14:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 14:04:11, 703 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამათლო: იუსტიციის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებები ჩვენს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება  და მიიჩნევს, რომ  თეა წულუკიანმა  აშკარა უპატივცემულობა გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი თითოეული წევრის მიმართ. 

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, იუსტიციის მინისტრის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისადმი და სასამართლოსადმი მსგავსი დამოკიდებულების გამოვლენა შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, არამედ ასევე დამაზიანებელია ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის.

"მინისტრმა  განაცხადა, რომ მისი საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მოღვაწეობის დასრულება.

მიგვაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისადმი და სასამართლოსადმი მსგავსი დამოკიდებულების გამოვლენა შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, არამედ ასევე დამაზიანებელია ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის. იმავდროულად, იუსტიციის მინისტრისა და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას და აღიქმება როგორც ამ ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა, რამაც ასევე შესაძლოა წაახალისოს გარკვეული ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მიიღეს მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება. აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიება.

შევახსენებთ იუსტიციის მინისტრს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოთა (აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება. საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის ძირითადი კანონით მინიჭებული აქვს მანდატი, შეზღუდოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციით მისთვის დადგენილ უფლებამოსილებებს აჭარბებს და გაუმართლებლად ერევა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში. პოლიტიკური თანამდებობის პირს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა დამოკიდებულების გამოხატვის ფორმა და შინაარსი განსაზღვრავს კანონის უზენაესობის პრინციპისადმი მის დამოკიდებულებას, ავლენს მის პოლიტიკურ კულტურას.

საკონსტიტუციო სასამართლოს, სამწუხაროდ, ახსოვს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული არაკორექტული და გაუწონასწორებელი არაერთი განცხადება. რაც უფრო მეტი იყო საქმისადმი პოლიტიკური ინტერესი, მით უფრო მძაფრი იყო მინისტრის რეაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ამასთან, როგორც წესი, მისი განცხადებები არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტებს, არის უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მომავალში მაინც მოახერხებენ ისაუბრონ და იმოქმედონ ისე, როგორც ეს მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს შეეფერება", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics