07:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 15:36:37, 769 ნახვა

საზოგადოება
აუდიტი - 2022-23 წლებში სებ-ის 8 თანამშრომელზე გაცემული პრემია დასაბუთებული არ იყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2022-2023 წლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩატარებული "კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის" აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საანგარიშო პერიოდში, 8 თანამშრომელზე გაცემული 48 349 ლარის პრემია არ იყო საკმარისად დასაბუთებული. 

აუდიტის სამსახურის ცნობით, არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი მოხსენებითი ბარათები, რომელში იქნებოდა ინფორმაცია თანამშრომელთა განსაკუთრებულ დატვირთვასა და შესრულებულ სამუშაოზე. 

გარდა ამისა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2022 წელს სებ-ის 12 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ 37,704 ლარით გადააჭარბა დადგენილ ზღვარს.

აუდიტის სამსახურის ცნობით, საკვლევ პერიოდში, ასევე დაფიქსირდა ხარვეზები ზეგანაკვეთურ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით.

"2022-2023 წლებში სებ-ის თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას არ იყო გათვალისწინებული მოხელეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობისთვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. 

2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში სებ-ის 43 თანამშრომლის მიერ კვირაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი 518 საათის მიხედვით გაცემულმა დამატებითმა ანაზღაურებამ 22,427 ლარი შეადგინა, თუმცა დოკუმენტურად არ დასტურდება, რა სახის სამუშაოს შესრულება დაევალათ მათ. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-ში დამტკიცდა ახალი შინაგანაწესი, რომელშიც გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების და ანაზღაურების წესი". - წერია აუდიტის ანგარიშში. 

ასევე გამოვლინდა ხარვეზი თანამშრომელთა წახალისების წესში, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს.

აუდიტის დასკვნით, 2023 წლის აგვისტოსა და დეკემბერში სებ-ის 604 თანამშრომელზე გაიცა სადღესასწაულო პრემია. უქმე დღეებთან დაკავშირებით თანამშრომელთა პრემირების სებ-ის მიერ დადგენილი წესი, არ არის სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.

გარდა ამისა, დარღვევები გამოვლინდა სებ-ის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებშიც, კერძოდ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, მიუხედავად, იმისა, რომ სებ-ს არ დაურღვევია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, გამოცხადებულ 2 ტენდერში, შესაძლოა ჰქონოდა საშუალება მომსახურება შეეძინა 20,400 ლარით ნაკლები ღირებულებით. 

"საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა მნიშვნელოვანია შესყიდვის წარმატებით ჩატარებისა და სებ-ის რესურსების არაეკონომიურად განკარგვის რისკების მინიმიზაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2022-2023 წლებში ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელებისას სებ ითვალისწინებდა შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებს ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ვერ განისაზღვრა საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული თანხით და ტენდერებში დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი კლება". - წერია აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ხელფასი კანონის მიღების გარეშე გაეზარდათ. აუდიტი გასცემს რეკომენდაციას, რომ დამატებითი სარგოს ოდენობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

"2016 წელს საქართველოს პარლამენტს მიენიჭა უფლებამოსილება, განესაზღვრა სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგო, თუმცა მისი ოდენობა პარლამენტს შესაბამისი სამართლებრივი აქტით არ დაუმტკიცებია. ასეთ შემთხვევაში, საბჭო ამტკიცებს საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობას, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით 2023 წლამდე შეადგენდა 6,500 ლარს, ხოლო 2022 წლის ნოემბერში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან მისი ოდენობა განისაზღვრა 10,400 ლარით. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა, მნიშვნელოვანია სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობა დაადგინოს პარლამენტმა". - წერია აუდიტში.

2022-2023 წლებში სებ-ში "პერსონალის შენახვის ხარჯების" მუხლით გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა 81,977,761 ლარი შეადგინა:





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics