20:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 20:13:46, 599 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს EU-ის გაფართოების შესახებ ანგარიშს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

როგორც გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და იმეორებს მზადყოფნას, მათ ევროპულ გზას მხარი დაუჭიროს.

ამავე ანგარიშში ევროკავშირის საბჭო ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას და ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.

„ევროპული საბჭოს ბოლოდროინდელი დასკვნების გათვალისწინებით, საბჭო ხელახლა ადასტურებს კავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე.  ამავე დროს, ის იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას იმ კურსის მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან, აგრეთვე სხვა კანონებთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება და წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის მისაღებად კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯების გაუარესებას.

საბჭო იხსენებს, რომ ევროპული საბჭო 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში აღნიშნავდა, რომ ასეთი მოქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, რაც ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. საბჭო სინანულს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის უახლეს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელი პირები - დასჯილი.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას და მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რაც შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს. საბჭო ხაზს უსვამს იმ ცხრა ნაბიჯის განხორციელების მნიშვნელობას, რომლებიც კომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ კომუნიკაციაში იყო მოცემული.

საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების სფეროებში უკუსვლის გამო. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და პლურალიზმის, აგრეთვე LGBTI პირთა უფლებების.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის გადამწყვეტი კომპონენტია, საბჭო მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს, რომ მისმა ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს ფუნქციონირება შეზღუდვების გარეშე და პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს.

საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე ხარვეზითა და დაძაბული, უაღრესად პოლარიზებული გარემოთი ხასიათდებოდა.

დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების პირობების გაუმჯობესების მიზნით, საბჭო მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს, გამოიძიოს და განიხილოს საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები, განიხილოს ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების რეკომენდაციები. ასევე იხსენებს, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა ცხრა ნაბიჯის ნაწილია.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს კონკრეტული ქმედებები მზარდი პოლარიზაციის დასაძლევად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა, როგორიცაა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია.

საბჭო წუხილს გამოთქვამს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უკან დახევისა და ზოგადად, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მზარდი ნაკლებობის გამო. ჯერ კიდევ საჭიროა არსებითი ძალისხმევა სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმისთვის, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. არანაკლებ მნიშვნელოვანია კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ძლიერი გამოცდილების შექმნა და დეოლიგარქიზაციის ქმედებების განხორციელება...

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფოდ შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის დარჩენილი კრიტერიუმები, მათ შორის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფით, დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნების აღმოფხვრით და ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფით.

საბჭო მხედველობაში იღებს საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების გაგრძელებას.

საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ არის ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის საშუალებით.

საბჭო კვლავ გამოხატავს მტკიცე მოლოდინს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებსა და შემზღუდავ ზომებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად, როგორც უმთავრეს პრიორიტეტს, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების ჩათვლით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად.

საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციების საწინააღმდეგო ქმედებებისა და განცხადებებისგან. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით, თანამშრომლობა გააგრძელოს“,- აღნიშნულია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics