09:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 11:41:05, 461 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის მერია ელექტროდამტენების მონტაჟზე აუქციონს აცხადებს

თბილისის მერია აუქციონს აცხადებს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელიც კიდევ 200-მდე ლოკაციაზე განთავსდება.  

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, შევეხო დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - სატრანსპორტო პოლიტიკას. იცით, რომ ამ მიმართულებით პირველივე დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, დედაქალაქში გადაადგილება იყოს სწრაფი, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. გარდა ამისა, სრულად განვაახლეთ ავტობუსების პარკი, მიკროავტობუსები, მიმდინარეობს მეტროზე მუშაობა, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ვაგონების შესყიდვაზე, სრულად შევცვალეთ ძალოვანი კაბელები, ასევე, მოვაწესრიგეთ გამნიავებელი სისტემები და ახალი აგრეგატები იქნა დაყენებული. ვიწყებთ მეტროსადგურების განახლებასაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომობილების წახალისებას.

„ვაცხადებთ აუქციონს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელზე მოთხოვნაც უფრო და უფრო მზარდია. აღნიშნული აუქციონის ფარგლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ელექტროდამტენი 200-მდე ლოკაციაზე დამონტაჟდება. აუქციონი გამოცხადდება სამ ლოტად. თითოეულ ლოტში თანაბრად გადანაწილდება დასამონტაჟებელი დამტენების რაოდენობა;  თითოეული მათგანი უნდა იყოს სწრაფად დამტენი აპარატი; აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, აპარატები დაამონტაჟოს და ფუნქციონირება დაიწყოს არაუგვიანეს რვა თვის განმავლობაში; საიჯარო ვადა იქნება 10 წელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული აუციონის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ელექტრომობილების მომსახურება კიდევ უფრო გაუმარტივდება, მთლიანობაში კი პროცესი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებას, რაც თავის მხრივ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებასა და ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

კახა კალაძემ მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პირობებით და აუქციონში ჩაერთონ.

მისივე თქმით, განაცხადების მიღება 20 კალენდარული დღის განმავლობაში იწარმოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics