძევება არ დაუშვას. ქათამაძის საქმეზე სასამართლო დავები ეროვნულ დონეზე უკვე დასრულდა და 5 დღის შემდეგ, შესაძლოა, მიგრაციის დეპარტამენტმა ის იძულებით გააძევოს საქართველოდან [...] თემურ ქათამაძეს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის 5-დღიანი ვადა აქვს, თუმცა, იმის გამო, რომ მისი თურქეთის პასპორტი ვადაგასულია (და მას პრაქტიკულად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს), ის ამ უფლებით პრაქტიკულად ვერ სარგებლობს. ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ განცხადებით მივმართეთ მიგრაციის დეპარტამენტს და მოვითხოვეთ, ოფიციალურად მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელთა წარდგენაც აუცილებელია იმისთვის, რომ თემურ ქათამაძემ შეძლოს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობით შესვლა დასაშვებია. მიგრაციის დეპარტამენტს ამ წერილზე ამ დრომდე პასუხი არ გაუცია, რაც ქათამაძისთვის მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყნიდან ნებაყოფლობით გასვლის უფლების რეალიზებას. ამ პირობებში, შესაძლოა, თემურ ქათამაძე იძულებული გახდეს თავად წავიდეს თურქეთში, ან 5 დღის ვადის ამოწურვის შემდეგ, მიგრაციის დეპარტამენტის იძულებით ღონისძიების ფარგლებში გაძევდეს თურქეთში". - წერს ორგანიზაცია. ორგანიზაციის განცხადებით, ქათამაძეს თურქეთში პატიმრობა ემუქრება, რადგან მას ფეჰთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებენ. SJC წერს, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა და სასამართლომ ეს რისკები არ გაითვალისწინა. "სამწუხაროდ, ქართული მართლმსაჯულების სისტემამ ვერ შეძლო ბათუმელი მედროშის უფლებების დაცვა და მისი სათანადო დაცვა თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მაღალი რისკებისგან. ამის საპირისპიროდ, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლოებმა კოორდინირებულად უგულებელყვეს მისი ინტერესები და მოთხოვნები. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია და საბოლოოდ თემურ ქათამაძემ შეძლო ოფიციალური საქმის მასალების წარდგენა იმ ახალი გარემოებების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს თურქეთში მის მიმართ პოლიტიკური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვის რისკებს, არც სასამართლომ და არც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ეს გარემოებები მხედველობაშიც კი არ მიიღო". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს. ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)